ძვირფასო მეგობრებო, თქვენის ნებართვით მინდა ჩემი ერთ-ერთი მოსაზრება შემოგთავაზოთ შემდეგი სახელწოდებით: «კორონავირუსის გამო გამოწვეული ეკოლოგიური და სატრანსპორტო ფაქტორების გათვალისწინებით, წინა წლებთან შედარებით დღევანდელ მსოფლიოში სხვადასხვა ავადმყოფობისა და ტრაგიკული შემთხვევების შედეგად მსოფლიო მოსახლეობის სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს».
მოკლედ, კორონავირუსის ყველა ნეგატიური შედეგის მიუხედავად, როდესაც აღნიშნულმა ვირუსმა 50 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეკოლოგიური გარემო მკვეთრად გაუმჯობესდა. რა თქმა უნდა ჩემის მხრიდან უზნეობა იქნება იმის თქმა, რომ «ზოგი ჭირი მარგებელია», როდესაც საქმე გვაქვს ათეულ ათასობით აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლთან და ა.შ.
უბრალოდ ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით ავღნიშნავ შემდეგს:
მარტის თვეში, ნასას (NASA) და ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრებმა ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების მნიშვნელოვანი შემცირება დააფიქსირეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მრავალ რეგიონში ჰაერი გახდა უფრო სუფთა. მაგალითად, კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ ინდუსტრიულ ჩინეთში, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ აზოტის დიოქსიდის (NO2) დონე ნორმასთან ახლოს იყო.
მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფა.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა და მოქალაქეთა გადაადგილება დაახლოებით 20-30%-ით შემცირდება. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის დროს ტურისტების რაოდენობა მთელს მსოფლიოში მხოლოდ 4%-ით შემცირდა. ხოლო იმავე პერიოდში (2008-2009 წწ.) ნავთობზე მოთხოვნის შემცირების შედეგად, მსოფლიოში მავნე გამონაბოლქვი გაზების გავრცელება 50%-ით დაეცა. შედეგად, მიმდინარე წელს «შავ ოქროზე» მოთხოვნის კიდევ უფრო შემცირების შედეგად (1 ბარელი ნავთობის ფასი უკვე 15 დოლარს ჩამოცდა, 2009 წელს 1 ბარელი ნავთობის ფასი 40 დოლარის ფარგლებში მერყეობდა), ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების მოცულობა უფრო მეტად უნდა შემცირდეს.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურების შედეგად ყოველწლიურად მსოფლიოში კვდება დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი. ორგანიზაციის მონაცემები ადასტურებს, რომ ყოველი 10 ადამიანიდან 9 სუნთქავს ჰაერს, რომელიც სხვადასხვა მავნე ნივთიერებების მაღალ რაოდენობას შეიცავს.
გარდა ამისა, 2020 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, ავტოავარიების შედეგად მსოფლიოში 275 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა (ანუ 5-ჯერ უფრო მეტი ვიდრე კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი), რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა ავადმყოფობებით, ასევე შიმშილით დაღუპულთა რაოდენობაზე (დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი).
შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კორონავირუსის შედეგად — ეკოლოგიური გარემოს მკვეთრი გაუმჯობესებისა და სხვადასხვა ტიპის, პირველ რიგში კი საავტომობილო ტრანსპორტის მოცულობის მკვეთრი შემცირების ფონზე, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს როგორც გარემოს დაბინძურების შედეგად, ასევე ავტოავარიების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი. რის შედეგადაც ჯამში, კორონავირუსის და სხვა ავადმყოფობების და ტრაგიკული შემთხვევების შედეგად, მიმდინარე წელს, 2019 და წინა წლებთან შედარებით მთელს მსოფლიოში გარდაცვლილთა გაცილებით ნაკლები რაოდენობა მივიღოთ.
ნიკა ჩიტაძე, პოლიტექსპერტი