ათი მცნებიდან, რომელიც თავად ღმერთმა მისცა მოსე წინასწარმეტყველს, პირველი ორი კერპების შექმნის საშიშროებას ეხება. ათი მცნებიდან – პირველი ორი!.. შეიძლება ეს შემთხვევითობა იყოს?! რა თქმა უნდა – არა!
ქართველები მეტად სახიფათო სენისკენ ვართ მიდრეკილნი: სასოწარკვეთის ჟამს ვიწყებთ პიროვნებით აღფრთოვანებას და მის უზომო ქება-დიდებას – მორიგი მესია კვარცხლბეკზე აგვყავს და ვქმნით სამართლიანობისთვის მებრძოლ მხსნელს…
უკრიტიკო ველში გამოკეტილი კერპი კი სულ უფრო და უფრო რწმუნდება საკუთარ უცდომელობასა და განუმეორებლობაში. სულ მალე ის ჯორივით ჯიუტ ბავშვად იქცევა…
არ ვიცი, შეიძლება ამაში ჩვენი ინფანტილიზმიც იყოს დამნაშავე…
ასეა თუ ისე, გადის დრო, დგება თვალის ახელის ეტაპი – საკუთარი სიდიადით მოხიბლული კლოუნი უკვე ზემოდან გვიყურებს და ჭკუას გვარიგებს…
მოზეიმე პროვინციალიზმის ცოცხალი მანიფესტი აზრის გამოთქმას არავის აცლის – მან ხომ ყველაფერი ყველაზე კარგად იცის. ყოვლისმცოდნე მასხარა ეროვნული თავის ტკივილის მასშტაბს იძენს და თავაწყვეტილობის გამო ჩამოსაგდები ხდება…
თუ პიროვნებას ადამიანთა ცნობიერებაზე მძლავრი ზემოქმედების ბერკეტები გააჩნია, მისი აღმატებით ხარისხში აყვანა მეტად საზიანოა. ეს აუცილებლად იწვევს თავში ავარდნასა და უცდომელობის განცდას. ახლადგამომცხვარი მხსნელი იწყებს მხოლოდ საკუთარი სიდიადით ტკბობას… ასეთმა ,,ხალხოსანმა“ შეიძლება ადამიანთა დიდ ჯგუფს ავნოს, მეტიც, გაამაყებულს ეს აუცილებლად მოუვა!
უკრიტიკო ველში მოქცევითა და გაღმერთებით ჩვენ მრავალი საერო თუ საეკლესიო პირი დავღუპეთ. განსხვავებული აზრისადმი გაავება ხომ ადამიანს ობიექტურობასა და საკუთარ ქმედებებზე კონტროლს აკარგვინებს…
აკუნტრუშებული გოიმი მაღალი დასაჯდომელიდან ვარდება, ჩვენ კი მორიგი იმედის გაცრუება გვიპყრობს….
P.S.
ეს ამბები, ალბათ, ჩვენივე სიამაყის გამო მოგვდის… კაცობრიობის ისტორია გვასწავლის – იქონიე იდეალები და არა კერპები, პირველი იცვლება და იხვეწება, მეორე – არა…
ჩვენ გვგონია, რომ ვიცით, არადა: ვინ არის დიდი და ვინ პატარა – ამას ამა ქვეყნის შვილები ვერ განვსაზღვრავთ… მხოლოდ მისი უდიდებულესობა დრო დაადგენს პიროვნების მასშტაბს.
ზურა ოდილავაძე