ანალიტიკაპუბლიკაციები

კალას სკოლის დღიურები

ტვინი ჩართულია
ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ: „სჯობს გვიან“…
გენიოსი რომ ვიყო ხომ დამიჯერებდით, რომ მეთქვა:
სვანეთი დედამიწაზე ცივილიზაციის აკვანია…
და მალე, სულ მალე ადამიანები დაუბრუნდებიან საკუთარ დედა-სვანეთს…
მეტიც, არა თუ დაუბრუნდებიან, სხვებსაც გამოიყოლებენ და იმ დროს:
მე აქ დაგხვდებით!
მაგრამ რადგან არც გენიოსი ვარ და არც წინასწარმეტყველი:
შენი დაუძინებელი მტრის ნახვა თუ გინდა, სარკეში ჩაიხედე…
მერამდენეჯერ ვეუბნები საკუთარ თავს და სარკვეში ვიხედები, მაგრამ ეს „მტერიც“ ვერ მაშინებს…
***
მესტიის მუნიციპალიტეტის კალას თემის საჯარო სკოლა ლალხორშია და გაკვეთილების შემდეგ „აქვე“ — სულ რაღაც ზღვის დონიდან რამდენიმე ათას მეტრში ცად აზიდულ „აგრაის“ ნასახლარისკენ მივდივარ… ამ დღეებში მიუვალ კლდეებში ხეტიალისგან ფეხი გადამეღალა, პროტესტის გამოცხადებას ლამობს. ვინ უჯერებს? ხან ერთ მხარეს ვბორძიკობ, ხან მეორეს, ფეხს სწორად ვერ ვადგამ და ამ ფერდობში ჩემდა ჭირად, მოუთიბავად დარჩენილ გამხმარ სათიბებში ფეხი ისე მეფლობა, როგორც თოვლში, სრულიად მოულოდნელად ორმო აღმოჩნდება ხოლმე და მტკივანი ფეხის გამო, თორემ, ეს რას მიზამდა… ვეცემი და ვეცემი, შემდეგ ასე ორ სამ მეტრში დავსრიალდები ძირს, ვდგები, მივიწევ წინ… ახლა ფეხს ვადგამ არასწორად, გადამიბრუნდება… ვეცემი… მესამე დაცემის შემდეგ, მგონი აღარ ითვლიან და არც მე ვითვლი… ბალახები უკვე წელამდე მწვდება, ისე მეღობებიან წინ, ვითომ ჩემს წინსვლას საგანგებოდ აბრკოლებდნენ. აქ, ასე ორ-სამ კილომეტრში ნამდვილად არავინ არის და ჩემს გემოზე ვხარხარებ, გემრიელად, თან ვფიქრობ, ნეტავი ვინმეს ანახა ახლა ჩემი თავი, ის გაცილებით მეტად იცინებდა.
არა, არანიარ დაბრკოლებას არ შეუძლია ჩემი შეჩერება. გუშინ ვცადე, მაგრამ ვერ ამოვედი. საკმარისია ერთი ამაო მცდელობა: „სულერთია, ამოვალ, ძმაო ნასახლარო… ვიცი, გერიდება, ფორმაში არ ხარ… არც მე ვარ მაინდამაინც… შევეფერებით ერთმანეთს… თუმცა ჩვენს შორის განსხვავებაა: შენ ჯერ კიდევ ოთხმოციანი წლებიდან მიგივიწყეს, მე — დავიწყების საშუალებას არ ვიძლევი… მივიწევ წინ… რომ მეგონა ათიოდე ნაბიჯი და „ფონს“ გასული ვარ-მეთქი, არა, შვიდი ნაბიჯი ყოფილა და… უცებ, კვლავ წელამდე ბალახები და თითქმის ხედ ქცეული სარეველები მეღობებიან წინ… აბა, ახლა თქვენ შეგეპუებით, სწორედ მაგ ჭკუაზე ვარ…
მივიწევ წინ და მე და „აგრაიზე“ ხარძიანები ნასახლარი ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ…
აი, ისინი…
ერთ დროს სიცოცხლის წყურვილს რომ ვერ იკლავდნენ… ახლა ნანგრევებად ქცეულან და წუხილისგან ცრემლებიც დაშრობიათ, მოლოდინისგან გალეულან…
ჰმ, — ჩემო კარგებო, — მოლოდინი ძალიან კარგი რამეა, ძალიან კარგი. მოლოდინი არასდროს გიმტყუვნებთ… მთავარია, არ მოგბეზრდეთ, არ დანებდეთ დროის ტრიალს, ხელი არ ჩაიქნიოთ… მთავარია, იცოდეთ, რომ თქვენ გახსოვთ და თქვენ ელოდებით… სხვას მნიშვნელობა არა აქვს… მოლოდინი ყოველთვის ამართლებს: — ამაში უნდა მენდოთ მე და კიდევ აფხაზეთიდან დევნილ თავის დროზე სამასი ათას მოსახლეს… ამჟამად რამდენი ვართ ნეტავ? ჩვენ იმედით ვცხოვრობთ, სწორედ ისევე, როგორც თქვენ… ოღონდ: ჩვენ ვამბობთ: „ჩვენ დავბრუნდებით!“… და თქვენ ამბობთ: „დაბრუნდებიან!“… თქვენი პატრონები ერთი ხელის გაწვდენაზე არიან და თუ სურვილი გაუჩნდებათ, როცა უნდათ მაშინ მოვლენ.
აი, ჩვენ, როცა გვინდა იმ დროს ვერ მივდივართ..
და ჩვენც და თქვენც ველოდებით…
და ძალიან კარგია, როცა ელოდები… გულისგაწვრილებამდე, შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ ელოდები… შესანიშნავია.
ოცნებამ შორს წამიღო…
ამ ადგილებს მართალია, სტიქია ემუქრება და მზაკრულად ეპარება ხოლმე, მაგრამ მაინც დიდი მომავალი აქვს. ამაოდ არ აქვს მოლოდინი ნასახლარის კედლებს.
არ შეიძლება ყოფილი სამოთხე, სადაც ტანჯვით გააქვთ წუთისოფელი, კვლავ სამოთხედ არ იქცეს…
რაკი ჯოჯოხეთი არსებობს, არსებობს სამოთხეც და ის ასე გამოიყურება:
დააკვირდით სურათებს…
ჩემი არაპროფესიონალი ფოტოგრაფის, ასევე არაპროფესიონალურ აპარატში…
და თუ ვინმეს ენა მოუბრუნდება ჩემი ამ შეხედულების საწინააღმდეგოდ… აგერ ვარ და ნებისმიერ ლანძღვის ნიაღვარს მედგრად შევხვდები, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ცუდად გადაღებული ფოტოების მიზეზით იქნება და არა რეალობის გამო.
აგრაის ხარძიანების ნამოსახლარს შორს გავცდი, ფიჭვნარში გავედი და ზევიდან დავხედე, ზუსტად იმ სიმაღლიდან, საიდანაც მაცდურად იცქირება წმინდა კვირიკეს და ივლიტას კალის ტაძარი და სალოცავად გვიხმობს — მისი მადლი შეგეწიოთ…
მასთან მადლიერების სულ სხვა ანგარიშები მაქვს…
იცით თქვენ ჩემო ძვირფასო მკითხვლებო, რა უზარმაზარ მადლს და ძალას ფლობს ეს ტაძარი?
ბევრმა იცით, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ჩემს მიერ გაგონილი, ნანახი და მადლისცხების განცდა — სულ სხვაა, ხილული და განუმეორებელი, წარმოუდგენელი და ყოველიწამლეკავი, მაღლა ცაში — უფალთან მიახლოებული წმინდა კვირიკეს და ივლიტას კალის ტაძარი უნდა ნახოთ ცხოვრებაში ერთხელ მაინც და თქვენი სანუკვარი ოცნების ახდენა თხოვოთ… ამჯერად ამას შორიდან ვაკეთებ, აგრაის ნასახლარიდან ვუცქერ და:
ყველა თქვენთაგანის წინსვლას და კეთილდღეობას ვავედრებ!
მადლობა, რომ დამყვებით ამ მთებში მესტიასთან სულ რაღაც ორმოც კილომეტრში — კალაში, საიდანაც უშგულამდე შვიდიოდე კილომეტრია…
იქაც წავალთ მაშინვე, როგორც კი კალაში მოგზაურობას დავამთავრებთ…
აქ ყველაზე საინტერესო სწორედ ზამთარში იწყება…
ჰოდა, ჯერ შემოდგომაა!

ქეთევან ჩემია
მესტია, კალა

P.S. აგრაიდან დაბრუნებული ამოვყურყუმალავდი ღრუბლიანი უჟმური ფიქრებიდან და საკუთარ თავს ვუბრძანე: აბა, ძვირფასო, საკმარისია უნდილობა, ჩართე ტვინი, გაიღიმე და სცადე კიდევ ერთხელ დაწერო, როგორც არის: მართალია ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ იმაზე ადვილი არაფერია, ვიდრე დაჯღაბნო რამე… ამისთვის საკმარისია მიუჯდე მაგიდას, სადაც სიტყვები თავისთავად ხტებიან ქაღალდზე, მაგრამ თუ რაღც ისე არ არის, დამნაშავე, ალბათ ხელოვნური ტყავისა უხერხული საზურგიანი სკამია, ან საერთოდ, მოკლე დაბალი ხის ე.წ. „ჯორკო“ მაგარი საჯდომით და ცხადია, შეუძლებელია, რაიმე წესიერი დაწერო, როცა ისე ზიხარ, რომ შეურაცხყოფილია არა მხოლოდ მზერა, არამედ საჯდომიც კი. ახლა კი მარტო არ ვარ და სიცილს ძლივს ვიკავებ:
ხომ წარმოგიდგენიათ ამ მიზეზით მთელ სამყაროზე გაბრაზებული მწერალი…
მადლობა უფალს, მე ასეთი არ ვარ!..

Loading…

მსგავსი პოსტები

საეკლესიო გადატრიალების ქრონიკები

სახელმწიფო საგარეო ვალს იღებს წინსვლისთვის და არა უკუსვლისთვის

როგორ ცდილობდა მედვედევი პოლიტიკაში დაბრუნებას და რატომ ვერ შეძლო

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი