პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპამ რაც შეიძლება მეტი თანხა უნდა დახარჯოს უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აფრთხილებს ევროპელ კოლეგებს , რომ ევროპა «ომამდელ ეპოქაშია», მაგრამ «დიდი გზა აქვს გასავლელი», სანამ მზად იქნება სამომავლო საფრთხეებთან გამკლავებისთვის. მან განაცხადა, რომ ახლა ყველაზე დიდი შეშფოთება არის ის, რომ „თითქმის ნებისმიერი სცენარი შესაძლებელია“ და დასძინა, რომ ევროპას მსგავსი ვითარება 1945 წლის შემდეგ არ შექმნია, წერს Politico.
«არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია. ის რეალურია, სინამდვილეში ის უკვე დაიწყო ორ წელზე მეტი ხნის წინ», — განაცხადა ტუსკმა რამდენიმე ევროპულ მედიასთან ინტერვიუში.
უკრაინაში რუსეთის ყოვლისმომცველი ომის ფონზე, დასავლელი მოკავშირეები და სამხედრო მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი ძალადობის პოტენციური გავრცელებით, მაშინაც კი, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ უარყო ნატოზე თავდასხმის განზრახვა. გასულ კვირას რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, რის გამოც ვარშავამ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები დაუპირისპირა, რასაც ტუსკმა «შემაშფოთებელი ინციდენტი» უწოდა. მაგრამ ჰორიზონტზე არსებული პრობლემების გამო, ტუსკმა გააფრთხილა ევროპელი კოლეგები, რომ ევროპა არ არის მზად საფრთხის დასაპირისპირებლად.
„დღეს რაც შეიძლება მეტი თანხა უნდა დავხარჯოთ უკრაინისთვის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შესაძენად, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მომდევნო ორი წელი გადაწყვეტს ყველაფერს. თუკი ჩვენ ვერ შევძლებთ საჭირო რაოდენობის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის გადაცემას, თუ უკრაინა დამარცხდება, ევროპაში ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ“, — დასძინა მან.
ამავდროულად, ტუსკი მიესალმა დამოკიდებულების ცვლილებას, რამაც აიძულა ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, განსაკუთრებით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უფრო ხმამაღლა ილაპარაკოს საფრთხეზე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპის როლი იგივე რჩება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტუსკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პოლონეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ, მიუხედავად სხვადასხვა კამათისა, „მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია შეარყიოს მეგობრობა უკრაინასთან“.