საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
«აზერბაიჯანელმა ხალხმა დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის გზაზე მრავალი სირთულე გადალახა და დღეს აზერბაიჯანი აყვავებული და წარმატებული სახელმწიფოა, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული ადგილი აქვს დამკვიდრებული. ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა მრავალ საუკუნეს ითვლის. დღესაც ჩვენ, ერთად ვესწრაფვით, განვამტკიცოთ და განვავითაროთ მეგობრული კავშირები და ორ ქვეყანას შორის წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ჩვენი ერების შემდგომ წინსვლასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. აზერბაიჯანის სტაბილურობა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში. ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და ვუსურვო მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს კეთილდღეობა, წარმატება და ყოველივე საუკეთესო», -აღნიშნულია მამუკა ბახტაძის მისალოც წერილში.