ანალიტიკაპუბლიკაციები

კომენდანტის საათის გამოცდილება

თამამად შეიძლება ითქვას, მაგარი გამოცდილი კაცი ვარ! კომენდანტის საათის უკვე ორჯერადი გამოცდილება მაქვს!

ეპიზოდი პირველი – ,,ზვიადისტები“, ,,პუტჩისტები“ და ,,შუაშისტი” ლოთი.
გაგანია ომია. სამტრედია ,,ზვიადისტების“ ხელშია. კომენდანტის საათია. ღამის ოთხია… გამეღვიძა, საშინელ პახმელიაზე ვარ. თავში მატარებელი დადის. ქუჩაში გავბოდიალდი. მეზობლებს დასალევი დიდი ხნის წინ გაუთავდა. არაყი მხოლოდ უნივერმაღშია…
…მანქანის ხმა! ტელევიზორის ცარიელი ყუთისკენ გავქანდი…
– აბა ამოეთრიე მაქედან, სკან დიდა პხოდი!
ხელი ქეჩოში. უნივერმაღის მოზაიკაზე პირქვე გავიშხლართე. სუნთქვისას ცხვირში იატაკის მტვერი შემოდის, თავს ოდნავაც არ ვატრიალებ, მზერა პირდაპირ იატაკისკენ მაქვს მიმართული. არ მინდა, საკუთარი სასიკვდილო ტყვია დავინახო… ავტომატის კონდახი გვერდებში, მუჯლუგუნები თავში:
– ფეხები გაშალე! ხელებიც! დროზე! ამოტრიალდი შე ნაბოზვარო, ერთი შეგხედო, შენი…!

Loading…

ლულა თავზე მაქვს მობჯენილი… ასე ახლოს სიკვდილთან არასოდეს ვყოფილვარ. ხელები საფეთქლებზე ავიფარე, არ მსურს თვალის მოკვრითაც კი ჯალათის ფეხებს, თუნდაც ჩრდილს ვხედავდე. სიბნელე მამშვიდებს, მასში არავინაა, არც მე, არც მკვლელი. გაცოფებულია, სადაცაა დაუშვებს… გასაოცარია, რა სიცხადით აღვიქვამ ყოველივეს – მთვრალს სხვისი ოხშივარი სასტიკად მაწუხებს! სრულიად გამოვფხიზლდი, ხმა საიდანღაც შორიდან, ზემოდან მოდის:
– ამობრუნდი, თორე გესვრი, შე ახვარო! შენი ,,მხედრიონელი” დედას შევეცი მე! ამობრუნდი-მეთქი! ჩვენ აქ სისხლს ვღვრით, ეს განდონი არაყს იპარავს! თავში მწარედ მერჭობა ავტომატის ლულა. პირველად ვესწრები საკუთარ დახვრეტას. უკანასკნელად? ამოტრიალება არ შეიძლება! არაფრით, არა! სულ რომ გასკდეს სიბრაზით მაინც! თორემ ასიანი გამათავებს! თვალებში რომ ჩამხედავს, მერე ადვილად მესვრის. ასე ვერ ბედავს, უცნობს ვერ მიმეტებს. განძრევა და დანძრევა ერთი იქნებაო – ამაზეა ნათქვამი.
– არა ხო?! არ გადმობრუნდები ხო?! აბა, ვნახოთ შენი დედას…!
ჩემი სხეულის კონტურების ნატურიდან ხატვას იწყებს მეგრელი ლეონარდო. დაუშვა, რა დაუშვა! წვიმა, ნიაღვარი, ტყვიების, რა თქმა უნდა. ჯერი ყურის ძირში – ,,დრრრ-დრდ-დრდ-დრრრ”… ყურები დამიგუბდა, მიწუის. ისევ ჯერი – ,,დრ-დრ-დრდდდდ-დრ”… კარგი მსროლელია ეტყობა! ისე ახლოს აჯენს ტყვიებს, რომ ატკეჩილი მოზაიკის პაწაწინა ნაწილაკები სახეში მესობა. თავს ცოცხალი თავით არ ვანძრევ, ქვესკნელში ვიყურები. ,,ჩხაკ-ჩხუკ” – სულ გაცოფდა, ეს ჩემისა, მეორე მჭიდი გააძრო. ისიც თავთან დამაცალა. ამოუშვა როგორც იქნა ბოღმის ორთქლი, გაუარა გაშმაგებამ. აი კაცი – მეგრელიც ჭეშმარიტი ქართველია, ვერ დასწამებ სეპარატიზმს! ჯიგარი ხარ! არ დამბრიდა! გა-დავ-რჩიიიი!

ეპიზოდი მეორე – ,,კორონავირუსი“ და მრავალჭირნახული – მე
მშვიდობიანად სახლში ვზივარ. სიგარეტებს ვაწყობ და ვაბოლებ, ვაწყობ და ვაბოლებ და ვარ ასე წუთისოფელზე ფიქრებთან განმარტოებული…
აი, რას ნიშნავს გამოცდილება!

ზურა ოდილავაძე
paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

ეპოქის დასასრული…

«ქართული ოცნების» საინფორმაციო მანქანა ლექსო ლაშქარავას წინააღმდეგ

Joni Kvaracxelia

«დავამარცხოთ გადამგდები ,,ოცნება» და მალე ბევრი თქვენგანიც გავუშვათ პენსიაში»

დატოვე კომენტარი