აფხაზეთი:
ვარდო ვეკუა:
სოხუმში ვმუშაობდი, აფხაზეთის განათლების სამინისტროში და პირველ საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
ჯერაც ვერ შევძელი დამეწერა ჩემს დასთან, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად როგორ წამოვედი მამაჩემის სახლიდან. როგორ დავტოვე ჩემი თვალცრემლიანი უმცროსი და, მამაჩემი და ლოგინად ჩავარდნილი გამზრდელი მამიდა… როგორ ვიდანაშაულებ თავს, რომ ვერ შევძელი მათი დაყოლიება — წამოსულიყვნენ.
1994 წლის აპრილში მამიდა გარდაიცვალა… 9 მაისს გამთენიისას — ჩემი და და მამაჩემი დახვრიტეს.
როგორ ვეიმედებოდით… მე კი ვერაფერი გავაკეთე მათ გადასარჩენად. ძნელია ამის გაძლება… შეუძლებელი — დავიწყება…
დანაშაულის გრძნობა- გაუნელებელი.
… ამ ტკივილით გვიწევს ცხოვრება.
მითხრას ვინმემ ამ ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაული რაში მდგომარეობს… მითხრას ვინმემ, რისთვის რისთვის რისთვის…
ცრემლი უმწეობის ნიშნად…
„დანაშაული“ — ქართველობა!
რომელიც გვამშვენებს!
დღევანდელ დღეს 28 წლით უკან…
უკვე მერამდენედ გავიქეცი და გამოვიქეცი… უკვე მერამდენედ წავიყვანე, ავარიდე ბავშვები ხიფათს, სროლებს, დაბომბვას… უკვე მერამდენედ… „გაბრაზებულმა“ დავიფიცე: არსად მივდივარ… ვიქნებით ჩვენს სახლში… მორჩა…
დილით დედამ ახლადმოწველილი რძე მოგვიტანა და როცა ვაცილებდი, ყორასის ჩიხის თავზე კალანდიების სახლის ბოლოს რკინიგზის განაპირას ტყვიამ ჩაგვიწუილა და სადღაც ჭინჭრებში ჩაიკარგა… იმის გაცნობიერებაც ვერ მოვასწარით, რომ „ბრმა ტყვიის“ წერა არ გავხდით… ირგვლივ ადამიანის ჭაჭანება არ იყო… ისიც კი არ გვითქვამს „რა იყო ეს“… მშვიდად დავშორდით ერთმანეთს…
ყველაფერს შეჩვეულები.
საღამოს ჩოჩქოლი იგრძნობოდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია… ყველა სადღაც გარბოდა… ჩემს გარდა…
და ჩემი ძმა ველოსიპედით მოვიდა, არა, მოვარდა:
ახლავე ბავშვებიანად აეროპორტში… ჩქარა წამოდით… მე ვერსად წამოვალ დედას და მამას ვერ მივატოვებ. შენ წახვალ და ჩემებსაც წაიყვან…
არსად მივდივარ… რაც გინდათ ის ქენით, დავიღალე… არ შემიძლია… უნდათ დაგვხოცონ და მოვრჩები ამ წანწალს და ქუჩა-ქუჩა ხეტიალს…
კარგი, შენ აქ იყავი, ბავშვები გაუშვი აქედან… და ჩქარა… გელოდებით…
რა ვქნა, ნუგზარის ხმა ბრძანებასავით ჟღერს… იქ კიდევ დედაჩემია…
ვიბარგებით… თუ ქვია ამას… მომცრო პარკში ერეკლეს საცვლებს ვყრი… კიდევ რაღაცას… უფრო სწორედ — არაფერს… უგონოდ მივხეტიალებთ უკვე მერამდენედ. საით? — უცნობია…
არა ცნობილია… ჯერ ჩემი დედ-მამის სახლში…
და ჩემი ცხოვრების ბოლო კაპრიზი:
არსად მივდივარ!
— დედა გენაცვალოს, ახლა წაიყვანე ბავშვები, ისევ ისე დატოვე და წამოდი… გთხოვ, ეს ბოლოჯერ იქნება, შენი ნების წინააღმდეგ წასვლას არასდროს მეტს აღარ მოგთხოვ.
ჰო… დე, ვერც ვერასდროს მომთხოვდი, რადგან იმ დღის შემდეგ სწორედ რომ ჩემი ნების წინააღმდეგ ჩემი ნებით დავდივარ…
ის დღე დამთავრებული იყო… და აღარაფერი მახსოვს სულაც არა იმიტომ, რომ დრომ წაშალა… არა, უკვე ვეღარ ვაზროვნებდი… დანარჩენი სრულიად გაუცნობიერებლად ხდებოდა:
ჩემი მომცრო პარკი ჩემს გოგონას ეჭირა ხელში. მე შვილების ხელები იქით-აქით… აეროპორტში … ალბათ, ყველას კარგად ახსოვს ის ბოლო რეისი ჩემს გარდა:
ჩემმა ძმამ და ჩემმა ქმარმა ძლივს ჩაგვტენეს ნაცნობი ბიჭების დახმარებით ასკაციან თვითმფრინავში, ალბათ მესამასეები… და არა ბოლო მგზავრებად…
არ მინდა… არც გავიხსენებდი, რომ არა იმის გაცნობიერება, რომ 27 სექტემბერი ახლოვდება და…
იმ დღეს წელიწადში ეს ერთი დღე მე ვარ: არც მკვდარი არც ცოცხალი…
საკუთარ თავს ჯიბრში ვუდგავარ და ვაიძულებ ყველაფერი კარგად ახსოვდეს, ყველაფერი ამოქექოს მეხსიერებიდან და ეტკინოს ყველა ის სატკივარი სხვებმა რომ გადაიტანეს… ჩემი აბა, რა მოსატანია:
მიმოზა ჭოჭუა — აფხაზეთი:
`რა თქმა უნდა გტკივა რასაც ყვები რთულია მოყოლა იოლი არაა მაგრამ ეს 27 რიცხვი ჩემთვის საშინელებაა… ჩემი უფროსი შვილი 23წლის მამუკა ჭოჭუა — ჩვენი ხელით დავმარხეთ სადარბაზოს შესასვლელში… ის ყველგან იყო სადაც ცხელი წერტილი იყო… იმ თვითმფრინავში ჩემი მეზობელიც იჯდა ნუგზარ ლომიძე — საუკეთესო ადამიანი. ნათელში იყოს ყველა…
თვითმფრინავის ტრაპის მოხსნამდე თვითმფრინავის ლუკიდან ჩემი კარის მეზობელს ჩემს ძვირფას პალიკო ესებუას მოვკარი თვალი — პირჯვარს იწერდა… მისი შვილიშვილი პატარა ეკა — ორიოდე წლის, ან ნაკლების იქნებოდა თვითმფრინავის სალონს იკლებდა ტირილით… სიცხე ჰქონდა… ჩვენ ყველას სიცხე გვქონდა… ჩვენ სიკვდილი გვიცქეროდა და სინანულით იქნევდა თავს…
ამდენი წელი გავიდა და საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ თვითმფრინავის იმ რეისის ეკიპაჟის შესახებ ვერაფერი გავიგე… ეს მათ მოგვიგერიეს „სიკვდილი“ თუ სეპარატისტების მხრიდან არა, სალონის გადატვირთვის გამოც… მშვიდობიანობის დროს ერთი ადამიანის წაყვანაც კი ლიმიტის ზევით „სასიკვდილო“ საფრთხედ ითვლებოდა… აქ კი რამდენი ვიყავით, საეჭვოა ვინმემ იცოდეს…
ჩემს თავს ვაიძულებ ხშირად გავიხსენო ყველაფერი, რაც შემდეგ აფხაზეთში დაატრიალეს…
ლელა ნარსავიძე:
ვკითხულობ და ცრემლები ღვარად მდის… საშინელი დღეები… სანამ ცოცხალი ვიქნებით ეს მოგონებები მუდამ ჩვენში იქნება…
