ნეტავი ვის უნდა დავაბრალოთ, რომ ჩვენ ასეთები არ ვართ?

0
295

საინტერესოა, ადამიანს რატომ უნდა სჭირდებოდეს ჰიგიენის დაცვაზე მითითება. არადა, მთელ მსოფლიოში სწორედ სისუფთავის დაცვისკენ მოუწოდებენ. მეტიც, ხელის დაბანას გვასწავლიან, გვაფრთხილებენ, სახეს ხელით არ შეეხოთ, ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვათ და არ ჩაეხუტოთ. მოგვიწოდებენ დალაგების, სწორი კვებისა და ვარჯიშის, იმიუნიტეტის ამაღლებასა და სხვა ისეთი რამისკენ, რაც ისედაც ვიცით და ისედაც უნდა კეთდებოდეს…
ზაფხულში ტრანსპორტში, რომ სუნით შეწუხებულები ვართ, მაშინაც უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი და ზოგადად, კარგად ჩანს, რომ ეს „კორონა“ ყოველივეს გაუცნობიერებლობის შედეგია, მიზეზი კი არა.
არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს არანაირი სუნი, არც სურნელი, მათ შორის არ ასდით. და თუ ძალიან ფაქიზი მგრძნობელობა გაქვთ და მაინც იგრძენით, ეს რომელიმე ძალიან ძვირიანი პარფიუმის მსუბუქი – ძნელად დასაჭიერი არომატია, ან ახლადდაბანილი ხელების დასაბანი საშუალების ნაზი სურნელი.
სისუფთავეზე მითითება აქ არავის სჭირდება, ისედაც დიდ დროს უთმობენ. დღეში სამჯერ დაბანა აუცილებლობას წარმოადგენს და ვინმემ არ მითხრას, რომ საქართველოში წყლის დეფიციტია და ეს არ მოხერხდება. სურვილი წყლის დეფიციტის დროსაც კი – ტანს ასჯერაც დაგაბანინებს.
დღეში რამდენიმეჯერ ტანზე გამოცვლა – ნორმაა და ერთმანეთის შეხება ზოგადად მიღებული არ არის. ხელის ჩამორთმევა, ჩახუტება და უბრალოდ შეხებაც კი – ძალიან ინტიმურ ქცევად ითვლება და მხოლოდ ძალიან ახლობელი, ან დიდიხნის მონატრებულ ადამიანებს შორის ხდება. სხვა შემთხვევაში უბრალოდ თავს ხრიან ერთმანეთის წინაშე და ამით გამოხატავენ იმას, რასაც დანარჩენი მსოფლიო ჩახუტებით, ხელის ჩამორთმევით, მტლაშა-მტლუშით და ვინ იცის კიდევ რომელი ველური ტომის დროიდან შემორჩენილი ჟესტით გამოხატავს.
აქ ადამიანები ერთმანეთისადმი დისტაცნიას იცავენ. მაღაზიაში, ბანკომატთან, ტრანსპორტის რიგში არავინ მოგასუნთქავთ ზურგში. სულ ცოტა, მეტრით მაინც არიან დაშორებული ერთმანეთს. ეს ნორმაა და არა იძულება და ეს ცხოვრების წესია.

Loading…

სეზონური ეპედემია, როგორც მთელ მსოფლიოში, აქაც არის ხოლმე. ამ დროს საზოგადოებრივი ადგილების სანიტარული დამუშავება მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ჩვეულებრივზე ხშირად ხდება. სხვათაშორის, ბევრ რამეს დღედაღამე ავტომატურ რეჟიმში აკეთებენ. მაგალითად, მეტროს, ან დიდი სუპერმარკეტების, ვაგზლების ესკალატორების სახელურები მუშავდება ანტიბაქტერიალური სადეზინფექციო ხსნარით. იატაკის ქვეშ ჩასულისთვის საგანგებო ავტომატი მუშაობს. თუ ადამიანების დაძაბული ნაკადი შეინიშნა, ამ ადგილებს გრაფიკით კი არა მუდმივად რეცხავენ.
ყველგან მთელ ქვეყანაში ტუალეტები უფასოა, წარმოუდგენლად სუფთა და ზედმიწევნით კარგად მოწყობილი. ყველგან ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას შესაძლებელია ხელები საპნით დაბანა და ზოგადად თავის წესრიგში მოყვანა. ბევრი საპირფარეშო საგანგებოდ არის აღჭურვილი საგანგებო მოედნებით, სადაც შესაძლებელია საცვლების, წინდების, ფეხსაცმელების, ან უბრალოდ ტანზე გამოცვლა და სხვა. თითქმის ყველა პროდუქტის მაღაზიაში არის საგანგებო ხელსაბანი საპნის დეზადორანტებით.
მაღაზიებში ყველა საჭმელი დაფასოებულია და გერმეტიულად შეფუთული. ჩვეულებრივი კარტოფილიც კი პოლიეთილენის პაკეტებით იყიდება. მართალია ყველა არა, მაგრამ ძირითადად ბოსტნეული შეუფუთავი იშვიათობაა. აქ ჩამოსულებს უკვირთ, როცა ადგილობრივ შოკოლადს ყიდვისთანავე უპირებენ გახსნას, ის კი უბრალოდ ფოლგაში არ არის გამოხვეული, გერმეტიულ კაპსულაშია დალუქული.
ამ ქვეყანაში თუ ვინმე ავად გახდა, არავის რომ გადასდოს, დაუყოვნებლის იკეთებს ნიღაბს და ეს ნორმაა. ამით ადასტურებს, რომ თავსაც და სხვებსაც უფრთხილდება.
სხვათაშორის ამ ქვეყანაში არ უყვართ საკუთარი ქვეყნიდან გასვლა. მათთვის გარე სამყარო აგრესიული, უცნაური და სახიფათოა. აქვე ბევრს დადიან, მოძრაობენ, ყოველ კუთხე-კუნჭულს სწავლობენ, ინტერესდებიან, აფასებენ, უყვართ, უფრთხილდებიან და ზრუნავენ მასზე.
აქ პროდუქტები ზედმიწევნით მაღალი ხარისხისაა და ძალიან მოკლე დროში გაუდის ვადები. აქ ძალიან უყვართ ჭამა და მსოფლიოში ყველაზე კატეგორიული მოთხოვნებია საკვების ხარისხისადმი. ძირითადად სითბურად დამუშავებულს მიირთმევენ კვერცხს, ზღვისპროდუქტებს, ბოსტნეულს, ხილს და სხვა. აქ საჭმელი წარმოუდგენლად ახალი და უმაღლესი ხარისხის სისუფთავით გამოირჩევა. უმი კვეცხისა და თევზის მირთმევა სრულიად უსაფთხოა. მირთმევა ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე შეიძლება და ასეც იქცევიან. ოღონდ, საკვებს უნდა ეწეროს, რომ მისი ჭამა უმად შეიძლება.
მართალია, ჭამა უყვართ, მაგრამ ამასთან ჭამისას მოზომილები არიან. მსუქანი ადამიანი, თვით სრულიად მოხუცებშიც (განსაკუთრებით ქალებში) იშვიათადაა. ძალიან მოძრავები არიან. ბევრს დარბიან, აქტიურად ერთობიან, თამაშობენ, სპორტს მისდევენ, რაც მათ ღრმა სიბერემდე სიმხნევეს და ძალას უნარჩუნებს.
ახლა მთელ მსოფლიოში კარანტინი მძვინვარებს: დაავადების ფართოდ გავრცელების შიშით განსაკუთრებულ დროს და ზომებს მიმართავენ. დაუმორჩილებლების გამო მკაცრად დასჯას ითხოვენ და მაინც ვერ მოუხერხებიათ.
ამ ქვეყანაში ყოველდღიური სისუფთავის დაცვის თანამედროვე ბუნებრივი წესია, რომელსაც დაბადებიდან მისდევენ და ამიტომაც ძვალსა და რბილიში აქვთ გამჯდარი, რასაც არც ერთ შემთხვევაში, არც კარანტინის და არც მის გარეშე არ დაარღვევენ.
საინტერესოა ისიც, რომ ვინც აქ დიდი ხნის წინ მოვიდა და დაფუძნდა სწრაფად იღებენ ამ წესებს და საკუთარ ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებიან და გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ.
ამიტომ ამ ქვეყნის ადამიანების თითქმის „მარადიული“ ახალგაზრდობა მხოლოდ გენეტიკით როდია განპირობებული. ყველაფერი, მათ შორის გარემო, კლიმატი, კვების პროდუქტები, ცხოვრების სტილი, კოსმეტიკა და სხვა წვრილმანი თუ მსხვილმანი, რისგანაც ზოგადად ცხოვრება შედგება, ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. აქ ყველაფერი ზედმეწევნით მიახლოებულია საჭირო და აუცილებელთან.
კიდევ უამრავი რამე შეიძლება მათზე ითქვას და ეჭვი არ მეპარება კარგად ხვდებით ვისზე, რომელ ქვეყანაზეა და მოსახლეობაზეა საუბარი.
დიახ, სწორი ბრძანდებით, ასე ცხოვრობენ იაპონელები, რომლებსაც ფაქტობრივად კუნძულებზე არსებობა ერგოთ წილად, მიწის, ბუნებრივი წყლების და ბევრი იმის გარეშე, რაც ჩვენ თავსაყრელი გვაქვს და ვერ გამოგვიყენებია.
ვის უნდა დავაბრალოთ?
სხვათაშორის, იაპონელები, საკუთარი თავის გარდა, არასდროს არავის არაფერს აბრალებენ.

ქეთევან ჩემია

paqtebi.ge

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