საქართველოში გავითარებულ მოვლენებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საგანგებო განცხადებით ეხმაურება:
«ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ნატოში გაწევრიანების სწრაფვის მიმართ. ჩვენ ვაღიარეთ საქართველო კანდიდატ ქვეყნად იმ გაგებით, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის გზა, რომელიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა აირჩია და დააფიქსირა კონსტიტუციაში. თუმცა, საერთო დემოკრატიული ღირებულებები ნატოს ალიანსის საფუძველია და ამ ღირებულებების პატივისცემა აუცილებელი პირობაა ნატოს წევრობისთვის.
კანონი ე.წ. „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება ნატოსა და ევროკავშირის მისწრაფებებსა და ღირებულებებს. თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის საქართველოს ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს.
კანონის ხელახალი წარდგენით და მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული პირობა დაარღვია. მათ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მიუღებელი ძალადობით უპასუხეს და არჩიეს, უგულებელყოთ უახლოესი პარტნიორების მკაფიო და თანმიმდევრული მოწოდებები.
საქართველო გზაჯვარედინზე დგას.
თუ მთავრობას და პარლამენტს სურთ აჩვენონ საქართველოს მზადყოფნა ნატოში გაწევრიანებისთვის, ისინი უნდა დაბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე. ეს კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, უნდა გაუქმდეს.
ქართველმა ხალხმა ისევ და ისევ აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული საქართველო — ევროკავშირში და ნატოში. მათ ეს კანონპროექტი გაბედულად გააპროტესტეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ და მათ მისწრაფებებს მხარდაჭერას.
ისევე, როგორც ამ შაბათ-კვირას, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან, რათა გადავცეთ ეს მტკიცე გზავნილები, მაგრამ ასევე შევთავაზოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე» — აღნიშნულია განცხადებაში.