5 წელი პატიმრობამისჯილი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
«პრობლემას ვერც იმაში ვხედავ რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს სრულიად უსამართლოდ. პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება უახლოეს 2-3 თვეში. მთლიანად დამოკიდებული ვართ საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ამერიკისა და ევროკავშირისგან და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმებას არღვევ და მათ წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებ.
თუ ვინმეს ჰგონია რომ ივანიშვილის “კაპეიკებით” ამოვალთ ამ წლის ეკონომიკური პრობლემებიდან, ძალიან ცდება,» — წერს პატიმრობაში მყოფი „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს, 2019 წლის 20 ივნისს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.