საინტერესო

ლავრენტი ბერია და კვარაცხელიები

ცნობილია რომ ლავრენტი ბერიას დედის, მართა ჯაყელის პირველი ქმარი იყო წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში მცხოვრები დიმიტრი კვარაცხელია, სოფლის მღვდლის, ამ არემარეში საკმაოდ ცნობილი ადამიანის, პეტრე კვარაცხელიას ძმა. დიმიტრი ადრე გარდაიცვალა და მართას მისგან დარჩა ორი შვილი _ თამარი და კაპიტონი.
დაქვრივებული ჯაყელის ქალი გათხოვდა პავლე ბერიაზე, რომელიც წარმოშობით გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულიდან იყო და ჯგალში ჩადიოდა ხოლმე სამუშაოდ. პავლემ მართა, თავის შვილებთან ერთად, სოფელ მერხეულში წაიყვანა, სადაც საბოლოოდ დასახლდნენ კიდეც. მართას აქ შეეძინა ლავრენტი და ანეტა.
და-ძმა კაპიტონ და თამარ კვარაცხელიები და და-ძმა ლავრენტი და ანეტა ბერიები თავის მხრივ და-ძმანი იყვნენ დედის მხრიდან, ერთად იზრდებოდნენ და ბუნებრივია ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ცნობილია, რომ ლავრენტი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა კაპიტონის მიმართ, დიდად აფასებდა მის ერთგულებას, კაცურკაცობას.
მიუხედავად სიშორისა, მართასა და მისი შვილების ურთიერთობა ჯგალთან, პეტრე კვარაცხელიას ოჯახთან, არ შეწყვეტილა. შემონახულია ჯგალელი ლალი კვარაცხელიას ჩანაწერები, რომლებიც მოგვითხრობენ, რომ მართას თავისი შვილები, მათ შორის ლავრენტი, ზაფხულობით ჯგალში პეტრეს ოჯახში ჩაჰყავდა. ბავშვობაში ლავრენტი ახლობლებთან ერთად თარზენშიც ადიოდა, სადაც მეჯოგე კვარაცხელიებს კარვები ედგათ. მომავალი დიდი `ჩეკისტის~ სიმკვირცხლე, გამჭრიახობა და მოხერხებულობა ყველას ხიბლავდა. თაობებს გადაეცა ადგილობრივ მცხოვრებთა ნაამბობი იმის შესახებ, მოგვიანებით როგორ შეხვდნენ მას ჯგალელები, რომლებმაც იქვე, ცაცხვის ქვეშ, დიდ ლოდზე მიუთითეს და უთხრეს ლავრენტის: ამ ლოდზე ბევრჯერ მჯდარხარ და გითამაშია, ჯგალი შენიც არის და არ დაივიწყოო. აქვე უნდა ითქვას, სოფლის მღვდლის, პეტრეს შესახებ, რომელსაც პეტრე პაპას ეძახდნენ. იგი ჯგალში (ლეთოფურეში) ცნობილ, ბესარიონ კვარაცხელიას დიდი ოჯახის ერთ-ერთი შვილი იყო; თვითონ პეტრეს რვა შვილი ჰყავდა: სერაფიონი, ერმინე, კიმოთია, გიორგი, ბესარიონი, ნადე, მინუცა, ივანე(გუგუ) _ უმრავლესობა დაუდგრომელნი, ამბოხი სულისანი იყვნენ, რომლებიც ჭირის დღესავით სძულდათ მთავრობის მოხელენი. ერმინემ სოფელ მუხურში მოკლა მამასახლისი გახარია, რომელიც გლეხობას საშინლად ავიწროებდა, თავად კი ხელისუფლებას ცოცხლად ჩაბარებას, თავის მოკვლა არჩია. ანალოგიურმა შემთხვევებმა შეიწირა სერაფიონი და კიმოთე.
გიორგი და ივანე სწავლა-განათლებას ეზიარნენ, მაგრამ ცხოვრებამ, საბოლოოდ, ისინიც გაწირა. ლავრენტი ბერიას ზეობის დროს, გუგუ თბილისში მუშაობდა, შემდეგ მოსკოვში გადავიდა. ლავრენტის დახვრეტის შემდეგ ისიც გადაასახლეს, იქიდან დაბრუნებული კი ჯგალში გარდაიცვალა.
პეტრე კვარაცხელიას და მის მეუღლეს, ედუ ცხადაიას, შვილი არ დარჩენიათ.
საინტერესოა ლავრენტი ბერიას ურთიერთობა ახლობლებთან, ნათესავებთან, მათ შორის კვარაცხელიებთან, იმ დროს, როცა იგი მაღალ პარტიულ თუ სახელმწიფო თანამდებობებზე იმყოფებოდა. ცხადია, მას პირადი ურთიერთობებისათვის არ ეცალა, მაგრამ შიგადაშიგ მაინც პოულობდა დროს, რომ საქმის კურსში ყოფილიყო, როგორ ცხოვრობდნენ მისი ახლობლები.
ერთი ასეთი ფაქტი გახდა ცნობილი: _ წალენჯიხაში პარტიის რაიკომის პირველ მდივნად მუშაობის დროს, მიხა ბარამიასთვის დაურეკავს ლავრენტი ბერიას და უთხოვია მისთვის, გაეგო, როგორ იყო პეტრე კვარაცხელია. რაიკომის მდივანსაც მოუხსენებია მისი უმაღლესი ხელმძღვანელისათვის არსებული მდგომარეობის შესახებ, ამასთან გარკვეული ყურადღებაც გამოუჩენიათ უკვე საკმაოდ მოხუცი კაცის მიმართ. ეს ნიუანსი მეტყველებს ლავრენტი ბერიას დაინტერესებაზე პეტრეს პიროვნებით.
არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ლავრენტი ბერიას ჯგალში გავლით ყოფნის ერთ შემთხვევას, რომლის შესახებაც დაწვრილებით მოგვითხრობს საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, ღვაწლმოსილი პიროვნება სპირიდონ კვარაცხელია:
`1932 წლის იანვრის ერთი წვიმიანი დღე იყო, _ გვიამბობს იგი, _ (მაშინ 19 წლის თუ ვიქნებოდი, ვასრულებდი 7-წლიანი სკოლის გამგის მოვალეობას). ჩემთან მოვიდა სოფლის საბჭოს აღმასრულებელი და განმიცხადა, ტელეფონთან გიბარებენო. მიხმობდა მაშინდელი რაიკომის პირველი მდივანი, ევგენი უბირია.
_ საბჭოს თავმჯდომარე არ ყოფილა. აბა შენ იცი, როგორ დაგვხვდები, ბერია მოდის. 15-20 წუთში მანდ ვიქნებითო, — მითხრა მან და ყურმილი დამიკიდა.
ამ მოკლე დროში, რამდენადაც შეგვეძლო, მოვემზადეთ შესახვედრად.
ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ საბჭოს წინამდებარე მოედანზე შემოჯირითდა ცხენებზე ამხედრებული ოცამდე კაცი და ერთი ფაიტონი, რომელშიც სამი კაცი იჯდა. ყველა ჩამოქვეითდა, ცხენები იქვე ღობეზე მიაბეს. მათ გამოეყო ორი პიროვნება და პირდაპირ საბჭოს შენობისაკენ გამოემართა. ერთი მათგანი რაიკომის მდივანი, ევგენი უბირია იყო, ხოლო მეორე, ნაბდიანი _ ლავრენტი ბერია, საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი. მათ შენობის კიბესთან მივეგებეთ მე და ერთ-ერთი მასწავლებელი, მატრონა კვარაცხელია.
ხელის ჩამორთმევის შემდეგ, სასოფლო საბჭოს თავმჯდომარის ოთახში შევედით. რაიკომის მდივანმა ჩემი თავი გააცნო საპატიო სტუმარს. იგი შეკითხვებს მაძლევდა, მეც ვპასუხობდი.
_ რა გეგმა-დავალებები გაქვთ, როგორ მიდის საქმე?
მეც დაწვრილებით ვუამბე არსებულ მდგომარეობაზე კონკრეტული მაჩვენებლებიც თან ახლდა ჩემს პასუხს.
_ შენ, სკოლის მასწავლებელმა, ასე დაწვრილებით საიდან იცი ყველაფერი?
_ გუშინ კრებაზე განვიხილეთ ეს საკითხი და ღონისძიებაც დავსახეთ, _ ვუპასუხე მე.
_ რა ღონისძიება?
_ უბნებზე კომკავშირული აქტივისტების მიმაგრება.
_ რისთვის, რა მიზნით?
_ შეუსრულებელი გეგმების ნარჩენების სალიკვიდაციოდ, რათა დავალებები თვის ბოლომდე აუცილებლად შესრულდეს.
_ რა პრობლემები გაქვთ სოფელში?
_ ჩვენი სოფელი რაიონის ერთ-ერთი დიდი, ხალხმრავალი სოფელია. ამასთან, არა გვაქვს აფთიაქი, არც საავადმყოფო, სკოლა შვიდწლიანია და მისი დამთავრების შემდეგ, მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს სწავლის გაგრძელებას, უმრავლესობა კი უსწავლელი რჩება. აუცილებლად მიგვაჩნია შვიდწლიანი სწავლების ცხრაწლიანად გახანგრძლივება (იმ პერიოდში საშუალო სკოლა ცხრაწლიანი იყო).
_ მართალი ხარ, ეს ყველაფერი მოსაგვარებელია. _ მითხრა და რაღაც-რაღაცეები ბლოკნოტში ჩაინიშნა.
_ მადლობა, დიდი მადლობა, თქვენი იმედი გვაქვს, _ ვუთხარი მეც. ბოლოს მკითხა:
_ როგორ არის პეტრე კვარაცხელია? (კითხვა მოულოდნელი იყო, წამით შევყონდი, მაგრამ მივხვდი, ვისზედ მეკითხებოდა).
_ გუშინწინ შევხვდი, ამხანაგო მდივანო. _ მივუგე მე. _ იმ უბანში მოსწავლეები მყავდა შაბათობაზე, კარგად იყო, დიდხანს ვისაუბრეთ.
ჩემგან მიღებული პასუხებით ეტყობა კმაყოფილი დარჩა. უცბად წამოდგა, ხელი ჩამოგვართვა, კარგად ყოფნა და წარმატებები გვისურვა და ოთახიდან გავიდა, რაიკომის მდივანიც მას მიჰყვა. მივიდა ცხენთან. აღვირიც მიაწოდეს, მარდად მოახტა და საოცრად მოხდენილად გაჰქუსლა. სხვებმაც მას მიბაძეს და მუხურისაკენ (ჩხოროწყუს რაიონი) აიღეს გეზი.
მისი ამალიდან ევგენი უბირიას გარდა მხოლოდ სამი იყო ჩვენი ნაცნობი: რაიონის „ჩეკას“ უფროსი ვლადიმერ მზარელუა (შემდგომში გენერალი), ზუგდიდის რაიკომის პირველი მდივანი იუსტინე გვასალია, ამავე რაიონის „ჩეკას“ უფროსი ვლადიმერ ზაქარაია.
მეორე დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი თურმე ჩხოროწყუს ესტუმრნენ, ხოლო შემდეგ კურსი სენაკისაკენ აუღიათ (ცოტა მოგვიანებით გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ლავრენტი ბერიამ იმ დროს მთელი სამეგრელო ცხენით შემოიარაო).
დახმარებამაც არ დააყოვნა. მომდევნო წლებში ჩვენს სოფელში გაიხსნა აფთიაქი, აშენდა საავადმყოფო, შვიდწლიანი სკოლა საშუალო სკოლად გადაკეთდა. ამ სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ, დირექტორის მოადგილედ ჯერ კიდევ უმაღლესდამთავრებული დავინიშნე.
ცნობილია, რომ როცა ლავრენტი ბერია ბაქოში იმყოფებოდა, მასთან ერთად იყვნენ კაპიტონ და თამარ კვარაცხელიები. იგი დროგამოშვებით სოხუმშიც ნახულობდა კაპიტონ კვარაცხელიას.
ზოგი რამ მართასა და მისი
ოჯახის წევრების შესახებ:
მართას ქალიშვილი, თამარი, ლავრენტი ბერიას ნახევარდა იყო _ საქართველოში საკმაოდ ცნობილი მშენებლის გივი კვიჭიძის ბიცოლა, სათნო უაღრესად თბილი და უკეთილშობილესი ქალი.
აი, რას გვიამბობს გივი კვიჭიძე თავის მოგონებებში: „ბიძაჩემის, კოლიას წყალობით შემოვიდა მართა ბებია ჩემს ცხოვრებაში და როგორც იტყვიან, წარუშლელი კვალი დატოვა. მართა ბებიას შესახებ ბევრი რამ მაქვს სათქმელი და ვეცდები, არაფერი გამომრჩეს. ვიდრე პირადად შევხვდებოდი და გაგიცნობდი, უკვე იმდენად მიმზიდველ ფერებში მიხატავდნენ მის კეთილშობილ ბუნებას, რომ მართლაც ზღაპრულ ფერიად მეჩვენებოდა.

Loading…

_ მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, _ განაგრძობს ბატონი გივი, ვინ იყო ბერია, ოჯახში მასზე იშვიათად ლაპარაკობდნენ. ბიძაჩემსაც სულ ორჯერ თუ სამჯერ ჰყავდა ცოლისძმა ნანახი. ბიცოლაჩემი თამარი ხომ მუდმივად ჩვენი ოჯახის გულშემატკივარი და მზრუნველი იყო. შვილივით ზრდიდა ჩემს დას _ ჟენიას. სხვებსაც არ გვაკლებდა ყურადღებას. სოფელში მისი სტუმრობა ნამდვილი დღესასწაული იყო. საჩუქრები ჩამოჰქონდა ჩემთვის. განსაკუთრებით მაშინ დავუახლოვდი, ომის პერიოდში, ერთი წელი ჩვენთან აცანაში რომ გაატარა. წიგნის კითხვა იმან შემაყვარა…
პრაქტიკაზე ორჯერ გამაგზავნეს, ორივეჯერ სოხუმში, ბიძაჩემთან ვცხოვრობდი. სოხუმში ვხვდებოდი ბიცოლაჩემის ძმას, იმ დროს მთელ აფხაზეთში ცნობილ კაცს, კაპიტონ კვარაცხელიას. მართლაც რომ დიდებული, თბილი, კაცთმოყვარე, ყოველგვარი ადამიანური ღირსებებით უხვად დაჯილდოებული იყო. კაპიტონი და ბიძაჩემი გულითადი მეგობრები იყვნენ, ძმებივით უყვარდათ ერთმანეთი, თითქმის ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს, მათთან ერთად ხშირად მინახავს მაშინდელი აფხაზეთის ფინანსთა მინისტრი სერგო მათითაშვილი, კაპიტონისა და ბიძაჩემის განუყრელი მეგობარი, ღრმად განსწავლული, ერუდირებული კაცი. სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში მათ სიახლოვეს ყოფნა. ეს იყო მართლაც შესანიშნავი სამეული. ისინი რომ ერთად დასხდებოდნენ, დარბაისლურ საუბარს ქართულად დაიწყებდნენ, ყურებდაცქვეტილი და აღტაცებული ვუსმენდი.
მათი შეხვედრა, როგორც წესი, პატარა სუფრით მთავრდებოდა. ორიოდ ჭიქის შემდეგ, მათ მოსმენას არაფერი სჯობდა.
კაპიტონ კვარაცხელია 1951 წელს გარდაიცვალა. სოხუმელმა ქართველებმა დიდი პატივით გააცილეს იგი უკანასკნელ გზაზე. მის დაკრძალვაზე ლავრენტი ბერიაც ჩამოვიდა სოხუმში. როცა ბერია დახვრიტეს, აფხაზებმა საფლავიდან ამოაგდეს კაპიტონ კვარაცხელიას ნეშტი, უმოწყალოდ, ბარბაროსულად შეურაწყვეს და სადღაც გადააგდეს. ბერიას გამო, ასევე მხეცურად შური იძიეს კაპიტოს შვილზე, ვახტანგზე. იგი 1985 წელს ჯერ წამებით მოკლეს, შემდეგ გვამი „ჩამოახრჩვეს“!
რა ბედი ეწია მართას? ბერიას გაქრობის შემდეგ, იგი ყორღანოვის ქუჩიდან ბელისნსკისა და ბარნოვის ქუჩების გადაკვეთაზე ოროთახიან, ბნელსა და ნესტიან ბინაში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში უპატრონოთა თავშესაფარში მოათავსეს.
ბერიას სხვა ნათესავებსაც იგივე ბედი ეწიათ. მართას ქალიშვილი, ანეტა და მისი ქმარი, ლევანი, ყაზახეთში გადაასახლეს. არც მისი მეორე ქალიშვილი დაივიწყეს, მეუღლე კოლიასთან ერთად, მასაც მიუჩინეს შესაფერისი ადგილი შორეულ აღმოსავლეთში.
ბერიას დედას, მართას კვლავინდებურად ყურადღებას არ აკლებდა გივი კვიჭიძე. იგი ხშირად აკითხავდა მას ახალქალაქში, რისთვისაც მართა სულ ლოცავდა: შენ ყოფილხარ ჩემი მფარველი, კეთილი ანგელოზიო.
_ ბებია მართა, _ იგონებს გივი კვიჭიძე. _ „ღრმად მორწმუნე, ღვთისმოსავი ქალი იყო. მახსოვს თბილისში თავისი ბინა ხატებით ჰქონდა სავსე, უპატრონოთა სახლში მთელი დღე თურმე მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობდა. ბოლოს დაბრმავდა, ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა“.
