მექსიკის საზღვრიდან, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტს, ტურისტული სააგენტო “Dream World Travel”-ის დირექტორი ხათუნა ხმელიძე გამოეხმაურა:
“იმის გათვალისწინებით, რომ მექსიკაში მიმდინარე ვითარება არის ძალიან მძიმე და არ მომხდარიყო ამ თემით მანიპულირება და არასწორი თემის გაჟღერება, ვუთხარი, რომ ინტერვიუზე უარს ვაცხადებდი, სანამ სიტუაცია არ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი და, მინიმუმ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლა დაჭერილები არიან, არ გათავისუფლდებოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრებისთვის ეს ზედმეტად ემოციური არ ყოფილიყო იმიტომ, რომ აქ არ არის ერთ და ორ ადამიანზე საუბარი, საკმაოდ დიდ ჯგუფზეა საუბარი,
“როგორც მე ვიცი, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა და ეს ნამდვილად არასწორად ჟღერდებოდა. ის, რომ ტელევიზიაში გასულიყო, რომ საქართველოს მოქალაქე მოკლეს, წარმომიდგენია ამ ყველაფერს რა ამბავი მოჰყვებოდა. მეორე ფაქტი იყო, რომელზეც მითხრა – საქართველოს მოქალაქეები არიან თუ არა დაკავებულები და ამასთან დაკავშირებითაც ვუთხარი, რომ ნაწილის განთავისუფლება მოხდა და ნაწილი ისევ რჩება. ზუსტად ეს არის ის ყველაზე მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ამ საკითხებზე არ ვსაუბრობ. შეიძლება ბევრზე მეტი ინფორმაცია გვაქვს იმიტომ, რომ კონკრეტული ადამიანები გვიკავშირდებიან და გვაწვდიან, მაგრამ ამას სპეციალურად არ ვაჟღერებდი იმიტომ, რომ ამ ადამიანების უკან დგანან მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ძალიან განიცდიან და ნერვიულობენ.”-განაცხადა ხმელიძემ.
