“ნანატრი შვილი იყო, ალბათ, იმიტომაც წავიდა იმქვეყნადაც თავის გოგონასთან ერთად ჩახუტებული”-ტრაგედია სენაკში, სადაც მამა-შვილი გარდაიცვალა

0
8251

სენაკის საწულეისკიროს თემში ტრაგედია დატრიალდა – მდინარე ცივში მამა-შვილი ხვიჩა და მარიამ გაბესკირიები დაიხრჩვნენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი მომხდარს იხსენებს:

– ამ უბედურების შემსწრენი ენითაუწერლად სასოწარკვეთილები ვართ. მთელი სენაკი ტირის, ვინც ამ ბავშვს იცნობს, – პატარა ფერიასავით იყო, სიკეთით და სიყვარულით სავსე. მამა-შვილი სოფელ საგაბესკირიოში ცხოვრობდა. ეს ძალიან პატარა სოფელია. სულ 5 ოჯახი ცხოვრობს. სკოლაც კი არ არის, ამიტომ მარიამი სენაკში დადიოდა სკოლაში. არდადეგებისას კი სულ მამის გვერდით იყო, არ სცილდებოდა. ხვიჩაც საოცრად თბილი და მშრომელი ადამიანი იყო. შინამეურნეობას ეწეოდა, შრომობდა და ყველაფერი თავისი გოგონასთვის უნდოდა. მარიამი ერთადერთი, ნანატრი შვილი იყო, ალბათ, იმიტომაც წავიდა იმქვეყნადაც თავის გოგონასთან ერთად ჩახუტებული. იმ საღამოს შვილი მანქანაში ჩაუსვამს და პირუტყვის მოსაძებნად წასულან. პირუტყვისთვის ყოველთვის მანქანით როდი დადიან, მაგრამ ალბათ მარიამი შეეხვეწა მამას, – მეც გამიყოლე, თან მდინარეშიც ვიბაანავებო და მამამ შვილი გზაში რომ არ დაღლოდა და დასიცხვოდა, მანქანაში ჩაისვა და გაიყოლა.

– იმ ადგილას, სადაც მამა-შვილი დაიხრჩო, საშიში არაფერია და არც არასოდეს არავინ დამხრჩვალა. წყალი სწრაფადაც კი არ მოდის, იშლება და მდორედ მოედინება. მაგრამ რა მოხდა, არავინ იცის, იმ ადგილას, სადაც მამა-შვილი იპოვეს, წყალს 6-მეტრიანი ჭა გაუკეთებია. აღარ ვიცით, ეს რას დავაბრალოთ, ქვიშას იქ არავინ იღებს, რომ ამხელა ღრმული დაეტოვებინათ. მამა-შვილს შინ ღამის 11 საათამდე ელოდნენ და რომ აღარ გამოჩნდნენ, უკვე ძებნაც დაიწყეს. ძებნაში კი მდინარის ნაპირზე მარიამის ტანსაცმელსა და მისი მამიკოს მობილურ ტელეფონს წააწყდნენ. ალბათ ბავშვმა გაიხადა და წყალში საბანაოდ გადახტა. იქ კი პირდაპირ 6-მეტრიან ორმოში აღმოჩნდა. მამა კი, როცა ეს დაინახა, მდინარეში შვილის საშველად ტანსაცმლიანად გადაეშვა, მაგრამ ვერ გადაარჩინა… ბოლოს, მამა-შვილი ერთად ამოიყვანეს წყლიდან ჩახუტებული. მამას უკანასკნელ წუთებშიც კი არ გაეშვა ხელი. ნათელი დაუმკვიდროს იქ მათ უფალმა, მარიამის დედას კი აქ გააძლებინოს ეს გაუსაძლისი უბედურება.

კვირის პალიტრა

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