ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბიუროს სხდომაზე ღორის სპერმის დარჩენილი 500 ლარიანი დავალიანების საკითხი განიხილეს. ეს თემა დღის წესრიგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად იყო ჩამოწერილი. არსებულ ბიუჯეტში კი ცვლილების სახით გათვალისწინებული 500 ლარი, სწორედ შეძენილი ღორის სპერმის დავალიანების დასაფარად იყო გამოყოფილი.
ბიუროს სხდომაზე კითხვა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელმა დავით მჟავანაძემ დასვა: რაში იღებს ფერმერთა გაერთიანება სუბსიდიას?
პასუხი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გასცა, რომ ეს წინა წელს შეძენილი ღორის სპერმის დავალიანება იყო.
ამ თემასთან დაკავშირებით დავით მჟავანაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“როდესაც ბიუროზე ეს საკითხი გამოიტანეს, ვიკითხე, რომ ლიკვიდირებულ სამსახურს რაში უნდა გადავუხადოთ 500 ლარი? გია მამაკაიშვილს (საფინანსო-საბიუჯეტი სამსახურის უფროსი) როგორც ჩანს მოერიდა პასუხის გაცემა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ მითხრა-მე გეტყვი, ეს არის ღორის სპერმის დავალიანებაო. ჩვენს მოსახლეობას, რომლის უმრავლესობა უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებშია და რომელიც ბიუჯეტიდან ფულს უხდის ხელისუფლებას ფუფუნებისთვის, მაღალი ხელფასებისთვის და პრემიებისთვის, ახლა იმის ვალდებულებაც დაეკისრა, რომ ღორის სპერმის ფული იხადოს”
