პუბლიკაციები

მოსამართლე მურუსიძის, აქამდე უცნობი «საქმენი საგმირონი»

შალვა შავგულიძისა და ლევან მურუსიძის დებატებს მეც მინდა გამოვეხმაურო. ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა მოსამართლე. ასეთი რა თაფლი უცხია სოლოლაკის სასახლეს, რომ ამდენად უთავმოყვარეო ნაბიჯი გადაგადგმევინოს. სრულიად წარმოუდგენელი რამ ხდებოდა ეთერში. მოქმედი მოსამართლე მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების გამო საჯარო დებატებში შევიდა დაზარალებულის ადვოკატთან. ეს აშკარად მსოფლიო ნოუ-ჰაუა და ტოტალიტარულ ქვეყნებშიც კი არ ხდება, არათუ დემოკრატიულში, თუმცა ვინ დაგიდევს.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, მოსამართლე დაობდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ის გაამტყუნა. სამართლებრივი ნაწილი ხომ მისი ნათქვამი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, ღიად პოლიტიკურ დებატებში გადაიჭრა და თანაც წინასაარჩევნოდ. თუმცა აქაც მეტად წარუმატებლად. თავზარდამცემი მოსამართლისთვის მის მიერ განხილული კიდევ ერთი მოლაშვილის საქმის შეხსენება იყო, სადაც საერთოდ აებნა თავგზა და სამართლებრივ ნაწილზეც კი ვერაფერი თქვა. ერთი სიტყვით, ეს ტელეგადაცემა, ცხადად განცდილ ფიასკოსთან ერთად, სავსებით საკმარისია ბ-ნი მურუსიძისათვის დისციპლინური დევნის აღსაძრავადაც და მოსამართლეობისათვის გამოსამშვიდობებლად, მაგრამ ვეჭვობ ასე მოხდეს. ვინ არის გამკითხავი?

ბ-ნი მურუსიძისთვის სხვა წარსული საქმეების შეხსენება ძალიან კარგ იდეად მეჩვენება და ვფიქრობ ჩემს კოლეგებს ბევრი აქვთ სათქმელი მსგავსი რამ მასზე. მეც საკუთარი პრაქტიკიდანაც ზოგ რამეს გავიხსენებ ამ თვალსაზრისით.

2007 წელს სრულიად უმართებულოდ და უკანონოდ დახურეს აფხაზეთის ტელევიზია. მაშინ ხელისუფლება ,,ფანდარასტის“ ხიბლში იყო (გვახსოვს ალბათ ეს აქცია, რომლიდანაც არაფერი გამოვიდა) და სრულიად გაუაზრებლად გადაწყვიტა აფხაზეთის მიმართულებით სახელმწიფო მაუწყებლობის კერძო მაუწყებლობით ჩანაცვლება. მოძრაობა ,,დაბრუნების“ ინიციატივით მომზადდა ტელევიზიის თანამშრომელთა და კიდევ 300 დევნილის სარჩელი ტელევიზიის აღსადგენად და ჟურნალისტების სამუშაოზე დასაბრუნებლად. საქმეს იხილავდა თბილისში განთავსებული სოხუმის სასამართლოს მოსამართლე მამუკა კონჯარია, რომელმაც იმ დროისათვის გაუგონარი ურჩობა გამოავლინა, გაუძლო სახელისუფლებო წნეხს, ტელევიზია აღადგინა, მისი თანამშრომლებიც და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლადაც მიაქცია.

ძალიან მოკლე დროში დაუმორჩილებელი მოსამართლის მიმართ სადამსჯელო აქცია განხორციელდა. როგორც იცოდნენ ხოლმე, ბ-ნ მამუკას ,,გამოუჩხრიკეს“ ერთ-ერთი რიგითი საქმე, რომელითაც არავითარი შექცევადი თუ შეუქცევადი შედეგი არ დამდგარა. აღძრეს დისციპლინური დევნა აშკარად ხელოვნური და შეთითხნილი ,,არგუმენტებით“, რომელთაგანაც არცერთი არ იყო დარღვევა. ულმობელი იყო იუსტიციის საბჭო. 13-წლიანი სტაჟის უაღრესად გამოცდილი, კვალიფიციური, უმწიკვლო რეპუტაციის აფხაზეთიდან დევნილი მოსამართლე სამუშაოდან უცერემონიოდ გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება მან უზენაეს სასამართლოს სადისციპლინო პალატაში გაასაჩივრა.

ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მას იქ ბ-ნი მურუსიძე დახვდა 2 მოსამართლესთან ერთად. ის იყო კოლეგიის თავმჯდომრე და მომხსენებელი მოსამართლე. სადისციპლინო პალატაში მამუკა კონჯარიას ვიცავდი და კარგად მახსოვს განხილვის პერიპეტიები. 2 დღე ვებრძოლეთ იუსტიციის საბჭოსა და პალატას ერთდროულად, მაგრამ კედელს ველაპარაკებოდით. პალატა შეუვალი იყო, თვალისდაუხამხამებლად გაწირა კოლეგადა დევნილი მოსამართლის წინააღმდეგ მიიღო სრულიად უსამართლო და სასტიკი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ტელევიზიის საქმეში გაეწინააღმდეგა პოლიტიკურ ნებას და უნდა დასჯილიყო. ბ-ნმა მურუსიძემ უშფოთველი და სანდომიანი სახით (როგორც ახლა აქვს) უმძიმესი ვერდიქტი ჩამოარაკრაკა.

ახლა, დიდი ხნის შემდეგ ისევ ვათვალიერებდი ამ საქმეს და უცებ გამახსენდა როგორ ვიდექით უზენაესი სასამართლოს წინ მხრებაწურული, უსამართლობისგან შეძრწუნებული და დამცირებული მოსამართლე და მისი ადვოკატი. გათავისუფლებამდე, ბ-ნ მამუკას ,,კეთილისმსურველებმა“ ზემოდან ურჩიეს, თავად დაეწერა განცხადება და წასულიყო, მაგრამ მან ბრძოლა არჩია, განწირულის ბრძოლა. ხოლო როდესაც ყველაფერი დასრულდა უტიფრად შემოთვალეს: აბა რა ეგონა, ,,უპრაგონოდ“ რომ იღებდა გადაწყვეტილებებსო.

მაშინ კულუარულად გავიგეთ, რომ ამ ,,უპრაგონობაში“ კიდევ ერთი საქმე იგულისმებოდა, რომელიც მამუკა კონჯარიამ გადაწყვიტა. მან დააკმაყოფილა დევნილი იური თურქიას სარჩელი და საჯარო რეესტრს დაავალა აფხაზეთში არსებული მისი უძრავი ქონების რეგისტრაცია. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ. აბა გამოიცანით ვინ დახვდა ამ საქმეს უზენაეს სასამართლოში. სწორად მიხვდით, ისევ ბ-ნი მურუსიძე, რომელმაც საქმე გააფუჭა, გააუქმა ქვემდგომი გადაწყვეტილებები და საქმე უკან მოუსავლეთში გაუშვა. საქმის ადვოკატი მაშინ იყო ბ-ნი სანდრო ბარამიძე და მას უკეთ მოეხსენება რა და როგორ მოხდა. მაგრამ ვიცი, რომ იმ ავადსახსენებელი გადაწყვეტილების გამო იური თურქია მე-10 წელია ეძებს სანთელ-საკმეველს.

დღეს სასამართლოებში ხშირად ვხედავ წინა ხელისუფლების დროს გაშვებულ მოსამართლეებს. არაფერი საწინააღმდეგო მათთან არ მაქვს. თუმცა ვეჭვობ, მათ შორის ოდესმე მამუკა კონჯარია ვიხილო, ამჟამად ჩემი კოლეგა ადვოკატი, მურუსიძისაგან გამოწერილი ,,მგლის ბილეთის“ გამო.

მალხაზ პატარაია, მოძრაობა დაბრუნება, აფხაზთა კრება

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

წარმატების მოსარჯულებლად

ვარანებს გაუვერანებიათ…

წმინდა ქეთევანის მადლი გფარავდეთ!

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი