2 ივნისს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) ორგანიზებით, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელი საზეიმო წვეულება გაიმართა.
მრავალრიცხოვან სტუმრებს იტალიური კრეატიულობის (ტრადიციებისა და თანამედროვეობის, ხელოსნობისა და ტექნოლოგიების, სილამაზისა და ფუნქციონალობის სინთეზის) ნამდვილი ზეიმი დახვდათ — ერთ საღამოში თავმოყრილი უამრავი სიურპრიზი და სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის:
სამი გამოფენა: იტალიის ფეხბურთის ფედერაციისა (FIGC) და კოვერჩანოს ფეხბურთის მუზეუმის ერთობლივი გამოფენა «ფეხბურთის თავგადასავალი: მოგზაურობა იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში», რომელიც მოგვითხრობს იტალიის ეროვნული ნაკრების შექმნაზე, გამარჯვებებსა და ტრიუმფალურ მომენტებზე; იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და იტალიის ტრადიციული რეწვის საწარმოთა გაერთიანების ინიციატივით შექმნილი ექსპოზიცია «Benfatto» და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და სააგენტო ANSA-ს ერთობლივი ფოტოექსპოზიცია «Roma Italia Expo 2023. Eterna evoluzione», რომელიც გადმოსცემს იტალიის დედაქალაქის მრავალსახოვნებას მოდის, კინოს, არქიტექტურისა თუ ტექნოლოგიების კუთხით.
მუსიკა: იტალიისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები შეასრულა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა «რუსთავმა».
ენოგასტრონომია: წვეულებაზე, უამრავ სხვადასხვა დელიკატესთან ერთად, წარმოდგენილი იყო სახელგანთქმული იტალიური ენოგასტრონომიული პროდუქცია (საუკეთესო იტალიური ღვინოები, პროსეკო, აპეროლი, პარმიჯანო) და, ასევე, მიშლენის ვარსკვლავით დაჯილდოვებული ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი შეფ-მზარეულის, მატეო სივეროს სპეციალური მენიუ (მატეო სივეროს საქართველოში კარგად იცნობენ იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ინიციატივის წყალობით).
იტალიის ეროვნული დღესასწაულის ღამეს თბილისის სატელევიზიო ანძა იტალიის დროშის მწვანე, თეთრ და წითელ ფერებში აინთო.
ღონისძიება, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სხვადასხვა ინსტიტუციის, დიპლომატიური კორპუსის, ეკონომიკური, კულტურული, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ, მრავალრიცხოვანი სპონსორისა და პარტნიორის დახმარებით გაიმართა. აღსანიშნავია რომ შარშანდელი 2022 წელი გახლდათ იტალია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი. ორივე ქვეყანაში არაერთი ღონისძიება გაიმართა შარშან ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით. მათ შორის აღსანიშნავია ქართული და იტალიური საფოსტო მარკების გამოშვება.
„საქართველოს ფოსტის“ მიერ დაბეჭდილ მარკაზე, ასევე, იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მარკაზე გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი.
ქართული მარკა მიმოქცევაშია 2022 წლის დეკემბრიდან და ხელმისაწვდომია „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღნიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე.
„საქართველოს ფოსტის“ მიერ გამოშვებული საფოსტო მარკის ტირაჟია 20.000 ერთეული. იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაბეჭდილი საფოსტო მარკის ტირაჟია 350.010 ერთეული
ქვემოთ გაეცანით 2 ივნისის აღმნიშვნელი ღონისძიების ფოტო- რეპორტაჟს.