სოხუმელ ნეანდერტალელს ე.წ.პრეზიდენტ ხაჯინბას უტიფრად განუცხადებია: ,,ზოგიერთებს ავიწყდებათ, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორია არასოდეს ვყოფილვართ“.
ქართველების არაავტოქტონობა აფხაზეთში რუსული პროპაგანდის, მისი დამპყრობლური იდეოლოგიის ნაწილია და მტრის მოხელე ახალს არაფერს ამბობს. ცოდვა გატეხილი სჯობსო და ამაში ბრალი ჩვენც მიგვიძღვის. განსაკუთრებით ეს ეხებათ ქართველ ისტორიკოსებს და ზოგადად ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიას, როდესაც ბოლშევიკური ხალხთა შორის ძმობისა და მეგობრობის ყალბი და ფარისევლური ლოზინგის შესაბამისად მოხდა ისტორიის ჩასწორება, აფსუა ხალხთან ტერმინ ,,აფხაზისა“ და ,,აფხაზეთის“ იდენტიფიკაცია, ისტორიული წყაროების, მეხსიერებისა და ზოგადად საღი აზრის საწინააღმდეგოდ ჩამოყალიბდა ასევე ყალბი და ფარისევლური ,,ორაბორიგენობის“ თეორია.
გვეგონა, რომ სხვადასხვა სფეროში კოჭის გაგორებითა და დაუმსახურებელი პრივილეგიების მინიჭებით მათ გულს მოვიგებდით, მორიგ ჭირვეულობას დავაკმაყოფილებდით და საამურად ვიცხოვრებდით ,,დიად საბჭოეთში“. თუმცა მტერს ძალიან მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი მიზანი ჰქონდა-აფსუათა სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზია საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოთხოვნის შემთხვევაში. ეს ხერხი კომუნისტურმა იმპერიამ წარმატებით გადაიბარა მეფის რუსეთისაგან და პირუთვნელი მეცნიერული ისტორიის ნაცვლად, იმპერიულმა კონიუქტურამ მათთვის ყალბი ისტორია (და არა მარტო ისტორია) შეგვაქმნევინა, რის სავალალო შედეგებსაც ვიმკით.
საბჭოური სენი შემდეგაც გადმოგვყვა, მაგრამ ეხლა უკვე სხვა პროვინციალური ფორმით-ვინმეს ეთნოფაშიზმში არ დავადანაშაულებინეთ. თუმცა არავინ კითხულობდა იმას, თუ რატომ გამოეკიდნენ ასე ბერძნები სახელწოდება ,,მაკედონიას“ გასული საუკუნიდან. მათი პროტესტის გამო იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოშობილ ამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს დღემდე სახელი არა აქვს და მთელი ცივილიზებული მსოფლიო ბერძნების მხარესაა. ეს იმიტომ რომ, ბერძნებს თავად გააჩნიათ ორი პროვინცია იდენტური სახელწოდებით, თავის სახელმწიფოებრიობას იცავენ და ისინი მართლები არიან. ისტორიული სამართლიანობის აღდგენა ბერძნებისათვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და თუ ამჟამად შეცდომას არ დაუშვებენ, მას წარმატებით გადაწყვეტენ. ანდა რა ხდება დღეს, როდესაც უკრაინელებმა სადავოდ გახადეს სახელწოდება ,,რუსეთი“ და მას საკუთრად მიიჩნევენ. ამას მსოფლიო საპატრიარქოც გამოეხმაურა. რომ არა რუსეთის აგრესია უკრაინაში, ალბათ საქმე აქამდე არ მივიდოდა, მაგრამ ამით უკრაინელებიც თავიანთ სახელმწიფოებრიობას იცავენ. მათთვისაც ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, ისინიც მართლები არიან და რუსეთი დაკარგავს არა მარტო იმპერიულ ,,მესამე რომის“ იდეას, არამედ ისტორიასაც. რატომ არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ ბრიტანეთისთვის მეტად საშიში შოტლანდიელთა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ლეგიტიმურად ჩაითვალა, მაგრამ თავად შოტლანდიელებმა თქვეს უარი დამოუკიდებლობაზე და ეს მონაწილეთა სულ რამდენიმე პროცენტმა გადაწყვიტა. ამ დიდი სახელმწიფოს ერთიანობა ბეწვზე ეკიდა და კაცმა არ იცის ეს საფრთხე როდის განმეორდება.
