პუბლიკაციები

,,ნე უსპელ“

ამ ისტორიის მოყოლას ჩვენს მეგობარ ლადო დაშნიანს ვთხოვთ ხოლმე. იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა აქვს და ძალიან გვახალისებს.
ვინც იცის სოხუმი, კარგად ეხსომება ჭანბას ქუჩა. იწყებოდა ცენტრალური უბნიდან, თეთრი ხიდიდან და გრძელდებოდა თამარ მეფის ხიდამდე. სულ ქართველებით იყო დასახლებული და გამორჩეული თავისი კოლორიტულობით. ჭანბელობა (ანუ ჩამბელობა, როგორც ჩვენ ვამბობდით) მეტად საამაყო ტიტული იყო. აქ ძალიან ლაღი, მეგობრული, მშრომელი, გაგებული და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობდა. ჩემი მამა-პაპეული სახლიც ამ ქუჩაზე იყო 138-ე ნომერში და ბავშობისა და ყრმობის უამრავი მოგონება მაკავშირებს მასთან.
1989 წლის 15-16 ივლისის ქართველებზე მასობრივი შეიარაღებული თავდასხმის ცნობილი მოვლენების შემდეგ ჭანბელებმა ქუჩისათვის სახელის შეცვლა და თამარ მეფის გზატკეცილის დარქმევა გადაწყვიტეს. როგორც წესი და რიგი იყო, წარმომადგენლებად ავტორიტეტული მაცხოვრებლები აირჩიეს, შეგროვდა ხელმოწერები პეტიციაზე და ესტუმრნენ ქალაქის თავს. დელეგაციას ლადოს მამა ბატონი ვახტანგი ხელმძღვანელობდა.
იმხანად სოხუმის საბჭოს თავმჯდომარე იყო ჯონი გუბაზი. არ გახლდათ ურიგო პიროვნება. ქართველები მასზე უკმაყოფილო არ ვიყავით, აკეთებდა თავის საქმეს და პოლიტიკაში მაინცადამაინც არ ერეოდა.
გუბაზმა დელეგაცია საკუთარ კაბინეტში მიიღო. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ საქმეზე გადავიდნენ და დელეგაციის წევრებმა ქალაქის თავს პეტიცია გააცნეს. დიდხანს კითხულობდა გუბაზი არცთუ დიდ ტექსტს. შემდეგ სასოწარკვეთილმა თავი ხელებში ჩარგო.
— სამსონ ჭანბა ჩვენი უდიდესი დრამატურგია და მისი სახელი ქუჩას როგორ გადავარქვა?- აღმოხდა ბოლოს საგონებელში ჩავარდნილს.
— კი მაგრამ რა დაწერა ასეთი,- თანაგრძნობით ჰკითხეს დარბაისელმა სტუმრებმა მცირე პაუზის შემდეგ.
კიდევ უფრო დიდხანს ჩაფიქრდა ქალაქის თავი, ეტყობოდა ვერაფერს იხსენებდა. ბოლოს გამოსავალი მაინც იპოვა და სინანულით ჩაილაპარაკა:
— Не успел, Берия расстрелял (ვერ მოასარო, ბერიამ დახვრიტაო).
ყველამ იცის სოხუმის სანაპიროზე თეატრის დიდებული შენობა მითიური გრიფონების შადრევნითა თუ ულამაზესი შესასვლელით. არ არსებობს არცერთი სოხუმელი თუ სტუმარი, რომელსაც აქ ფოტოსურათი არ გადაეღოს. თეატრი ქართველებმა ააშენეს. არქიტექტორიც ქართველი იყო და მშენებელ-შემომწირველებიც. რუსულ საიტებზე შენობის ისტორიას ვერ იპოვით. გასაგებია რატომაც. აქა-იქ არქიტექტორის გვარს ჩხიკვაძეს თუ ამოიკითხავთ და მორჩა. გაუგებარია მხოლოდ, ქართულად რატომ არ იწერება ამაზე ელეტქრონულ პუბლიკაციებში. ისიც იცის ყველამ, რომ ბრეჟნევის ხანაში სწორედ ამ თეატრიდან ქართული დასი გამოაძევეს, მაგრამ ეს სხვა დროის სასაუბროა.
სოხუმის თეატრიც სამსონ ჭანბას სახელს ატარებს დღემდე და შესასვლელთან სწორედ მისი ძეგლია აღმართული. სოხუმელებს გვიყვარდა თეატრი, მაგრამ ჭანბას პიესებს არ ვიცნობდით, რადგან არ იდგმებოდა და ამჟამადაც, გასაგებია, ვერ გავიხსენებთ. ვიცოდით მხოლოდ, რომ ოდესღაც იყო ასეთი დრამატურგი, იყო და იყო. ახლახან ისევ გამახსენდა ისტორია გუბაზის კაბინეტში და დავინტერესდი სამსონ ჭანბას შემოქმედებით, თუ რატომ, ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. რაც მოვიძიე, უღრმესი თანაგრძნობით განმაწყო ქალაქის თავისა და თვითონ სამსონ ჭანბას მიმართ.
20 წელი იღვაწა ჭანბამ დრამატურგიაში და სულ 3 პიესა დაწერა. აქედან პირველი -,,მუჰაჯირები“ (1919 წ.) საკუთარია, მეორე -,,აფსნი ხანუმი“ (1923), პლაკატური აგიტპიესა და პლაგიატი ბოლშევიკების მენშევიკებთან ბრძოლის შესახებ, ბოლო სცენაში წითელი დროშის გამოტანითა და ,,ინტერნაციონალის“ დაგუგუნებით; ხოლო მესამე — ,,გამარჯვება“ (1931 წ.) თანაავტორთან ერთად რუსულიდან ნათარგმნი და მითვისებული სოფლად ხალხის მტრებთან ბრძოლის თაობაზე (რუსულ დედანში ,,პური“, ავტორი ვინმე კირშონი, მწერლების ცნობილი, ოფიციალური დამბეზღებელი, ბულგაკოვისეული იუდას პროტოტიპი ,,ოსტატი და მარგარიტადან“). ამის გარდა, ჭანბას ეკუთვნის ხუთიოდე ერთაქტიანი სააგიტაციო სკეტჩიც. აქედან, სამი ასევე პლაგიატი და ორი კიდევ საკუთარი მომცრო მოთხრობის ინსცენირებაა.
ავტორზე შტაბეჭდილების შესაქმნელად ტიპიურ მარგალიტს მოგიყვანთ ერთ-ერთი მძვინვარე ათეისტური სკეტჩიდან. ტექსტის დასასრულს სცენაზე შემოცვენილი კომკავშირლები რევოლუციური აღტკინებით ერთხმად სკანდირებენ: ,,ვაშა! მეტი არ გვინდა რაბინები, არ გვინდა მღვდლები, წავიდეთ ზევით, მაღლა ღრუბლებში და იქიდანაც გადმოვფერთხოთ ყველანი, ვინც იქ არის!“(,,ღმერთი საბაოთი“).
ამათგან სცენაზე მხოლოდ ,,მუჰაჯირები“ დაიდგა, ისიც დაწერიდან 10 წლის შემდეგ და ერთხელ ე.წ. აფხაზური დასის შექმნის სახელდახელო გამოცხადებისას. მიუხედავად იმისა, რომ ავტორმა სულ 4-სცენიანი პიესა გადაამუშავა, ორიოდე ახალი პერსონაჟებიც დაამატა, მაგრამ მაინც საკმაოდ უფერული გამოუვიდა. მხატვრული ღირებულებები პიესას ისედაც არ გააჩნდა და ამას ვერაფერს მოუხერხებდა, მაგრამ ჭანბამ შინაარსობრივადაც ვერ შეძლო თავდაპირველი ფაბულის შეცვლა. პირველ ვერსიაში მუჰაჯირობა ნაჩვენები იყო ისეთად, როგორც სინამდვილეში მოხდა — ნებაყოფილებითი ხასიათის და მხოლოდ რელიგიური მოტივებით განპირობებული. როგორ ჩანს, ფართხი-ფურთხით მოძიებული მტვერმოკიდებული პიესის ავტორს მუჰაჯირობისათვის დროის შესაბამისად ჰეროიკულობისა და ხალხის სოციალური პროტესტის ელფერის მიცემა დაავალეს. არაფერი გამოუვიდა ჭანბას. გაუგებარი დარჩა ვის, რატომ ან რისთვის ებრძოდნენ მისი ახალი გმირები.
დანარჩენ პიესა-სკეტჩებს სცენა არ უნახავთ. მათ სოფლებში გლეხებისთვის მინდორ-მინდორ დაატარებდა საგანგებოდ შექმნილი რამდენიმეკაციანი აგიტჯგუფი მრისხანე რევოლუციური სახლწოდებით ,,საშტურმო კოლონა“. ამ წარმოდგენების შესახებ აქა-იქ თუ დაწერდა ქრონიკებში იმდროინდელი ბოლშევიკური პრესა.
ასე რომ, ,,აფხაზური დრამატურგიის“ კლასიკა და კლასიკოსი რეალურად სულ ერთი პიესა და ერთი სპექტაკლი ყოფილა. თეატრალურ კრიტიკოსობაზე თავს არ ვდებ, თუმცა არა მგონია ოდესმე ვინმემ უფრო სერიოზული რამ დაწეროს ჭანბაზე, ვიდრე მოგახსენეთ. თუმცა, ის დღესაც ითვლება იქაურ კულტურის კორიფედ მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოასწრო!
ლადოს მონაყოლი გასული კვირის ერთმა ამბავმა გამახსენა და ისევ გულიანად გამაცინა.
გავრცელდა ცნობა, რომ გადადგა აფხაზეთის ,,ვიცე-პრეზიდენტი“ გაბნია. მისი არც სახელი ვიცოდით და არც გვარი. არც ის, ასეთი პოზიცია საერთოდ თუ არსებობდა საოკუპაციო სტრუქტურაში და ოთხი წელი ეს პერსონა იკავებდა. ერთადერთი მისი დანიშნულება ,,პრეზიდენტის“ მოვალეობის შესრულება ყოფილა, ამ უკანასკნელის ქმედუუნარობის შემთხვევაში. გადადგომა კი მეტად ტრაგიკული მიზეზით მომხდარა. ,,ვიცე-პრეზიდენტს“ ვიღაც თანამეინახე უკნიდან მიეპარა და თავში ჭიქა ჩასცხო.
საცოდავმა გაბნიამაც ვერ მოასწრო!
მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის. ამასობაში კიდევ ერთი, სულ ცინცხალი ამბავი გავიგე. 23 აგვისტოს სოხუმში ფილოლოგიის დოქტორმა ჩირიკბამ საკუთარი წიგნის პრეზენტაცია ჩაატარა სახელწოდებით ,,კატერინას საიდუმლო, ვინ იყო ლეონარდო და ვინჩის დედა?“. ავტორი მთელს იქაური ბომონდს სრული სერიოზულობით უმტკიცებდა, რომ ლეონარდო და ვინჩის დედა იყო მათი თანატომელი აფსუა. შექმნა თუ არა გენიალურმა იტალიელმა მისი არცთუ ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში რაიმე დედულეთელებისათვის ან მათ შესახებ, ჩირიკბას არ უთქვამს. არც ჩვენ ვიცით. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ეგზალტირებულ პუბლიკას დაჟინებით მოუთხოვია და ვინჩის გენეტიკური ექსპერტიზა.
ახლა უკვე საქმე სასაცილოდ ნამდვილად არ მქონდა.
სამსონ ჭანბასა და გაბნიას რას ვერჩი თურმე, როდესაც თვით დიდმა ლეონარდომაც ვერ მოასწრო!

მსგავსი პოსტები

ეროვნული სექსოლოგია

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ჯერ ლიდერთა შორის არ არის — თეიმურაზ ზაქრაძე

რისთვის არის საჭირო ღმერთი…

დატოვე კომენტარი