p.s. ჩემი ტატო 26 სექტემბერს მეყოლა, სამდღიანი არანორმალური ტანჯვისას. სულ ვყვიროდი ოღონდ 27- ში არა დედი-თქო… შეისმინა დედა ღვთისამ და სასწაულით გადავრჩი და მოევლინა ტატო 26 სექტემბერს……
— სადისტი ხომ არა ხარ, რატომ ლაპარაკობ ამაზე! — ნუ იხსენებ… თავი დამანებე! — მითხრა ერთმა და სამუდამოდ მოკვდა ჩემთვის! –
იქნებ, თქვენც ასე ფიქრობთ… როგორც გენებოთ, მხოლოდ მათთვის ვწერ, ვისაც ხანდახან ჩემსავით საკუთარი თავისთვის ვერ უპატიებია რომ გადარჩა:
როგორ არ გავიხსენო როგორ არ მტკიოდეს, როგორ არ მივაგო პატივი, როგორ ვანუგეშო უპატრონოდ დარჩენილი ობლები, დედები… როგორ არ გავიზიარო ტკივილი, რომელსაც ვერაფერი აშუშებს… ჩემგან სხვა აბა, რა უნდა მიიღოს სამყარომ, რომელმაც აფხაზეთი და მისი სრულიად უდანაშაულო მოსახლეობა ცაში გაეფანტა ზოგი მკვდარი, ზოგიც ცოცხალი… როგორ არ მეტკინოს ჩვენი გარდასახვა, სულ სხვა პიროვნებებად ჩამოყალიბება… ჩვენ ხომ სულ სხვანაირად ცხოვრებას ვგეგმავდით… არცერთ ჩვენთაგანს არასდროს არავისთვის არაფერი დაუშავებია… მსხვერპლად შეწირული ჩემი მანანა ჯინჭარაძე — ორსული მომავალი დედა — სვანეთში დაცემულ ვერტმფრენში სხვებთან ერთად სასიკვდილოდ გამომწყვდეული, ჩემი კარის მეზობლები მოკონა სართანია შვილიშვილებიანად, ჯანელიძის ოჯახის მშვენება დიასახლისი, ჩემი რამაზ და ბესო ესებუების მზეთუნახავი დედა… რამდენი, რამდენი, რამდენი…
ვარსკვლავების სადარი სამშობლოს საკურთხეველზე ცეცხლად მოგიზგიზე უწვერული ბიჭები… ჩემი მოსწავლეები, მეზობლები, ახლობლები… ჩემიანები…
როგორ არ მახსოვდეს, რაც ამ სურათზე ხდება… ისედაც ყველაფერი არც ვიცი და არც მახსოვს…
მაგრამ, რაც მახსოვს იქიდან:
რომელი ერთი არ მახსოვდეს, გვრიტო მესხი, კაკო თოდუა, ოთარ შენგელია, ინგა გვასალია, რევაზ მაჩაიძე… ვაიმე, მაპატიეთ… სიებიც კი მაქვს და ხშირ-ხშირად დავხედავ… ის ჩვენი ცხოვრებაა… ყოფილი… როგორ გავჩუმდე და გულს გავუფრთხილდე… ეს გული იმიტომ მაქვს, რომ მეტკინოს, კეთილი ინებოს და გადაიტანოს… შეიკუმშოს და ჩუმად იგლოვოს ის, რაც აღარ დაბრუნდება… გული არ მჭირდება, თუ არ ეყვარება ცოცხლები და არ ემახსოვრება ვინც „გულში ეჯდა“ — უფრთხილდებოდა და თავს დაკანკალებდა შიშით: „არაფერი მოუვიდესო“…
მოუვიდა: გულმა დაკარგა აფხაზეთი, თორემ ფიზიკურად არაფერი დამკლებია… დიდი ფუფუნება არც მქონია და არც მინატრია ჩემების სიყვარულის იქით…
შალვა ჩემიას ოჯახიდან „პირველი ბაბუშარის 169“ დან გამოსული სანამ რკინიგზის ლიანდაგებს გადაცდებოდი ვჩერდებოდი და შორს აყუდებულ კავკასიონის ქედის თოვლიან მწვერვალებს — ხელისგულივით რომ მოჩანდა — სიამაყით გავყურებდი… როცა ვბრუნდებოდი, ისევ მას გავხედავდი და ვიცოდი: უკვე სახლში ვარ!
ირგვლივ ვისაც ვესალმებოდი და არ ვესალმებოდი, ყველა ჩემიანი მოკეთე და მოსიყვარულე იყო…
დანარჩენს ადამიანი თავად იშოვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობების „ფუფუნების“ გარდას…
და იმის დამკარგავს გულს დამშვიდდი-მეთქი, ვერ ვეტყვი…
დიახ:
იღელვე გულო!
გეტკინოს გულო!
აფხაზეთში შეურაცხყოფილი ნატყვიარი მაგრამ ცოცხალი დაგტოვე!
სანამ იქ არ მივალთ უნდა გტკიოდეს და არ დამალო რომ გტკივა…
დიახ, მხოლოდ მათთვის არ დამალო, ვისაც ზუსტად ასევე და ვაიმე, უფრო მეტად ტკივა:
შენ გაუძლებ!
უნდა გაუძლო!
როგორ დავივიწყო ჭუბერით გადმოსული ჩემი ძმის „ვიღაც უცხოდ“ ქცეულის გაბურძგნული, განადგურებული, მიწასთან გასწორებული, მშიერი და ტალახში ამოსვრილის — კვახჭირის ძველი სახლის შემოსავლელში მუხლებზე დაცემა:
ქეთინო, დედა და მამა სასიკვდილოდ გავწირე, ვერ წამოვიყვანე, არ წამოვიდნენ, აქ სიკვდილი გვირჩევნიაო… დახოცავენ… როგორ ვიცხოვრო დედამიწაზე… რა ვქნა, მიშველე! — ვერა ვერ დავივიწყებ და ვერც გულში შევინახავ… იმიტომ მიყვარს ჩემი გული, რომ ღიაა, რომ მართალია, რომ უყვარს და ამიტომაც კეთილი უნდა ინებოს და ეტკინოს!
თქვენ, ღმერთმა ინებოს, არაფერი გეტკინოთ, მხოლოდ არასდროს გამაჩეროთ, ისედაც ვერ ვამბობ ყველაფერს, რაც დამიგროვდა სათქმელი… ისედაც ვებოდიშები ყველა დაღუპულს, ისედაც უმწეობა დღეში რამდენჯერ მკლავს არც ვიცი…
მაგრამ ვარ ამაყი
ჩემს გულს იძულება არ სჭირდება — გენეტიკურად ტკივა საკუთარი და სხვისი სატკივარი… აფხაზეთი, აფხაზეთიდან დევნილები… სხვებიც მიყვარხართ და ტკივილისთვის არ მემეტებით…
მაპატიეთ ადამიანური სისუსტე, რომელიც — დიახ, გვამშვენებს!
ხვალ არა, ზეგ 27 სექტემბერია…
ამ დღეს არც მკვდარი ვარ, არც ცოცხალი…
ამიტომ ახლავე გეტყვით:
უნდა გავუძლოთ!
სხვა უფლება არ გვაქვს… ისე ძლიერები უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს… ჩვენი აფხაზეთის ხათრით წლებმა ვერაფერი ვერ უნდა დაგვაკლოს!
სანამ გვახსოვს — ცოცხლები ვართ ჩვენ და აფხაზეთი!
ქეთევან ჩემია