მოგვიანებით მართა ჯაყელის ნეშთი თბილისის ზღვასთან ახლო მდებარე სასაფლაოზე გადმოასვენეს. იქვეა დასაფლავებული ბერიას მეუღლე, ბერიას და, ანეტა, ქმართან ერთად. ბერიას დის, ანეტას შვილი, ანიკო ლოლაძე თბილისში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. კაპიტონ კვარაცხელიას ქალიშვილი სუსანა და შვილიშვილი ალა კვარაცხელია ცოცხლები აღარ არიან.
ამრიგად, მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული პიროვნების, ლავრენტი ბერიას ცხოვრების ჩარხის უკუღმა შეტრიალებამ მოშალა მთელი სანათესაო და მრავალგზის ტანჯვა-წამება, უბედურება მოუტანათ მათ.
ვინ იყო ლავრენტი ბერიას ძმა
კაპიტონისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ მოგვითხრობს შვილიშვილი, ელა კვარაცხელია, რომელიც ფლობს ნაცნობ-ნათესავების მოგონებებიდან მიღებულ ინფორმაციას. მათ შორის ყველაზე უფრო სარწმუნო და მნიშვნელოვანია კაპიტონის აწ გარდაცვლილი შვილის (ელას დედის) სუსანას მონათხრობი.
კაპიტონ კვარაცხელია ლავრენტი ბერიას ნახევარ-ძმა იყო. მართა ჯაყელის პირველი ქმრის, დიმიტრი კვარაცხელიასაგან, რომელიც წალენჯიხის რაიონის სოფელ მერხეულში მცხოვრებ პავლე ბერიაზე დაქორწინდა, რომლისგანაც ეყოლა ორი შვილი _ ლავრენტი და ანეტა. მათ ერთმანეთთან განსაკუთრებული და-ძმური ურთიერთობა ჰქონდათ. კაპიტონი სოხუმში ცხოვრობდა და დიდხანს მუშაობდა აფხაზეთის ნავთობბაზის უფროსად.
ჩემთვის არ არის ცნობილი როდის დაიბადა ბაბუაჩემი, მაგრამ მისი გარდაცვალების შესახებ შემოინახა საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია. იგი გარდაიცვალა 1951 წელს და მის საპატივცემულოდ დაკრძალვაზე დიდძალი ხალხი მოსულა.
ცნობილია მიზეზი, რამაც გამოიწვია ბაბუაჩემის სიკვდილი. წყალტუბოში მკურნალობის დროს იგი ავად გახდა _ დაემართა საჭმლის მომნელებელი ორგანოების სპაზმი, რასაც შედეგად მოჰყვა ნაწლავების გახვრეტა. ექიმებს ლავრენტის შეეშინდათ და არ გაამხილეს, რომ ავადმყოფობა გამოწვეული იყო კვების პროდუქტებით. ბოლოს კი გაირკვა ყველაფერი, მაგრამ გვიან იყო. ბაბუას გადარჩენა მთელს კავშირში ცნობილმა ექიმებმაც კი ვერ შეძლეს. დიდი პატივით გაასვენეს კაპიტონი, რასაც იგი ნამდვილად იმსახურებდა. ზოგიერთი თვლის, რომ კაპიტონ კვარაცხელია ამოფარებული იყო თავისი ძმის დიდ ავტორიტეტს და ამით სარგებლობდა, რაც არ არის სწორი. იგი თვითონ იყო საკმაოდ გამორჩეული პიროვნება, უაღრესად განათლებული, თბილი, კაცთმოყვარე, ადამიანური ღირსებებით უხვად დაჯილდოებული. მის სახლში ხშირად იმართებოდა მეგობრული შეხვედრები, სადაც საკმაოდ ცნობილი ადამიანები იყრიდნენ თავს, მათ შორის ბევრი იყო აფხაზი, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბაბუაჩემს. შეხვედრებზე რაიმე კონფლიქტს არასდროს ჰქონია ადგილი. ასეთი ადამიანები ბევრნი რომ ყოფილიყვნენ აფხაზეთში, ადვილი შესაძლებელია თავიდან აგვეცილებინა ძმათა სისხლისღვრაც.