ამასობაში დრო და ჟამი ულმობლად მიდის და ძალიან მეშინია იმ დღის, როდესაც არა მტერი, არამედ მოყვარე გულუბრყვილოდ გვკითხავს თუ რატომ არ ეკუთვნით აფხაზებს დამოუკიდებლობა აფხაზეთში? რატომ არ უნდა გაერთიანდეს ჩრდილოეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი (ამ ყალბი ტერმინის დამკვიდრებასაც ისევ ჩვენ შევუწყვეთ ხელი), როდესაც გაერთიანდა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია, ჩრდილოეთ და სამხრეთ ვიეტნამი, დღის წესრიგშია ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ერთიანობის საკითხიც? რა პასუხი გვექნება ყოველივე ამაზე, რით ვიმართლებთ თავს.
ამდაგვარი კითხვების საფუძველი ჩვენთვის ერთა თვითგამორკვევის მსოფლიოში დიდი ხნის წინ აღიარებული და დამკვიდრებული პრინციპი იქნება, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში უპირისპირდება სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის ფუნდამენტურ პრინციპებს და ძლევს მათ სწორედ მაშინ, როდესაც კონკრეტული ეთნოსისა და ტერიტორიის იდენტიფიკაცია ხდება.
გაეროს 1966 წლის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ და ,,საერთაშორისო პაქტი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ გახლავთ ის საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები, სადაც უზოგადესი ფორმით არის განსაზღვრული ერთა თვითგამორკვევის უფლება და რომელსაც ეყრდნობა ყველა შემდგომი საერთაშორისო სამართლებრივი აქტი. ორივე პაქტის პირველი მუხლის პირველივე პუნქტში განმარტებულია, რომ ყველა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება, მეორე პუნქტში კი აღნიშნულია: ,,ყველა ხალხს თავისი მიზნების მისაღწევად შეუძლია თავისუფლად მოიხმაროს თავისი ბუნებრივი სიმდიდრეები და რესურსები. . . არც ერთ ხალხს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წაერთვას საარსებო სახსრები, რომლებიც მას ეკუთვნის“.
ძაღლის თავი სწორედ აქ არის დამარხული. რას ნიშნავს ,,თავისი ბუნებრივი სიმდიდრეები და რესურსები“, ,,საარსებო სახსრების რომელიც მას ეკუთვნის“? უდავოდ, ხალხის უფლებას საკუთარ ტერიტორიაზე, რომლის უპირველესი და გადამწყვეტი მახასიათებელი სწორედ ეთნო-ტერიტორიული იდენტობაა. სატიტულო სახელწოდებების იდენტურობა, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც ,,აფხაზი“ ისტორიულადაც გაიგივებულია სახელმწიფოს ტიტულატურასთან (,,აფხაზთა სამეფო“ ,,მეფე აფხაზთა და ქართველთა“), ამჟამად და სამომავლოდაც სერიოზულის საშიშროების შემცველია ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მისი ერთიანობისათვის. ეთნო-ტერიტორიული სახელწოდებრივი იგივეობა მტრის ხელში ხომ ძლიერი იარაღია, მაგრამ მოყვრესაც მეტად საჩოთირო მდგომარეობაში აყენებს.
ეს კარგად იციან მოსკოვში, განსაკუთრებით ამჟამად, როდესაც რუსეთის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს საქართველოს შეგუება ახალი რეალობისადმი — ოკუპანტის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების, ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიისადმი, რაც არაერთხელ იქნა გაცხადებული პუტინისა და მისი გარემოცვის მიერ, შესაბამის ისტორიული ,,დასაბუთებით“ — ამ ტერიტორიების საქართველოსთან ისტორიული კავშირისა უარყოფისა და მათი საბჭოთა პერიოდში საქართველოსათვის დამაგრების შესახებ.
იციან ეს სოხუმელმა თუ ცხინვალელმა მარიონეტებმა ამიტომ გვინადგურებენ გამალებით ჩვენს ისტორიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამიტომ იმეორებენ თუთიყუშივით ერთიდაიგივეს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორია არასოდეს იყო და იძულებით შეიყვანეს საქართველოს შემადგენლობაში საბჭოთა პერიოდში.
,,ისინი ვინც ამტკიცებენ, რომ ეს ტერიტორიები შემდგომშიც უნდა იყოს საქართველოს კუთვნილება, იცავენ სტალინის გადაწყვეტილებას“,-ეს არის პუტინის ცნობილი ციტატა 2014 წლის 28 აგვისტოს CNN-ისთვის მიცემული ინტერვიუდან. ასეთივე განცხადებები მან გააკეთა 2013 წლის 19 დეკემბერს ,,ლოს ანჯელეს ტაიმსისათვის“ მიცემულ ინტერვიუსა და 2014 წლის 18 დეკემბრის ონლაინ პრესკონფერენციაზე მოსკოვში. ხაჯინბას ნათქვამი მის ანალოგს წარმოადგენს.
გასული საუკუნის ეუთოს რამდენიმე სამართლებრივ დოკუმენტში დაფიქსირებული ქართველების ,,ეთნიკური წმენდა“, ამ თვალსაზრისით მეტად მყიფე კონტრარგუმენტი შეძლება გახდეს. საერთაშორისო სამართალს ხანგრძლივი დროით არსებული მდგომარეობის იურიდიული დაფიქსირებისაკენ მიდრეკილება ახასიათებს და ეს საკითხი დღის წესრიგიდან შესაძლოა გარკვეული პერიოდის შემდეგ მოიხსნას ან სულაც ჩვენი ეთნიკური წმენდა ერთ დღეს ქართველების მხრიდან საომარი მოქმედებებისაგან თვითგანრიდებად შეფასდეს. მაგალითისათვის შორს არ არის წასასვლელი. ჩრდილოეთ კვიპროსში ბერძნული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა დავიწყებას მიეცა მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე უფრო ძლიერი საერთაშორისო სამართლებრივი აქტები არსებობს ევროპის სასამართლოს კლასიკური გადაწყვეტილებების სახით. ასე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც.
ამას წინათ აშშ პრეზიდენტმა ტრამპმა მეტად დაუფიქრებლად თქვა, რომ ყირიმი რუსეთს ეკუთვნის, რადგან იქ მცხოვრები ხალხი რუსულად საუბრობსო. რით ვართ დაზღვეული, რომ უახლოეს თუ განჭვრეტად მომავალში ამ დონის პილიტიკურ ლიდერთაგან არავინ იკითხავს იმას, რაც ზემოთ მოგახსენეთ.
აქვე ერთი ნამდვილი ამბავი მინდა მოგიყვეთ. აფხაზეთის ომის დამთავრების შემდეგ არძინბამ შექმნა სპეციალური კომისია ქართული ტოპონიმების გადასარქმევად. მასში შეიყვანა ვინც კი ვინმე ჰყავდა ნაკითხი თუ უმეცარი და გამალებით შეუდგა დასახლებული პუნქტების, ქუჩების, სკვერების თუ სხვა ადგილების სახელწოდებების გადარქმევას. რასაც ვერ მოერივნენ და ვერ შეცვალეს ბოლოკიდური ,,ი“ მოკვეცეს, ქართული ჟღერადობა რომ მოესპოთ (მაგალითად: სოხუმს, გალს, გულრიფშს, ტყვარჩელს). ერთ-ერთ ასეთ სხდომაზე ვიღაცამ დასვა საკითხი, მოდით აფხაზეთსაც გადავარქვათ სახელი და ,,რესპუბლიკა აფსნი“ ვუწოდოთო (აფსუა ენაზე აფხაზეთს ,,აფსნი“ ჰქვია). გაგიჟებულა არძინბა, ქოში უკუღმა უყრია თურმე და სულ არანორმატიული ლექსიკით აუხსნია იქ მსხდომთათვის სახელწოდება ,,აბხაზიას“, ეთნო-ტერიტორიული იდენტიფიკაციისა და მასში ისტორიული კონტექსტის მნიშვნელობა.
იმასაც ვერ ვიტყვით, ყველა ქართველი მეცნიერი ერთიანად აყოლილი იყო იმპერიულ კონიუქტიტურას. ივ. ჯავახიშვილს ,,ქართველი ერის ისტორიაში“ 1913 წელს გამოთქვა მოსაზრება, რომ აფხაზი იგივე ქართველია, მაგრამ 13 წელიწადში გადაათქმევინეს. 1956 წელს 10 000 ტირაჟით გამოვიდა პავლე ინგოროყვას სქელტანიანი ნაშრომი ,,გიორგი მერჩულე“, რომლის მე-4 თავი სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა ძალიან ღრმა და საფუძვლიანი კვლევითა და მსჯელობით. ავტორი ამისათვის ლამის ჯვარს აცვეს. წიგნი მას შემდეგ არ გამოცემულა, თუმცა არც არავის აუკრძალავს. ის ჩვენ მენტალურად ავკრძალეთ. ნიკო ბერძენიშვილმა ,,საქართველოს ისტორიული გეოგრაფიაში“ სცადა სიმართლის თქმა, მაგრამ ცენზურის კლანჭებს ვერ გადაურჩა. წიგნიდან სწორედ ეს ნაწილი ამოუღეს. შემდგომ პერიოდში ისტორიულმა სიმართლემ თავის გზა მაინც იპოვა და ასე თუ ისე მაინც აისახა ისტორიკოსთა მთელი პლეადის ნაშრომებში, თუმცა ისინი მაინც უმცირესობაში დარჩნენ და დღესაც ასე არიან კიდევ ერთი მეტად პრობლემატური საკითხის გამო, რომლის გადაწყვეტის გარეშე არაფერი გამოგვივა და ფონსაც ვერ გავალთ. სამწუხაროდ, ტერმინი ,,აფხაზის“ ქართულ ეთნიკურ სივრცეში დაბრუნების და დამკვიდრების (ისევე როგორც არასწორი და უაღრესად მავნებლური ,,სამხრეთ ოსეთის“ უკუგდების) მიმართ ჩვენი პოსტსაბჭოური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა, მცირედი გამონაკლისების გარდა, მოუმზადებელი და შეიძლება ითქვას, გულგრილი აღმოჩნდა. აქაც იყვნენ საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ამ პრობლემაზე მიუთითებდნენ, მაგრამ მათი მოწოდებები დარჩა ,,ხმად მღაღადებლისად“ და დღემდე გაუზიარებელია. აკაკი ბაქრაძის სტატია ,,დავაბრუნოთ აფხაზები აფხაზეთში!“ ამ თვალსაზრისით სახელმძღვანელო მანიფესტია ჩვენი პოლიტიკური კლასისათვის, სადაც ვკითხულობთ:
,,უგუნურობის, უდარდელობის, ზერელობის გამო ქართველებს საბედისწერო შეცდომა მოგვივიდა, როცა რუსული პროპაგანდის ანკესს წამოვეგეთ და უცხო ხალხს, აფსუას, აფხაზი შევარქვით და საკუთარი მიწა-წყალი დავუთმეთ. ახლა აფსუა ამით სარგებლობს: ეთნონიმსაც გვართმევს, მიწა-წყალსაც და საკუთარი სახლ-კარიდან გვერეკება. დღეს აფხაზეთიდან გამოდევნილნი არიან აფხაზები. ამიტომ ლოზუნგი უნდა იყოს: დავაბრუნოთ აფხაზეთში აფხაზები! ყველა დოკუმენტიც, სამართლებრივი თუ პოლიტიკური, ამ თვალსაზრისით უნდა დაიწეროს“.
აფხაზეთი განუყოფელი საქართველოა, აფხაზი-პოლიტიკურად, კულტურად და ეთნიკურად ქართველია-პლატფორმა ,,აფხაზთა კრების“ კონცეფცია ჩვენი ახირება არ არის. ის სახელმწიფოებრივ იდეაა და ძალიან სერიოზულ საფრთხეებს უპირისპირდება. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი არ ესმით. ამ დროის განმავლობაში ბევრი მეგობარი და მხარდამჭერი შევიძინეთ, მათ შორის პოლიტიკოსთა შორის, თუმცა ძველი ინერციები, ,,ფობიები“ ისევ არსებობს და შესაბამისად, წინააღმდეგობაც.
