2025 წლის 26 ივნისს, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ბატონმა შალვა ნათელაშვილმა, მიმართა სირიის არაბთა რესპუბლიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ბატონ აჰმედ ალ-შარაას. წერილი გამოხატავს ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების მტკიცე პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში და ემყარება ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს სირიასა და საქართველოს შორის.
წერილის მთავარი მიზანია — საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით სირიის ახალი ხელისუფლებისათვის მოუწოდოს გადახედოს წინა რეჟიმის მიერ მიღებულ პოლიტიკურად დაუფიქრებელ და არამართლზომიერ ნაბიჯებს, კერძოდ: საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასა და სეპარატისტული წარმომადგენლების მიღებას ოფიციალურ დონეზე.
შალვა ნათელაშვილი ხაზს უსვამს დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და სამართლებრივი საფუძვლების მნიშვნელობას საერთაშორისო ურთიერთობებში. წერილი ასევე გამოხატავს მზადყოფნას, საქართველოს მხრიდან დაეხმაროს სირიის ახალ ხელისუფლებას საერთაშორისო სივრცეში პოზიციის გაძლიერებასა და ღია დიალოგის დაწყებაში.
” სირიის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს,
მის აღმატებულებას ბატონ აჰმედ ალ‑შარაას
თქვენო აღმატებულებავ,
გთხოვთ მიიღოთ ჩვენი ღრმა პატივისცემა სირიის ძველი და კულტურული ერისა და პირადად თქვენი მიმართ.
ქართველ და სირიელ ხალხებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული კავშირი აერთიანებთ, რომლის საფუძვლები სათავეს იღებს ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტის, ანტიკური პერიოდის, რომის იმპერიისა და ბიზანტიური ცივილიზაციის ეპოქიდან. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ეს ისტორიული კავშირები საფუძველს უქმნის ჩვენი ხალხების მომავალ მეგობრობასა და თანამშრომლობას.
ამ თვალსაზრისით გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ სირიის წინა ხელისუფლების, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება – აღიაროს საქართველოს განუყოფელი ტერიტორიები: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (ცნობილი როგორც „სამხრეთ ოსეთი“) ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს ნაბიჯი სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლებრივ ჩარჩოებს და საქართველოს სუვერენიტეტს.
არანაკლებ სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ახლახან თქვენმა ადმინისტრაციამ მიიღო ე.წ. აფხაზეთის თვითგამოცხადებული სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელი, რაც არა მხოლოდ სერიოზულ უხერხულობას ქმნის ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ აძლიერებს ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობას — რაც პირდაპირ ემსახურება რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს.
მიუხედავად აღნიშნულისა, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენს მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკური კურსი მომავლისკენაა მიმართული და იმედს ვიტოვებთ, რომ სირიის ახალი ხელისუფლება გადახედავს ზემოაღნიშნულ პოზიციებს. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი გონივრული ხელმძღვანელობით სირია გადადგამს ნაბიჯს სამართლებრივი სიმართლისა და კეთილმეზობლური პრინციპებისკენ, რაც საფუძველს ჩაუყრის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას საქართველოსთან.
ჩვენს მხრივ, მზად ვართ ხელი შეგიწყოთ როგორც ამ პროცესში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე – მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპულ სტრუქტურებთან დიალოგის კუთხით, რათა განხორციელდეს ეტაპობრივი და სამართლიანი სანქციების შემსუბუქება, რაც ხელს შეუწყობს სირიის რეპუტაციის აღდგენასა და ეკონომიკურ განვითარების შესაძლებლობებს.
თქვენი სურვილის შემთხვევაში, მზად ვარ პირადად ვეწვეთ დამასკოს და წარმოგიდგინოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხისა და მისი ისტორიულ-გეოპოლიტიკური კონტექსტის შესახებ. დიალოგი და ურთიერთპატივისცემა ყოველთვის იყო ხალხთა შერიგებისა და პროგრესის საფუძველი.
გთხოვთ, კიდევ ერთხელ მიიღოთ ჩვენი ღრმა პატივისცემა.
პატივისცემით,
შალვა ნათელაშვილი
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი” – ნათქვამია წერილში.