კაპიტონს ერთი ფეხი არ ჰქონდა, მან ის ბაქოში დაკარგა. ახალგაზრდობისას იქ ცხოვრობდა თავის ძმასთან, ლავრენტისთან, დედასთან და ქალიშვილ სუსანასთან ერთად. ტრამვაიდან გადმოხტომის დროს თავის ძმას, ლავრენტის შეეშველა და ტრამვაის ქვეშ მოჰყვებოდა, კაპიტონს ხელი რომ არ ეკრა. იგი გადაარჩინა ხიფათს, მაგრამ თვითონ ვერ ასცდა უბედურებას. ტრამვაიმ ფეხზე გადაუარა. ძმის ამ კეთილშობილებასა და თავდადებას დიდად აფასებდა ლავრენტი.
როგორც ითქვა, კაპიტონი და მოქეიფე კაცი იყო. ერთხელ, როცა უკვე ლავრენტის მაღალი თანამდებობა ეკავა, მისმა თანამშრომელმა დაასმინა კაპიტონი, იგი ხშირად ზომაზე მეტად ეტანებოდა ღვინოს. ლავრენტიმ თურმე იწყინა ეს და მკვახედ მიუგო: „რომ ამის შესახებ არ ითქვას, ჩემმა ძმამ იცის როგორ უნდა მოიქცესო“.
ბაბუას მეუღლე შურა კოროლიოვა ულამაზესი ქალი ყოფილა, იგი კაპიტონმა მომღერალთა გუნდის ციმბირში საგასტროლოდ ყოფნის დროს გაიცნო. შურა ბებია ყვებოდა თურმე როცა პირველად ვნახე კაპიტონი, ეს ულამაზესი და უმშვენიერესი ქართველი კაცი, მაშინვე შემიყვარდაო. შურა მისი მეორე ცოლი იყო. მათ ჰყავდათ ერთადერთი ვაჟი ვახტანგი, რომელიც უაღრესად განათლებული და ჭკვიანი პიროვნება იყო, ნამდვილი ინტელიგენტი, კაპიტონისა და მთელი სანათესაოს საიმაყე. ვახტანგი მუშაობდა ადვოკატად, ეწეოდა სამწერლო მოღვაწეობას, არის რამდენიმე პიესის ავტორი. აღსანიშნავია, რომ ვახტანგმაც რუსი ეროვნების ქალთან ერთად შექმნა ოჯახი.
ვახტანგის მეორე ცოლი სვეტლანა ბესელია, აფხახეთის პროკურორის თანაშემწე იყო. მას შემდეგ, რაც 1953 წელს, ვახტანგ კვარაცხელია მხეცურად აწამეს და მოკლეს. აგარიშსწორების შიშით სვეტლანა საცხოვრებლად შვილთან, გოგლასთან გადავიდა სანკტ-პეტერბურგში. მათ შესახებ დღეს ნათესავებმა არაფერი იციან.
ვახტანგის საფლავი ცნობილია, ხოლო მისი მამის, კაპიტონის საფლავი, ლავრენტი ბერიას დახვრეტის შემდეგ, დაანგრიეს. ბაბუასა და ლავრენტი ბერიას დებიც, თამარი და ანეტა, არ არიან ცოცხლები. თამარი თავის ძვირფას მეუღლესთან ნიკოლოზ კვიჭიძესთან ერთად, ცხოვრობდა სოხუმში, მაგრამ მათ ბედნიერ ცხოვრებას წერტილი დაესვა ბერიას დახვრეტის შემდეგ, როცა ორივე გადასახლებაში აღმოჩნდნენ. ასევე გადაასახლეს მეორე დაც, ანეტა კვარაცხელია. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ასეთი ეპიზოდი: როცა მამიდა ანეტასთან მივიდნენ დაპატიმრების ნებართვის ორდერით, მისი ქმარი, არჩილი, პატიმრობაში იყო (ბერიას იზოლირებისთანავე მას ამოუქექეს რაღაც უმნიშვნელო დარღვევა და დააპატიმრეს). ელენემ განაცხადა, რომ იძულებული გახდნენ, არჩილი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ და მეუღლესთან ერთად, ყაზახეთში გადაესახლებინათ.
ასე რომ, ჩვენი ძლიერი და მრავალრიცხვოვანი ოჯახიდან, რომლებიც კვარაცხელიების დიდი ოჯახის ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი შტო იყო, ცოტაოდენი დავრჩით.

ელა კვარაცხელია, კაპიტონის შვილიშვილი

წყარო: ჟურნალი „სამეგრელო“

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

იცით თუ არა რა პრივილეგიებით სარგებლობს ელიზაბეტ II?

დასახელდა ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მულტფილმი

იფიქრე და გამოიცან…

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი