მინდა გამოვეხმაურო ბოლო მოვლენებს და საკუთარი აზრი დავაფიქსირო
ქართული ოცნება ქართული ოცნება / Georgian Dream და ვითომ დამოუკიდებელი პარტია ხალხის ძალა / People’s Power ყველანაირად ცდილობს გაამართლოს კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ და მას ამერიკულ კანონად ასაღებს. ახლა შევეცდები ოცნების სიცრუე გავაანალიზო.
1930-იან წლებში გერმანიაში ნაციზმის აღზევების და აშშ-ში უცხოურ პროპაგანდასთან დაკავშირებული ზრდადი შეშფოთების პასუხად, წარმომადგენელთა პალატამ შექმნა არაამერიკული ქმედებების საგანგებო საგამოძიებო კომიტეტი. კომიტეტს დაევალა, ეწარმოებინა საგამოძიებო მოქმედებები სამი მიმართულებით: ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაცისტური პროპაგანდის მასშტაბი, ხასიათი და მიზნები; ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ ძირგამომთხრელი პროპაგანდის გავრცელება, რომელიც ხელშეწყობილია უცხო ქვეყნებისგან და ეწინააღმდეგება მმართველობის იმ ფორმის პრინციპებს, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციით; ნებისმიერი სხვა საკითხი აღნიშნულის გარშემო, რომელიც დაეხმარება კონგრესს ნებისმიერი საჭირო საკანონმდებლო ზომის მიღებაში.
კომიტეტის რეკომენდაციების საფუძველზე, 1938 წელს ძალაში შევიდა „უცხო ქვეყნის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA), რომელმაც მიზანში ამოიღო პროპაგანდა და ძირგამომთხრელი პოლიტიკური საქმიანობა, განსაკუთრებით, ნაცისტური წყაროების მხრიდან. კანონი ეხებოდა როგორც ამ ინტერესებისთვის მოქმედ, ისე მათთან კავშირში მყოფ უცხოური გავლენის აგენტებს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მოხდა კანონის რედაქტირება.
1966 წელს FARA-ში შესწორება შევიდა. კანონი დავიწროვდა და შეეხო აგენტებს, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ და მუშაობენ უცხო ქვეყნის ძალებთან იმისთვის, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების გზით ეკონომიკური თუ პოლიტიკური სარგებელი მიიღონ. შესწორებამ კანონის ფოკუსი პროპაგანდიდან პოლიტიკურ ლობირებაზე გადაიტანა და დაავიწროვა ტერმინი „უცხო ქვეყნის აგენტის“ მნიშვნელობაც. შედეგად, პიროვნება და ორგანიზაცია აღარ მოხვდებოდა FARA-ს ბაზაში, თუ მთავრობა ვერ დაადასტურებდა, რომ ისინი მოქმედებდნენ „უცხო ქვეყნის დავალებით, მოთხოვნით ან ხელმძღვანელობით და კონტროლით“ და აღნიშნული სავარაუდო აგენტი „ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაში აღნიშნული ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ“, მათ შორის, „წარმოადგენდა ასეთი ქვეყნის ინტერესებს შეერთებული შტატების მთავრობის ნებისმიერი ორგანოს და ოფიციალური პირის წინაშე“.
შეერთებული შტატებში „უცხო ქვეყნის აგენტებად “ არ შეურაცხავთ პოლიტიკური მოწინააღმდეგები და აქედან გამომდინარე ვერ მოეწყობოდა პოლიტიკური რეპრესიები.
მე მომიწია რუსეთში ცხოვრება,სადაც ყურადღებით ვადევნებდი თვალს მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს.
რუსეთში აღნიშნული კანონი 2012 წელს შესაბამისი „არგუმენტაციით“ და დაჩქარებული ტემპით მიიღეს. იმ დროისთვის კიდევ არსებობდნენ ოპოზიციურად განწყობილი, მაგრამ დაქსაქსული პოლიტიკური ძალები და ერთეული პოლიტიკოსები , რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ პროტესტის გამოხატვის საშუალება იმ დროისთვის ჯერ კიდევ თავისუფალ ინტერნეტ რესურსებზე და ჯერ კიდევ ნაწილობრივად თავისუფალ ოპოზიციურ მასმედიაში.
ხელისუფლების მთავარი არგუმენტი იყო საზოგადოებრივ საქმიანობაში ფინანსური გამჭვირვალობის უპირატესობები და გამორიცხვა ნებისმიერი შეზღუდვებისა ე.წ. „ინოაგენტების“ საქმიანობაში. — არაფერს გაგონებთ?
კანონის მიღების შემდეგ ასევე დაჩქარებული ტემპით წარმოადგინეს ე.წ. „ინოაგენტების“ რეესტრი, რომელიც 100 %-ით შედგა ოპოზიციურად განწყობილი მასმედიის,საზოგადოებრივი ორგანიზაციების, არასამთავროების, საქველმოქმედო ფონდების, ინტერნეტ რესურსების, ბლოგერების, იურიდიული და კერძო პირებისგანაც.
ე.წ. „ინოაგენტების“ რეესტრის ამოქმედების შემდეგ ასევე დაჩქარებული ტემპით სინქრონულად, ცნობილი პროფესიონალიზმით და ცინიზმით, მთელი სიმძლავრით ამუშავდა სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა და გეგმაზომიერად დაუწყო „თვალის ახელვა“ რუსეთის მოსახლეობას და შერაცხა „ინოაგენტები“ მოღალატეებად, სამშობლოს გამყიდვლებად, ლიბერასტებად და ა.შ.
რუსეთის ხელისუფლებამ მედიის მიმართ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის დებულებების გაფართოება გადაწყვიტა. ახლა ნებადართულია ამ სტატუსის მინიჭება იმ პირებზე , რომლებიც მონაწილეობენ „უცხოური აგენტების“ მედიის შექმნაში ან ავრცელებენ მათ მესიჯებს და ამავდროულად იღებენ ფულს უცხოეთიდან. ფაქტობრივად, კანონი გავრცელდა ყველა იმ ადამიანზე, ვინც სოციალურ ქსელებშიც აქტიურობს.
აი რას ნიშნავს კანონი, რომლის მიღებასაც აპირებს დღევანდელი ხელისუფლება.
ლუკა თეთრაძე