სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ფაქტს ეხმაურება.
„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადების თანახმად, აფრიკის დასახლებაში 12 შენობა-ნაგებობის უნებართვოდ განთავსების შემთხვევა იქნა გამოვლენილი, რაც საფუძვლად დაედო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გატარებულ დემონტაჟის ღონისძიებებს.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტების არარსებობა და აღნიშნულ პირთა შესახებ ზუსტი სტატისტიკის არქონა სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს, რაზეც წლებია ვსაუბრობთ. ამასთანავე, გამოწვევაა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი. მართალია თბილისში ფუნქციონირებს ლილოს თავშესაფარი, სადაც არის თავისუფალი ადგილები, თუმცა იქ არსებული ფართები არ არის გათვლილი ოჯახების, მათ შორის არასრულწლოვანი პირებისთვის“,- აცხადებს ნინო ლომჯარია.