სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ახსარ ჯიოევი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ გამოეხმაურა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების მშვიდობიანი „დაბრუნების“ შესახებ შიდა აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი. მსგავსი განცხადებები სხვადასხვა დონეზე ადრეც კეთდებოდა. აშკარაა, რომ ისინი ჩვენთვის არ არის აქტუალური. ოს ხალხს, რომელმაც არაერთხელ გამოსცადა სამხრეთელი მეზობლის „მშვიდობა“, მშვენივრად ესმით ასეთი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობისა და ღირებულების. ჩვენ მოგიწოდებთ, მოიშოროთ თქვენი ილუზიები და მიიღოთ არსებული გეოპოლიტიკური რეალობები, რომელიც გაჩნდა რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ“, — განაცხადა ჯიოევმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დასამტკიცებლად გაგზავნილი ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამაში მითითებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კურსის გაგრძელებას გეგმავს. მმართველი ქართული ოცნების ყრილობაზე გამოსვლისას კობახიძემ პარტიის მთავარი მიზნები დაასახელა. მათ შორისაა „საქართველოს ფიზიკური და სულიერი გაერთიანება“, „საქართველო აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან, აფხაზებთან და ოსებთან ერთად“.