ამ მიმართულებით ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი. ეს კონცეფცია უნდა გახდეს ქართული პოლიტიკური კლასის მსოფლმხედველობის მნიშვნელოვანი, მყარი ნაწილი და მეორე უფრო რთული-უნდა გასცდეს საქართველოს ფარგლებს და შევიდეს დასავლურ სივრცეში. ამ სახელმწიფოებრივი ამოცანაში ძალიან დიდ როლი სწორედ მეცნიერებმა უნდა შეასრულონ, გაბედულად გადახედონ ყალბ კლიშეებს და უშიშრად წერონ ნამდვილი ისტორია.
ბოლოს, ისევ ხაჯინბას მინდა მოვუბრუნდე. ამას წინათ, ცნობილმა ეთნოლოგმა პროფესორმა როლანდ თოფჩიშვილმა მისახსოვრა თავისი წიგნი ,,საქართველოს ისტორიულ ეთნორაფიული მხარეები“, სადაც ბევრი საყურადღებო რამ წერია მის თანატომელ აფსუაებზე: აფხაზეთი ზღისპირა მხარეა, მაგრამ თევზს არ ჭამდნენ; ეთნოგრაფიულად ხელმისაწვდომ პერიოდში ღვინოს არ აყენებდნენ; საცხოვრებელი მრგვალი, მოწნული, ერთკამერიანი სათავსო იყო, რასაც ჩალით ხურავდნენ, თიხით ლესავდნენ და შეესაბამებოდა ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას და ექსტენსიურ მეურნეობას. ასეთი სახლები მოხერხებული იყო ადგილსაცხოვრისის შესაცვლელად და მასაც მეგრულიდან ნასესხები ,,ა-ფაცხა“ შეარქვეს; ხის საცხოვრებელი სახლების აგება მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყეს, ისიც დასავლური ,,ოდის“ გავლენით; ხოლო ქვა, როგორც სამშენებლო მასალა, მათთვის საერთოდ უცნობი იყო მაშინ, როდესაც მდინარე კოდორის სამხრეთით აღმოჩენილია უძველესი ზანური კოშკების ნანგრევები; გვიან შუა საუკუნეებში აფხაზეთში ფეოდალური ურთიერთობები პრიმიტიული ხასიათისა იყო და გლეხს შეეძლო ნებისმიერ ადგილას დასახლებულიყო; -ია და -ა-ზე დაბოლოებული გვარები ქართული წარმოშობისაა ან ქართველების წაბაძვით აქვთ გაფორმებული და სხვ.
ერთი საინტერსო ციტატაც მინდა მოვიყვანო წიგნიდან ნართების ეპოსზე, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია აფსუა ფოლკლორში: ,,ნართების ეპოსში აღწერილი გეოგრაფიული გარემო აფხაზეთის გეოგრაფიულ გარემოსა და ადგილმდებარეობას, მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს არ მიესადაგება, რაც იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ დღევანდელი აფხაზების წინაპრების ეთნიკური ერთობის ჩამოყალიბების ტერიტორია აფხაზეთში არ იყო“.
ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში საუკეთესო და ძალიან ძლიერი მოკავშირე ჩვენივე ისტორიაა, რომელის დაბრუნებაც გვიწევს ჩვენდა სავალალოდ. ეს უნდა გავითავისოთ. შევწყვიტოთ მისი ასეთი უდიერი ფლანგვა, სხვისთვის ჩუქება, ვწეროთ შეულამაზებელი, ნამდვილი, მართალი და რაც მთავარია, ოკუპანტის კონიუქტურისაგან თავისუფალი ისტორია, თამამად და კეთილსინდისიერად ვიკვლიოთ ჩვენი წარსული და ბევრი რამ ხელახლა შევაფასოთ. განსაკუთრებით ეს შეეხება ანტიმეცნიერული ,,ორაბორიგენობის თეორიის“ გაცამტვერებასა და ტერმინ ,,აფხაზის“ დაბრუნებას უპირობოდ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა და პოლიტკორექტულობის გარეშე.
ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საქმეა.
მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება