ანალიტიკაპუბლიკაციები

ნუ…

დავიწყებ მთავარი კითხვით: რატომ ვერ მივდივართ წინ? ერთადერთი პასუხია: არსებული სისტემის, კერძოდ კი, ბატონყმური (ფეოდალური) ურთიერთობების გამო.
თითქოს უცნაურია, როგორ ახერხებს 21-ე საუკუნეში ბატონების სულ რაღაც 1–3% ამდენი ყმის დამორჩილებას? საქმე იმაში გახლავთ, რომ ყმებიც თავის მიკრო- სოციუმში „პატარა ბატონები“ უკვე არიან ან ბატონობაზე ოცნებობენ. მომავალ ,,მიკრო- ბატონებს“ ხომ მხოლოდ „ჩაწყობის“ (ნეპოტიზმის) უკონკურენტო სისტემაში აქვთ შანსი. ამიტომ, რადგან ბატონობის სურვილი საყოველთაოა და ის ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი, სისტემა საკმაოდ მყარია – ის დიდ უმრავლესობას აწყობს.
დღეს ბატონყმობის დასაყრდენს წარმოადგენენ სექტები და კლანები, რომლებიც ნიშნავენ ბელადებსა და ცრუ ავტორიტეტებს. საერთო ინტერესით (ძალაუფლება, გავლენა, კეთილდღეობა) მტკიცედ შეკავშირებული ჯგუფები აყალიბებენ საკუთარი უპირატესობისა და პრივილეგიების დამასაბუთებელ დოქტრინას, რომლის მიხედვითაც სექტის ავტორიტეტები რატომღაც შეჯიბრის გარეშე ცხადდებიან წინასწარ განსაზღვრულ გამარჯვებულებად. ასეთია მასის „დაბოლების“ ტექნოლოგია – ბატონების „დიდი ტყუილის დიქტატურა“. სიცრუე იქცევა „სიმართლედ“ და ამ მოცემულულობას ყველა ემორჩილება, რომ მერე თავად გახდეს ,,ციცქნა ბატონი“ მაინც… ყველა სექტის კონიუნქტურას არის დაქვემდებარებული. ტყუილი მთლიანად ცვლის სიმართლეს, მორალი 180 გრადუსით არის ამოყირავებული. გარშემო მხოლოდ სიყალბეა და ადამიანები ვერც კი ამჩნევენ, რომ მათ სიცრუის სქელი ფენა ფარავს, რადგან სიმართლის არარსებობის პირობებში, შესადარებელი მაგალითიც კი გამქრალია…
ერთეულების დინების წინააღდეგ სვლა და სიმართლის გაცხადება კი სოციალური სიკვდილის ტოლფასია და ამიტომ ამას ვერავინ ბედავს. პირიქით, განსხვავებული აზრის გამომთქმელს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უცხადებენ – მეპროტესტე ხომ ბოტონებისა და ,,მომცრო ბატონების“ პატიოსნებასა და წარმატებას მეტად საეჭვოს ხდის.
ყოველივე აღწერილის შედეგი დამანგრეველია. კონკურენცია, როგორც ეკონომიკისა თუ ნებისმიერი დარგის მთავარი მამოძრავებელი ძალა, კვდება. სწორედ უკონკურენტო გარემოა მასების ნიჰილიზმისა და პასიურობის მიზეზი – რიგით ადამიანს წინსვლის არცერთი შანსი არ ეძლევა, მხოლოდ ისევ ბატონებთან მუხლის მოდრეკა და „ჩაწყობა“.
შედეგად, ვიღებთ უკანონობასა და შერჩევით სამართალს ანუ უსამართლობას – ბატონებისთვის ერთი კანონია, ყმებისთვის სხვა. ამიტომ ყველა იძულებულია, ისევ ფეოდალურ სისტემას დაემორჩილოს და განსხვავებული აზრის გამოთქმა ვერ გაბედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ზემოთ ვთქვი, ის სოციალური არენიდან გაქრება და მშიერი დარჩება. იძულებული იქნება, განდეგილის მარტოობაში დალიოს სული.
ჩვენში ყველა დარგი ბატონყმობაზეა აგებული: პოლიტიკა და სასამართლო, ეკონომიკა და ბიზნესი, ხელოვნება თუ სხვ. მხოლოდ მორჩილ ყმებს, რომლებიც ბატონების ქებისთვის „თავს დადებენ“ და ყველაფერზე წავლენ აქვთ პერსპექტივა.
უკონკურენტო სისტემა – ,,ხელი ხელს ბანს“, იგივე ,,დიდი ტყუილის დიქტატურა“ განაპირობებს კულტურისა და ეკონომიკის გამყინვარებას, ხაზინის ქურდობასა და კრიმინალს, ხალხის დუმილსა და გულგრილობას.
მანკიერი სისტემის სიცოცხლისუნარიანობაში ყველა მონაწილეობს: მთავრობაც, რომელიც მხოლოდ საკუთარ მომხრეებს უხსნის გზას და ოპოზიციური ელიტაც, რომელიც ხელისუფლების შეცვლაზე ოცნებობს, რომ შემდეგ საკუთარი სექტა გააბატონოს და „პროგრესული ბატონყმობა“ შემოგვთავაზოს.
დასკვნა კი ასეთია: სანამ ჩვენში ჯანსაღი კონკურენცია არ გაბატონდება, გამორიცხულია, რომ გვეშველოს – ერთი შანსიც კი არ გვაქვს! მხოლოდ ყველა სფეროში (დაწყებული პოლიტიკიდან, დამთავრებული მწერლობით) კონკურენციის წახალისება არის ბატონყმობის დასასრული (ამასობაში სასამართლოც გვექნება და ვინც კონკურენციის თანასწორუფლებიანობას დაარღვევს, კანონი აიძულებს, დაიცვას შეჯიბრის წესები). მხოლოდ თავისუფალი კონკურენცია აღვიძებს მასებში წინსვლისა და შენების ენერგიას.
P.S.
ერთს მაინც შეგახსენებთ: „ფეისბუქზე“ „ლაიქებით“ მაინც ნუ წაახალისებთ სექტების ცრუ ავტორიტეტების ბატონობას და „მცირე ბატონობის“ საკუთარ სურვილს ნუ შესწირავთ მსხვერპლად თქვენივე შვილების ბედნიერებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში, თქვენ არ გახდებით კონკურენციისა და შესაბამისად, მომავალი თაობის ცხოვრების დამახინჯების თანამონაწილენი. ნუ იზამთ ამას…
ზურა ოდილავაძე

Loading…

მსგავსი პოსტები

იზოლირებული წერილები (შვედეთის ,,ლიბერალური“ ალტერნატივა) III ნაწილი

Joni Kvaracxelia

«კარტოგრაფების დროებით განთავისუფლებით ივანიშვილი უმაგრებს პოზიციებს მის სატელიტს, ელისაშვილს რათა ისე შეიყვანოს პარლამენტში»

Joni Kvaracxelia

“ჩვენ არ გვჭირდება ახალი გზების ძიება, ჩვენ უნდა ვიაროთ უკან”- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი