ისრაელის ელჩის, რან გიდორის ვიზიტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში
24 სექტემბერს შედგა ისრაელის ელჩის საქართველოში, რან გიდორის ვიზიტი ზუგდიდში.
ისრაელის ელჩი, MASHAV-ის (ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) ცენტრის დირექტორთან საქართველოში, გიორგი ჟღენტთან და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCR) ხელმძღვანელ, იან ბლინკასთან ერთად ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს ეწვია. ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ამ ორგანიზაციების სახელით ცენტრს საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა.
ღონისძიების შემდეგ ელჩი ადგილობრივი მას-მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ აღნიშნული ჰუმანიტარული აქტივობის შესახებ ესაუბრა, ხაზი გაესვა კიბოს პრევენციისა და სკრინინგის მნიშვნელობას.
ისრაელის ელჩის, რან გიდორის ზუგდიდში ვიზიტის დროს შეხვედრა შედგა რეგიონის შალომ კლუბის წევრებთან. არასამთავრობო ორგანიზაცია Shalom Club ისრაელის MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) პროგრამის კურსდამთავრებულთა გაერთიანებაა, რომლის მიზანი ისრაელის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ცოდნის გაზიარებაა. საქართველოდან უკვე 1 500-ზე მეტმა სპეციალისტმა გაიარა ტრენინგი ისრაელში სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯან.დაცვის, ქალთა გაძლიერების, ინოვაციებისა და მეწარმეობის სფეროებში. ,,შალომ კლუბები“ თბილისში, გურიაში, შიდა და ქვემო ქართლში და ახლა უკვე სამეგრელოში ფუნქციონირებს. ისრაელის ელჩმა სამეგრელოს ,,შალომ კლუბს“ დარეგისტრირება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.