სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. ახალ მარშრუტს ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი ჰქვია და მის მარკირებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ახორციელებს. ახალი ტურისტული მარშრუტი ალპურ ზონაშია და მასზე მოგზაურობისას ტურისტი გაივლის ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანისციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი — მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტს მარშრუტზე შეუძლია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის მოაწყო ინფოტური, რომლის მონაწილეებმაც თავად გაიარეს მარშრუტი და გაეცნენ მასზე არსებულ ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს.