საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა უკრაინის გენერალური პროკურორი გახდეს.
“2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ექს-პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პროკურორის პოსტს დაიკავებს. “2020NEWS”-ის ინფორმატორის ცნობით, ზელენსკისა და სააკაშვილს შორის კონსულტაციები უკვე დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილისნაირი ადამიანების დახმარება ყველას სჭირდება.
“ჩამოვიდეს. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდ როლს ახლა თამაშობს, როდესაც იცავს უკრაინის დემოკრატიას ევროპაში და აჩვენებს ამას თავისი ქმედებებით. მგონია, რომ ის სერიოზული დიპლომატია და სერიოზული კონსულტანტია ყველა ადამიანისთვის, ყველა კანდიდატისთვის, რომელიც დღეს პოლიტიკაში მიდის და გახდება პრეზიდენტი. ვფიქრობ, სააკაშვილისნაირი ადამიანის დახმარება ყველას დასჭირდება“,- აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, კითხვაზე, დასჭირდება თუ არა უშუალოდ მას სააკაშვილის დახმარება, ზელენსკი პასუხობს: “მე არ ვვაჭრობ პოსტებით“. აღსანიშნავია ისიც, რომ ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. რამდენიმე დღის წინ, უკრაინულ ტელეარხზე ჩართვისას მან განაცხადა, რომ იგი უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩავა უკრაინაში.
2020news
