სოცქსელი

«მსოფლიო პატრიარქმა თქვა: თბილისიდან საჯაროდ განვაცხადებ აფხაზეთის თვითმარქვია “ავტოკეფალისტებს” მსოფლიო საპატრიარქოდან არ აქვთ მხარდაჭერა»-მეუფე ზენონი

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს, თუ რა პოზიცია აქვს  მსოფლიო პატრიარქს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის შესახებ:

“მსოფლიო პატრიარქი საქართველოს ეკლესის იურისდიქციის შესახებ არაერთხელ დაისვა კითხვა: აღიარებს თუ არა, მსოფლიო საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას სრულად საქართველოს გეოპოლიტიკურ საზღვრებში და მისი საზღვრის გარეთ. დავიწყოთ თურქეთით, სადაც განთავსებულია მსოფლიო საპატრიარქოს ისტორიული, ძირიდათი იურისდიქცია. შემიძლია განვაცხადო: მსოფლიო საპატრიარქო აღიარებს და ადასტურებს, რომ თურქეთის გეოპოლიტიკურ საზღვრებში არსებული ქართული საეკლესიო- სამონასტრო კერები წარმოადგენს საქართველოს და მისი ეკლესიის მემკვიდრეობას. რაც შეეხება ტაო-კლარჯეთის ეპისკოპოსის წოდებას, რომლის ტიტულსაც ატარებს ახალციხის მიტროპოლიტი, მიუხედავად იმისა, აღნიშნული ტოპონიმით წარმოდგენილი ტერიტორია და იქ არსებული მცხეთის საყდრის ისტორიული სასულიერო კერები, არ იმყოფება თანამედროვე საქართველოს საზღვრებში, მსოფლიო საპატრიარქო პატივს სცემს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას. აქვე დავსძენ, რომ თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით, მის პოლიტიკურ ტერიტორიაზე არსებული ქართული სასულიერო კერები, არ წარმოადგენს არც მსოფლიო საპატრიარქოს და არც საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებას. ეს კერები გამოცხადებულია თურქეთის სახელმწიფო საკუთრებად. რაც შეეხება კავკასიას. მოგეხსენებათ, სამხრეთ კავკასიაში არსებული ქართული ეკლესიის მატერიალური მემკვიდრეობა, მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოში წარმოადგენს მის საკუთრებას.

იურიდიული კანონმდებლობის მიხედვით, მას მხოლოდ საქართველოს გეო- პოლიტიკურ ტერიტორიაზე აქვს ბოძებული მესაკუთრეობის უფლება. სომხეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისი ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, ქართული მატერიალური ძეგლები განეკუთვნება მათ გეოპოლიტიკურ საზღვრებში წარმოდგენილ ქვეყანას. თუმცაღა, არსებობს სხვაობა: აზერბაიჯანში არსებულ ზოგიერთ ქართულ ტაძარში ნებადართულია საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლის მიერ ღვთისმსახურების აღსრულება. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანში ფუნქციონირებს საქართველოს ეკლესიის ჰერეთის საეპისკოპოსო. რაც შეეხება სომხეთს. საქართველოს ეკლესიის მიერ აღდგენილი აგარაკ(ახტალა)- ტაშირის, იგივე ლორეს ეპარქია წარმოადგენს ტიტულარულ საეკლესიო ერთეულს, რადგან სომხეთის შესაბამისი კანონმდებლობა და სომხური ეკლესია არ აღიარებს აღნიშნულ ტერიტორიაზე სასულიერო კერების ქართულ წარმომავლობას, მითუმეტეს, ოდესმე არსებული მცხეთის საყდრის იურისდიქციას.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც საქართველოს მხრიდან გადადგმულა რაიმე ნაბიჯი, ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად. ამ ეტაპზე, მხოლოდ ჩემი შეზღუდული მოქმედებები ხორციელდება, იმის მიხედვით, რის საშუალებას იძლევა გარემოება. რაც შეეხება მსოფლიო საპატრიარქოს დამოკიდებულებას მცხეთის საყდრის იურისდიქციის არსებობაზე სომხეთსა და აზერბაიჯანში. მსოფლიო საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ზოგადად, კავკასიის რეგიონში ისტორიულად მცხეთის საყდარს აქვს უპირატესობა და მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქ მაკურთხეველად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს სახელდებს. (ისტორიულად არსებული მცირედი გამონაკლისებით). 17-ე საუკუნიდან 19-ე საუკუნის პირველ წლებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამისიონერო საქმიანობის ცენტრს წარმოადგენდა ახტალის საეპისკოპოსო( ლორე- ტაშირი). ახტალის საეპისკოპოსო კათედრა მართლმადიდებლობის მძლავრი ცენტრი იყო აღნიშნულ პერიოდში. სწორედ ამ კათედრის მმართველი გახლდათ ავტოკეფალია გაუქმებულ საქართველოში პირველი ექზარხოსი ვარლამ ერისთავი. მოგეხსენებათ, ეს იყო პირველი და უკანასკელი ქართული ეროვნების ეგზარხოსი, რომელიც შემდგომში დიდ სამსახურს უწევდა მეფის რუსეთს. მე-18 საუკუნის მიწურულსა და 19-ე ს-ის დასაწყისში, ამ კათედრაზე მოღვაწეობდნენ დიდი მღვდელმთავრები წმიდა სოფრონ საკვირველთმოქმედი, და მიტროპოლიტი იოკიმე. სოფრონი მსოფლიო საპატრიარქოს მიერ წმინდანად არის შერაცხილი და მისი წმიდა ნაწილები დასვენებულია სტამბოლში, მსოფლიო საპატრიარქოს წმ. გიორგის საკათედრო ტაძარში (ჯერჯერობით საქართველოს ეკლესიას მისი ხსენების დღე წმინდანთა დასში არ დაუდგენია). სხვათაშორის წმ. სოფრონ ახტალელი მოწვეული იქნა ტრაპიზონის რეგიონიდან მეფე ერეკლეს მიერ და ანტონ მეორის მიერ იქნა ხელდასხმული ახტალის კათედრაზე. როგორც აღინიშნა, მეორე მღვდელმთავარი იყო იოაკიმე ახტალელი, რომელიც ასევე ბერძენი იყო ეთნიკური წარმომავლობით. კვიპროსში დღემდე დაცულია მის მიერ, კიკოს მონასტრისადმი შეწირული ქართულენოვანი წარწერით დამზადებული საეკლესიო სამოსი და ნივთები. გასულ წელს, მის ყოვლადუწმიდესობასთან პირადად მქონდა ვრცელი საუბარი სომხეთში არსებულ ქართული ეკლესია- მონასტრების შესახებ. წარვუდგინე წერილობითი მიმოხილვა სომხეთის ქართულ სასულიერო მემკვიდრეობაზე და გავაცანი არსებული პრობლემები, რასაც დიდი ყურადღებით მოეკიდა და ბრძანა რომ კონსტანტინოპოლის სინოდს გააცნობდა ამ მასალებს. მინდა აქვე დავსძინო, მოგეხსენებათ რომ საქართველოს ეკლესიას, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში ჰქონდა განთავსებული ეპარქიები. კერძოდ: ყაბარდო- ბალყარეთში, ალანიაში, ინგუშეთ-ჩეჩნეთში და დაღესტანში. დაღესტანი, იმით არის აღსანიშნი რომ, იქ ფუნქციონირებდა სამი ეპარქია, რომელთაგან მსხვილ საეკლესიო ერთეულს წარმოადგენდა ხუნძეთის (ავარიულად ხუნზახი. ისტ. ადმინისტრაციული ცენტრი) სამიტროპოლიტო. ასევე, ანწუხის საეპისკოპოსო. ჩრდილოეთ კავკასიაში დღემდე შემორჩენილია ქართული ნივთიერი მემკვიდრეობა: ეკლესიები ძველქართულენოვანი ეპიგრაფიკული ნიმუშებით, ბარელიეფებით. აღსანიშნავია, რომ ინგუშეთსა და დაღესტანში ტაძრების ეპიგრაფიკულ ნიმუშებში მოხსენიებული არიან საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქები. მათ შორის მელქისედეკ პირველი, რომელმაც ისტ. მასალების მიხედვით პირველმა მიიღო პატრიარქის წოდება. ასევე, ჩრდილოეთ კავკასიის მუზეუმებში, დაცულია სხვადასხვა ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშები. დაღესტანში აღმოჩენილია ჯვრებზე არსებული წარწერები, ხელნაწერები, ლიტურგიკული ფრაგმენტები და ყოველივე ეს შესრულებულია ქართული დამწერლობის გამოყენებით დაღესტნურ ენებზე. აღნიშნული ცხადს ხდის , რომ სამწერლობო ენას ქართული ანბანი წარმოადგენდა. ეს ითქმის არამხოლოდ დაღესტანთან მიმართებაში არამედ ინგუშეთ- ჩეჩნეთზე და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაზე. მოგეხსენებათ, ყველა ეს საეკლესიო მემკვიდრეობა მოსკოვის საპატრიარქოს ეკუთვნის დღეისათვის. საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ რუსეთში ყველაზე ძველი, ქრისტიანული, მართლმადიდებლური ტაძარი მდებარეობს ინგუშეთში. ტაძრის სახელია- ტყობა ერდი. სამეკლესიანი ბაზილიკა. პირველად იქნა აგებული 9- საუკ. ქართველი მისიონერების მიერ, საიდანაც შევიდა ქრისტიანობა მთიანი ინგუშეთის მოსახლეობაში. ტაძრის დღევანდელი სრული სახე განეკუთვნება 9-10 და 15-16 საუკუნეებს. როდესაც ვსაუბრობ ინგუშეთის ქრისტიანულ წარსულზე, შეუძლებელია გვერდი ავუარო მთიელი ინგუში ერის ცხოვრებიდან ერთ ღირსახსოვარ ფრაგმენტს, რის შესახებაც მოგვითხრობს, თანამედროვე ინგუში პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მწერალი ისა კოძოევი {კოაძოი). 17-ე ს-ში შავი ჭირის დიდი ეპიდემია გაჩენილა მთიან ინგუშეთში. რომ შეუტყვიათ საქართველოში, მონასტრებიდან ბერები წარუგზავნიათ მთიანი ინგუშეთის სოფლებში. ბერებს თითოეული აულიდან, ათეულობით არასრულწლოვანი და მოზარდი შეუკრებიათ , ისე რომ თითოეულის საცხოვრებელი სოფელი და სახლი, სახელი და მამის ძეობა ჩაუნიშნიათ და ქართლ-კახეთის მონასტრებში წამოუყვანიათ. გაუზრდიათ, უსწავლებიათ, უპატრონებიათ.

მას შემდეგ, რაც შავი ჭირის ეპიდემიას გაუვლია, თითოეული მათგანი საკუთარ საცხოვრებელში უკან ჩაუყვანიათ. ეპიდემიისაგან გადარჩენილი ამ მთიელი ინგუში ბავშვების და მოზარდების შთამომავლობას წარმოვადგენთო სხვა გადარჩენილებთან ერთად ჩვენი წინაპრებიც და ჩვენო-ამბობს დიდი საზოგადო მოღვაწე ისა კოაძოი. ასეთი ღირსახსოვარი ფრაგმენტები სხვა მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებთან და თანაცხოვრების გამოცდილებასთან ერთად მრავლადაა წარმოდგენილი, ინგუში ხალხის ზეპირსიტყვიერებასა და მწერლობაში. ისევე, როგორც ქართულ საისტორიო მწერლობაში. ამიტომ არის გავრცელებული ინგუშეთში ცნობილი გამონათქვამი: ქართველი არასოდეს იქნება ინგუშის მტერი! ხევიდან და არხოტის ხევსურეთიდან რომ გაემართოთ ინგუშეთის აულებისკენ, თქვენ იქ იხილავთ კოშკებს, მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ჯვრის გამოსახულებით. 1801 წლიდან ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ყველა ქართული საეკლესიო ნაგებობა და ნივთიერი ძეგლი წარმოადგენს მოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილებას და იურისდიქციაც მისი არის. რუსეთიდან ბოლო დროს, არაერთხელ იქნა საჯაროდ გაჟღერებული, რომ სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე ვრცელდება მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქცია და რომ, თითქოს საქართველოს ეკლესიას კანონდარღვევით აქვს იქ ეპარქიები. მოქმედი ეპარქია აზერბაიჯანში და ტიტულარული სომხეთში. მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან მიმართებაში რა პროცესებს აქვს ადგილი ჩვენი მოსახლეობისათვის მეტ- ნაკლებად ცნობილი არის. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, როდესაც ვხედავთ , რომ არსებობს მცდელობები რათა გარემო შეიქმნას საქართველოს საპატრიარქოსა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის უნდობლობის ჩამოყალიბებისათვის. რის გაღრმავების შემთხვევაშიც ხელსაყრელი ვითარება იქმნება კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნისათვის საპატრიარქოთა შორის. აღნიშნულის პროვოცირებისათვის პროვოკაციას არაერთხელ ქონდა ადგილი. საკითხი ეხება აფხაზეთს. თითქოს, მსოფლიო საპატრიარქო აფხაზეთში ფარულ ანტიკანონიკურ საქმიანობას ახორციელებს, რომ აფხაზეთის ახალი ათონის მონასტერში განთავსებული თვითმარქვია “ავტოკეფალისტები” მოქმედებენ მსოფლიო პატრიარქის მხარდაჭერით. სინამდვილეში არ ემორჩილებიან რა მოსკოვის საპატრიარქოს დირექტივებს და ცდილობენ მსოფლიო საპატრიარქოსგან მოიპოვონ მხარდაჭერა, ისინი, საკუთარ ინიციატივებს მიმართავენ. კერძოდ, აცხადებენ რომ მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს პრეროგატივაა და მას ხელეწიფება აფხაზეთის ეკლესიას ( კანონიკურად აფხაზეთში არსებობს მცხეთის საყდრის ერთ- ერთი ეპარქია და ისინი წარმოადგრნენ სქიზმატურ კრებულს) მიანიჭოს ავტოკეფალია და მათი პოზიციით კონსტანტინოპოლია სწორედ აფხაზეთის ეკლესიის დედა -ეკლესია და არა მცხეთა. მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან, საქართველოს ეკლესიის ინტერესის წინააღმდეგ ფარული ქმედებების ვერსიას მიდევნებული ზოგიერთი ჩვენი წარმომადგენელი, მიიჩნევს, რომ კონსტანტინოპოლის მიმართ უნდობლობისათვის არსებობს საბაბი. თუნდაც ის, რომ მსოფლიო პატრიარქმა ისტუმრა ისინი რეზიდენციაში. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ პრობლემატურ საეკლესიო საკითხებზე, მქონდა პირადად მე მის ყოვლადუწმიდესობასთან ვრცელი საუბარი. როდესაც ვკითხე მის ყოვლადუწმიდესობას, აღნიშნულთან დაკავშირებით, მან მიპასუხა: “ისინი, მე მივიღე, არა როგორც მათ წასასახალისებლად, არამედ მივიღე როგორც მსოფლიო პატრიარქმა. მთავარი არის ჩემი და მთლიანად მსოფლიო საპატრიარქოს განწყობა, უცვლელი სოლიდარული დამოკიდებულება სუვერენული საქართველოს მიმართ და საქართველოს წამებული ეკლესიის მიმართ”. კიდევ ერთი საკითხის შესახებ შემიძლია განვაცხადო: როდესაც ვუთხარი მის ყოვლადუწმიდესობას, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი თქვენ გიხსენიებენ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ნაცვლად, თავის მაკურთხევლად და რომ თითქოს მათ აქვთ კონსტანტინოპოლიდან წახალისება, მან მიპასუხა: “ჩამოვალ საქართველოში, თუ ეს პატრიარქის სურვილი იქნება და თბილისიდან საჯაროდ განვაცხადებ, რომ აფხაზეთის თვითმარქვია “ავტოკეფალისტებს” მსოფლიო საპატრიარქოდან არ აქვთ მხარდაჭერა. განვაცხადებ, რომ აფხაზეთის ერთადერთი ეპისკოპოსი და პატრიარქი არის უნეტარესი და უწმიდესი ილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი და რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი არის ოკუპირებული. გვაქვს ინფორმაცია, რომ იქ უკანონოდ მოქმედებენ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები “. ვფიქრობ, საკმარისია ის, რაც საცნაური გავხადე თქვენთვის, რომ საშუალება გქონდეთ გამოიტანოთ დასკვნა, თუ რის მცდელობებს აქვს ადგილი. ვინ არის დღეს მტრობით და ვინ მოყვრობით. და ისინი, ვინც ამბობენ, რომ უწმიდესი პატრიარქი კირილი არის ჩვენი მამა და ბატონი, რადგან გვეხმარებოდა საქართველოს აგრესიისგან თავის დაცვაში და გვერდში გვედგაო, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოსკოვის საპატრიარქომაც განაცხადოს საჯაროდ, თუ რამდენად შესაბამება აფხაზი სასულიერო წრის განცხადება სიმართლეს?! მითუმეტეს მაშინ, როდესაც მოსკოვის ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს: “თუ მსოფლიო საპატრიარქო რაიმე ფორმით შევა აფხაზეთში, მაშინ ჩვენც შევალთო”-ო. და ვინ თქვა, რომ შესულები არ არიან. ცხადია, სახეზეა მათი მომავლის ზრახვების “გამართლება” და საბაბის ძიება. დასასრულ, მოკლედ მოგახსენებთ ევროპასა და ამერიკაში, სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში ფაქტობრივად თუ ნომინალურად არსებული საქართველოს ეკლესიის ეპარქიებთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ სჯულის კანონი კრძალავს ერთ კათედრაზე ორი ეპისკოპოსის დადგენას, ადგილობრივ ეკლესიებს მსოფლიო საპატრიარქომ წარუდგინა პროექტი, რათა მაქსიმალურად მომხდარიყო ერთის მხრივ, რეალობის გათვალისწინება და ამავდროულად მისი მიახლოვება კანონიკურ სამართალთან. ამგვარად შეიქმნა ადგილობრივი ეკლესიების დაქვემდებარებაში არსებული ეპარქიების ეპისკოპოსთა ერთობლივი საკორდინაციო გაერთიანება “პანორთოდოქსული ეპისკოპალური ამსამბლეა” – ადგილობრივი ეკლესიების კანონიკურ საზღვრებს მიღმა. ფორმატს, ყველგან ხელმძღვანელობს მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავარი. არსებობს შეთანხმება, რომელზეც ხელი მოწერილი აქვს ადგილობრივ ეკლესიებს. დოკუმენტის მიხედვით, აიკრძალა მსოფლიო საპატრიარქოს ადგილობრივი მღვდელმთავრის ტიტულის ანალოგი (აღნიშნული საეკლესიო ნორმატივი ასახულია 2016 წლის კრეტის კრების დადგენილებაში). მაგალითად, როდესაც მსოფლიო საპატრიარქოს ეპისკოპოსი ატარებს დიდი ბრიტანეთის ეპისკოპოსის ტიტულს სხვა ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმთავარი უნდა ატარებდეს როგორც პირველადს- თავისი ადგილობრივი ეკლესიის რომელიმე თავისუფალი კათედრის ტიტულს და შემდგომ იმ ქვეყნის, სადაც წარმოადგენს ადგილობრივ საპატრიარქოს. ამ ეტაპისთვის, ეკლესიამ აქ იხელმძღვანელა იკონომიით, გარდამავალი პერიოდისათვის. ფართო აუდიტორიისთვი რომ იყოს გასაგები: დაშვებული იქნა გამონაკლისი, მშვიდობისა და ერთობის შესანარჩუნებლად მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში. იმ დაბრკოლების გადასალახად, რაც გარკვეულწილად მომდინარეობდა ძალაუფლების უსაზღვრობისა და ეკლესიურ-პოლიტიკური ამბიციით, ეთნო-ნაციონალური მოტივაციით. გამოწვევით, რომელიც უკავშირდება სხვადასხვაენოვანი მართლმადიდებელი მრევლისათვის ყველა იმ დაბრკოლების მოხსნას, რაც შეაფერხებს მათ მონაწილეობას წმიდა ეკლესიის მაცხოვნებელ საიდუმლოებებში”, – წერს მეუფე ზენონი.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ესენი მგონი და@@@ვდნენ მიშას შიშის ნიადაგზე»-ნიკა გვარამია

“ვუყურებთ პირდაბჩენილები, როგორ ჩაიდო ჭორვილელმა არქიფომ მთელი ქვეყანა ჯიბეში»

«ბიძინა ეკას უნდა გაეყაროს და სალომეზე იქორწინოს. ქორწილი 3 მილიონ კაცზე უნდა გაშალოს «-ირაკლი ოქრუაშვილი

დატოვე კომენტარი