ირაკლი ახალაია – უცნობი ისტორია

0
145

„ზარანდია იყო ლაბირინთი, საიდანაც კარში გამოსასვლელს მხოლოდ შემთხვევის ძალა ან ჟამთა მსვლელობა გაპოვნინებს“.

ჭაბუა ამირეჯიბი „დათა თუთაშხია“

პუბლიკაციას სწორედ ასე უნდა ერქვას: „ირაკლი ახალაია“, რათა ამქვეყნიდან უკვე წასულ სხვა ღირსეულებთან ერთად დავაფასოთ განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პოზიციის და ქვეყნის ისტორიისადმი ისეთი თვალთახედვის მქონე ადამიანი, რომელიც ცოცხალი რომ დარჩენილიყო, აუცილებლად შეძლებდა აფხაზეთის ბედის შეცვლას.

ასევე მჯერა, ირაკლი ახალაის ნათელი სული იგრძნობს, რომ მისი ცხოვრების და მოღვაწეობის რეალური სურათის ოდნავ მაინც წარმოჩენაში მისიანები დამეხმარნენ, რადგან თავად პროფესორის ჩანაწერები სოხუმიდან „ცოცხალი“ არ გადმოსულა.

მის წინაშე ძნელბედობაც უკან იხევდა

ცნობილი მხედართმთავრები–  სტრატეგიის განსახორციელებლად უმთავრეს შეტევაზე გადასვლამდე უკან დახევის ტაქტიკას –  ხანდახან საუკეთესო ხერხად მიიჩნევენ“.

ირაკლი ახალაია, პროფესორი, ისტორიკოსი

ირაკლი ახალაია – ცნობილი ისტორიკოსი, მეცნიერი – თავის დროზე სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში მოღვაწეობდა. ეს ის ირაკლი ახალაიაა, რომელიც საბჭოთა ეპოქას ჯერ კიდევ მაშინ უწოდებდა ქვეყნის ისტორიის „შავ ფურცელს“, როცა საკუთარი თვისტომისგან გამეტებული – უსამართლოდ დასჯილი გაციმბირებული, დახვრეტილიც კი – ადამიანები არც მეტი, არც ნაკლები „ეპოქის მსხვერპლებად“ მიიჩნეოდნენ.

ირაკლი ახალაიამ თავსდატეხილ ყველა უბედურებას გაუძლო და ცხოვრების სიძნელეებთან გაბედულად მებრძოლ რაინდად დარჩა, საკუთარი მაგალითით დაამტკიცა:

ძლიერ ადამიანების წინაშე ძნელბედობაც უკან იხევს.

„დენთის სუნი 1941 წლის დადგომამდე უკვე იგრძნობოდა. გერმანელები ტრიუმფით მოიწევდნენ საბჭოთა ქვეყნის სიღრმეში. პირველ ხანებში ჩვენში – გადასახლებულებს შორისაც პანიკა იგრძნობოდა. ,,ყველაფერი ფრონტისათვის!“ ,,ყველაფერი გამარჯვებისათვის!“ – ასეთი იყო საბჭოეთის დევიზი. ქვეყანას უჭირდა და ხალხი იხოცებოდა როგორც ფრონტის წინა ხაზზე, ასევე ზურგში, ოღონდ არა ტყვიით, არამედ სიცივით, შიმშილით, ავადმყოფობით და ბუნებრივია, პატიმრებისთვის, მით უმეტეს – პოლიტპატიმრებისთვის არავის ეცალა.

1941 წლის შემოდგომაზე, როცა გერმანელები მოსკოვს მიადგნენ და ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა, პოლიტპატიმრების ერთმა ჯგუფმა სტალინს წერილი მივწერეთ: ,,გთხოვთ, გაგვიშვით ფრონტის წინა ხაზზე იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყნის ერთგული შვილები ვართ და არა მოღალატეები“… რამდენიმე დღეში კოლონიის უფროსმა დაგვიბარა და ჩვენს წერილზე პირადად სტალინის მიერ გაკეთებული რეზოლუცია წაგვიკითხა: ,,თქვენს დახმარებას არ ვსაჭიროებთ. თავს გავართმევთ!“

იმ ავადსახსენებელ რთულ და გაუგებრობების დროს მხოლოდ ისინი გადაურჩნენ, ვისაც ძალიან წყალობდა ბედი, ან ირაკლი ახალაიასავით სულიერად და ფიზიკურად გაუტეხავები იყვნენ. მაგრამ ერთიც ძალიან ცოტა იყო და მეორეც

ირაკლი ახალაიას თავის დროზე უამრავი აფხაზი მეგობარი, კოლეგა, ასპირანტი ჰყავდა და რადგან მხოლოდ გულწრფელ ურთიერთობებს ანიჭებდა უპირატესობას სრულიად უანგაროდ უყვარდა ყველა, მაგრამ სრულიად დაუფარავად გამოთქვამდა საკუთარ აზრს ყველაფერზე, მათ შორის აფხაზური სეპარატისტიზმზეც, ყოველგვარი ქვეტექსტების, ნიშნისმოგების, ცინიზმისა და სხვა ქვენა აზრების გარეშე: „ქართველებისადმი ავი ზრახვები და განწყობილება თავად აფხაზებისთვის დამღუპველი იქნება“ – იწინასწარმეტყველა პროფესორმა.

მისი აზრი ასეთი იყო:

აფხაზეთში აფხაზი და ქართველი ერის აბორიგენობა  სადაო არ უნდა იყოს. მაგრამ რადგან საკითხი ასე მწვავედ დგას, არ შეიძლება ეს შემთხვევით ხდებოდეს. ვხედავ, რომ ზოგიერთ ისტორიკოსსურწმუნო თომასპოზიცია უჭირავს არაფრის გაგონება და დაჯერება არ სურს, ჯიუტობით თემას ამძაფრებს. ისტორიულ საკითხებზე მსჯელობისას ახლა, როგორც არასდროს სიფრთხილე გვმართებს, – აფხაზური სეპარატიზმის მწვერვალზე ასვლამდე გარდაცვალებამდე კარგა ხნით ადრე ამტკიცებდა, რომ მიზნის მიღწევის გზაზე ცნობილი მხედართმთავრები უმთავრეს შეტევაზე გადასვლამდე ხანდახან უკან დახევას საუკეთესო ხერხად მიიჩნევენ. ამბობდა:ამ ეტაპზე ვალდებულნი ვართ,  ასეთ „მეცნიერებთან“ კამათისგან თავი შევიკავოთ, ანუ რადგან ცხადია, დავა არ ღირს  ტაქტიკა შევცვალოთ, დავუდასტუროთ, რაც სურთ, რადგან აშკარაა,  „წერას ატანილ“ აფხაზ ისტორიკოსებს ზურგს უმაგრებენ არა მარტო რუსი, არამედ ქართველი პოლიტიკოსები და ისტორიკოსებიც. გარწმუნებთ, უკეთესი დროის დადგომამდე და კრიზისის დასრულებამდე ყველაფერი ვიღონოთ საგანგებოდ შექმნილი აშკარა ტენდენციურობით გამოწვეული ხიფათის ასაცილებლად, თორემ საბოლოო ჯამში ეს ორივე ერს ძალიან დაგვაზარალებს“.

ყურადღება! ირაკლი ახალაია ამბობს:

„დროთა განმავლობაში მსოფლიოში არსებულმა ყველა ერმა განიცადა ცვლილება. ყველაფერი, რაც აქამდე დაწერილა, ძირითადად მეფეთა ისტორიებია და ბუნებრივია, ეროვნებების და ხალხების წარსულის უტყუარ მტკიცებულებებს არ წარმოადგენს. ისტორიული ფაქტების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად დასკვნის გამოტანა იმის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს, რომ ამ სამყაროში არსებული არცერთი ერის ისტორია ჭეშმარიტი რეალობა კი არა, ვარაუდებია. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც.

გარდასულ საუკუნეებში, წერა-კითხვა მხოლოდ მეფის კარზე იცოდნენ, ხოლო „კარის“ ისტორიკოსები, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი დამკვეთების სურვილისამებრ წერდნენ. ამიტომაც, წარსულში ისტორიული ერთიდაიგივე ფაქტი არც თუ იშვიათად, ურთიერთსაპირისპირო ხასიათს ატარებს. გასაგებია, რომ მათ შორის ბევრი რამ ფალსიფიცირებულია და შეფერადებულიც.

ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, სულელები საკუთარზეც ვერაო. – ნათქვამია. ისტორია გზის მაჩვენებელად იქმნება, რათა იგივე შეცდომები არ დავუშვათ. გონიერი მაშინ ვიქნებით, თუ ძველი ამბებიდან სამომავლოდ იმას ავიღებთ და ვიხელმძღვანელებთ, რაც ადამიანური და ზოგადსაკაცობრიოა, მით უმეტეს, რათა ამა თუ იმ ადგილზე იცხოვრო, სულაც არ არის საჭირო იყო აბორიგენი. ყოველი ადამიანი თუ ერი, საიდანღაც ჩამოსულია. ასევე ვართ ჩვენც. რა მნიშვნელობა აქვს ვინ უფრო ადრე და რომელი უფრო გვიან, ჩვენი წინაპრები აქ ერთ დროს ჩამოსახლებულა და ამჟამად ეპოქის შესატყვისად, ბუნებრივია, თვისობრივად მათგან სრულიად განსხვავებულები ვართ. თუ ეს გვემახსოვრება, ერთმანეთს გავუგებთ. გაორმაგებული სიფრთხილე გვმართებს, რადგან არც ისე შორეულ წარსულში XX საუკუნის 30-იანი წლებიდან 50-იანი წლების დასაწყისის ჩათვლით საქართველოში თვით ქართველობის აქტიურობით გამოწვეული უსაზღვრო და აუწერელი მსხვერპლი ჯერაც მოუშუშებელია და გვტკივა“.

ირაკლი ახალაიას ამ პოზიციის გაზიარებას არა მარტო აფხაზები, თავად ქართველებიც არ ჩქარობდნენ და ეს საბედისწერო შეცდომა მოკლე დროში დადასტურდა.

მისი გარდაცვალებიდან  მოკლე ხანში ჩვენ – ქართველები (და არა მარტო) დევნილები, აფხაზეთი განადგურებული და ე.წ. აფხაზი რეალურად აფსუები – „ბედნიერები“ გავხდით.

„ირაკლი ახალაია მაშინ დაიჭირეს, როცა ქვეყანაში ადამიანებს შორის უსაზღვრო ვერაგობამ, შურმა და ღალატმა დაისადგურა. ზოგიერთების მორალურმა გახრწნილობამ და სულიერმა დაცემამ არნახულ და არგაგონილ ზღვარს მიაღწია. მოყვასისგან გამეტებული მოწინავე ინტელიგენციის ბევრი საუკეთესო წარმომადგენელი სრულიად დაუმსახურებლად, თითქმის გაუსამართლებლად სასიკვდილოდ ისე გაიწირა, მათ დასაცავად ხმის ამოღებას  ვერავინ ბედავდა. მეტიც, უბრალო შეკითხვაც: ,,რაზე დაიჭირეს, რა დანაშაული აქვს?“ ან ,,სად იმყოფება პატიმარი?“  – რეჟიმის „სამართლიანობაში“ ეჭვის შეტანად ინათლებოდა და სასტიკად ისჯებოდა. მეტიც, ერთი „დამნაშავისთვის“ პასუხს აგებდა მთელი საგვარეულო:

რეპრესირებულებთან ერთად დასჯილი იყვნენ მათი ახლობლები, ნათესაობა და მეგობრები. ყველა მათგანს „სუკ“-ის მეთვალყურეობა ჰქონდა დაწესებული და ყოველმხრივ შევიწროებულები თავს საშინლად დამცირებულად გრძნობდნენ.

ასეთი შემთხვევა მახსოვს: უშუალოდ ბელადის არაოფიციალური მითითებით გონიერი და ფიზიკურად წარმოსადეგი საშუალო სკოლა ახალდამთავრებულები სწავლის გასაგრძელებლად საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სამხედრო აკადემიებში იგზავნებოდნენ. ჩვენი ერთი ნათესავი ახალგაზრდა კაცის პირადი მონაცემები სრულად აკმაყოფილებდა სამხედრო აკადემიების ზოგად მოთხოვნებს. მშვენიერი გარეგნობის გარდა, საშუალო სკოლა „ოქროს მედალზე“ ჰქონდა დამთავრებული და 1951 წელს აფხაზეთის მთავრობამ მისი საბუთები მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში გაგზავნა. პასუხს არ დაუყოვნებია: ,,ვინაიდან ხართ პოლიტიკურად არასაიმედო ოჯახიდან სამხედრო აკადემიაში მიღებაზე უარი გეთქვათ“… საქმე იმაშია, რომ მისი მშობლები 1938 წლის რეპრესიებში მოჰყვნენ: მამა დახვრიტეს, დედა 5 წლით გადაასახლეს…

მსგავსი შემთხვევები ხშირი იყო.

და ეს მაშინ, როცა საყოველთაოდ იყო ცნობილი სტალინის სიტყვები: ,,მამის გამო შვილები პასუხს არ აგებენ!“

გასული საუკუნის 30-იანი წლების საქართველოში პრაქტიკულად არ დარჩენილა ოჯახი ყოვლისწამლეკავი რეპრესიების „ხანძარი“ არ შეხებოდა და არ დაეფუფქა. მეგობრების, თანამოაზრეების, მეზობლების, ახლო ნათესავების ურთიერთდასმენა, დაუნდობლობა და სასიკვდილოდ გამეტება ცხოვრების წესად იქცა და „ხანძარს ფონი არა აქვს“.

ძნელი სათქმელია, თუ როგორ და რატომ იყვნენ ადამიანები ასე გაბოროტებულები და დაუნდობლები, მაგრამ ფაქტია: არა მარტო თავად, არამედ მათი შთამომავლობის დიდი ნაწილი შემდგომი წლების რეპრესიების „ახალ ტალღაში“ მოჰყვნენ და ღვთის განგებით თუ „ბედის ირონიით“ სასტიკი განაჩენი ელოდათ. მათი წინაპრების მიერ სხვისთვის დაგებული მახის სისასტიკე, მათ მიერ გაწირულთა არანაკლები სიმწვავით განიცადეს მათმა საკუთარმა შვილებმა მაშინ, როცა, თავად სამარეში განუსვენეს, მაგრამ უდანაშაულო მსხვერპლთათვის ამას არც ხვედრი შეუმსუბუქებია და არც შვება მოუტანია. არც ჩვენ უნდა დაგვავწიყდეს: „მამათა ჭამეს კოწახი და შვილთა პირნი მოლხუეს“.

გაციმბირებული ირალი ახალაია ზამთარში 45 გრადუსამდე ყინვაში, ზაფხულში კი სულისშემხუთავ სიცხეში, დღედაღამე მწერებისგან უსაშველოდ გატაჯულ სხვა პატიმრებთან ერთად ხე-ტყის დამზადებაზე მუშაობდა.

თავად ირაკლის წარსულის გახსენება არ სიამოვნებდა, მაგრამ მის ჩანაწერებში სულისშემძვრელი ისტორიები იყო მოთხრობილი. ამდენი წლის შემდეგ მის შესახებ პირველად იგებენ მკითხველები:

„თავიდან ბნელ საკანში მარტო ვიჯექი. არ ვიცოდი როდის თენდებოდა, ან როდის ღამდებოდა. დაპატიმრებიდან რამდენი დრო გავიდა… მახსოვს მხოლოდ, რომ იქ ყოფნის განმავლობაში ორჯერ დამკითხეს… გამომძიებლები სრულიად გაუნათლებელები და უვიცები იყვნენ. თან ჰქონდათ ფურცლები და იძლეოდნენ სტანდარტულ, წინასწარ შედგენილ კითხვებს, რომელსაც ძლივძლივობით კითხულობდნენ: ,,იყავი თუ არა ანტიპარტიული-ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი? რა დავალება გქონდა და ვისგან? რას და როდის ასრულებდი? ეწეოდი თუ არა ანტისაბჭოურ-ტროცკისტულ პროპაგანდას? რა კავშირი გქონდა აფხაზეთში ,,წამყვან“ ტროცკისტებთან: ლაკობასთან, აქირთავასთან, აგრბასთან, გერსამიასთან და სხვებთან… შეავსებდნენ ფურცლებს და მოვალეობამოხდილები მიდიოდნენ. არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ რას უპასუხებდი, ან რას ჩაწერდნენ იმ ფურცლებში, განაჩენს ის ვერ ცვლიდა.

ბოლოსდაბოლოს, როცა საერთო საკანში გადამიყვანეს, ჟამთააღრიცხვა დაკარგული მქონდა. ზუსტად არ ვიცოდი, რომელი თვე და რიცხვი იყო, სად ვიყავი, რა დრო იყო გასული ჩემი დაპატიმრებიდან და ბუნებრივია, ვერც საკანში დამხვდური პოლიტპატიმრების შეკითხვებზე მქონდა პასუხი: „მთავრობაში რომელი პარტიაა? სტალინი ცოცხალია?“ და სხვა. შემდეგ მათი დახმარებით ძლივს გამოვთვალეთ, რომ საკანში განმარტოებით ცხრა თვე ვმჯდარვარ.

მახსოვს, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ყოფილი პასუხისმგებელი პირი შემოიყვანეს. ახლა პატიმრები შეკითხვებით მას მიესივნენ: ,,შენც დაგიჭირეს!? რატომ? გარეთ რომელი სისტემაა?“ და ა.შ. არც მას ჰქონდა პასუხები, რადგან ისიც განმარტოებით მჯდარა და საკნიდან ახალგადმოყვანილი იყო…

თვალის გასახარს ვერაფერს ხედავ. ირგვლი მხოლოდ მაღალი ხეებია. დრო-ჟამის შეგრძნება არეული და სამყაროს აღქმა დაკარგული მაქვს. არაფერს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ჩემი წილი „დრო მკვდარია“… სულისგამყინავად ცივა…

ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს…

ეს სიცოცხლეა, თუ ცოცხლად სიკვდილი?.. დაფიქრებაც აღარ მსურს…

ტყეში ვმუშაობთ, ახლოსაც და შორსაც პირბასრი ნაჯახების ჩახა-ჩუხი ისმის და ძირში გადახერხილი მოზრდილი ხეების წაქცევის ხრჭიალ-ზრიალია, თითქოს კლავენო, კვნესაკვნესით მიიწევენ მიწისკენ ახალგაზრდა ხეები… ეს ხმები ჩემი ყურებიდან არასდროს ამოვა…

ერთ დღეს ჩემს ყურთასმენას მოწვდა სვანური „ლილეო“… ცხადია, ყურებს არ ვუჯერებ – სრულიად წარმოუდგენელია… შემკრთალი ვშეშდები და ოფლს მასხამს: მოჩვენებები დამეწყო? – ხმა ხან იკარგება, ხან ჩამესმის. ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო… მუშაობას განვაგრძობ… მაინც დაძაბული ვაყურადებ გარემოს… ახლა მეგრული „ჩელა“ ჩამესმის… და უკვე წელში ვიმართები, რადგან დარწმუნებული ვარ, სულაც არ მეჩვენება, აქ, ღვთისა და კაცისგან მიტოვებულ ციმბირში, სადღაც ქართველები არიან. შემიძლია მშვიდად ვიყო. არაფერი მეჩვენება, ნამდვილად ისინი არიან და მღერიან…

ახალგაზრდა ვარ და სულ ცოტა მყოფნის, რათა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდეს… თავს მაღლა ვწევ… წელში ვიმართები და ინსტინქტურად იმ მხარეს მივდივარ, საიდანაც ეს ხმები მესმის… ახლომახლოს ვერავის ვხედავ, ხმა ისევ მეკარგება… სასოწარკვეთილი ვყვირივარ:

„სად ხართ, ვინ ხართ?“

,,ახლავე შეწყვიტე ძაღლის ენაზე ყეფა!“ – რეალობასთან მაბრუნებს ზედამხედველის ხმამაღალი ღრიალი: კოლონიაში  პატიმრებს მშობლიურ ენაზე საუბარი გვეკრძალება…

და ის დღეები სამუშაოზე კი არ დავდივარ – დავფრინავ. აქ სადღაც ახლოს ჩემიანები მეგულება.

აქ, ამ კაცისა და ღვთისგან დაწყევლილ ადგილას, ქართველები ჩვენებურები მღერიან… მღერიან… უნდა ვიცოცხლო. ჩვენ ასეთები ვართ,  ყველაფერს მოვითმენთ ავიტანთ და ვიცოცხლებთ ჩვენს წილს.

Loading…

ვანგარიშობ ბაბუშარიდან ჩემი წამოსვლის დროს… ჯერაც კარგა ხანი მომიწევს აქ ყოფნა: გავუძლებ. ყველაფერს გავუძლებ… ვასკვნი და იმ მომღერლების ძებნას ჩუმჩუმად განვაგრძობ.

მადლობა უფალს: ვაგნებ!

ოი… ჩემს გაოცებას საზღვარი არა აქვს… მომღერალ ქართველებს შორის თანასოფლელს ვხედავ… და თითქოს ისევ ბაბუშარაში ვარ… ახლა კი, ნამდვილად ყველაფერს გავუძლებ, აუცილებლად დავბრუნდები… ეს სატანჯველი გაივლის, ცხოვრება წინაა…

ღმერთო, ჩვენი ისტორიები აბსურდულობით და სრული უაზრობით როგორ ერთმანეთს ჰგავს… ოღონდ, მე თუ საკუთარი პოზიციის თამამად გამოხატვის მსხვერპლი ვარ, ეს…

ლადიკო ბაბუშარის სოფლის საბჭოს თავმჯდომარე იყო: 1937 წელს, კაბინეტის ფანჯრები ღია დარჩენია, თუ დაუტოვებია, აღარ მახსოვს, ღამე ქარს სტალინის ქაღალდის სურათი კედლიდან ჩამოუგდია და გაუხევია. ის პლაკატები რაიონულ ცენტრში აღრიცხული იყო, სოფლის საბჭოს თავმჯდომარემ მოვალეობა შეასრულა, თავს დამტყდარი ,,ტრაგედიის“ შესახებ რაიონულ კომიტეტს აცნობა, იქიდან აფხაზეთის საოლქო კომიტეტს მოხსენდა, შემდეგ საქართველოს ცეკას და ბოლოს მოსკოვს… სადაც „მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი მავნებლობის შესახებ“ ,,სამეულმა“ (ბერია, ეჟოვი, იაგოდა) განიხილა და მოვიდა განკარგულება, რომლის მიხედვით ლადიკოს „განსაკუთრებით საშიში დანაშაულისთვის ბელადის სურათისადმი უყურადღებო, უსულგულო დამოკიდებულების გამო“ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შორეულ ციმბირში გადასახლებით მიესაჯა.

ვწუხვარ, რომ, დაბრუნება ძალიან ბევრს არ ეღირსა, ლადიკოსაც მათ შორის“.

შოთა ახალაია – ირაკლი ახალაიას შვილი:

ირაკლი ახალაია და შოთა ბასილაია – მეცნიერთა წრეში ცნობილი და დაფასებული პროფესორები სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში ერთდროულად მუშაობდნენ. ერთი კათედრის გამგე, მეორე პრორექტორი, ამავე დროს  დეიდაშვილები იყვნენ, მაგრამ მამაჩემს – ირაკლი ახალაიას შოთა ბასილაია ძმად მიაჩნდა, რასაც ხელი არ შეუშლია რაიმე საკითხისადმი განსახვავებული აზრის გამო ცხარედ ეკამათათ და ბოლომდე ვერ შეთანხმებულიყვნენ, მაგრამ არასდროს დამდურებიან ერთმანეთს.

ირაკლი იტყოდა ხოლმე: რაც უნდა გამაბრაზოს შოთაზე ახლობელი ქვეყნად არავინ მყავსო. მის პირველ ვაჟს (ჩვენ სამი ვართ), მე – შოთა მის საპატივცემლოდ დამარქვა.

მამაჩემის ჩანაწერებიდან:

„სასწაულები ყველგან ხდება. იმ შორეულ ციმბირში არაერთი გაოცება მელოდა. მაგრამ ამ ერთს ვერაფერი დამავიწყებს.

ვერა და ვერ მივეჩვიე და უჩვეულოდ ციოდა ჩემთვის, მზიური აფხაზეთის შვილისთვის, თორემ ციმბირში ქარბუქი რა გასაკვირია.

1943 წელია, ომის ბედი ჯერაც არ არის გადაწყვეტილი.

ცხოვრება მდორედ მიდის. სასიხარულო არაფერია. ჯერ კიდევ ვინ იცის რამდენი ასეთი უსახური დღე მელის წინ… არ მინდა რომ მელოდეს… დავიღალე…

აქ შიმშილსა და სიბინძურეს ვერსად გაექცევი. პატიმრებს ადამიანების სახეები დაკარგული აქვთ. ალბათ, ასე ვარ მეც.

არ მინდა…

ჩვენი არსებობა აღარავის ახსოვს… – დაკარგულ ახალგაზრდულ წლებზე ვფიქრობ და უკვე მერამდენეჯერ მიპყრობს მძიმე სევდა. კიდევ უფრო თავგამეტებით ვკითხულობ, ვიზეპირებ, ვსწავლობ… მადლობა უფალს, წიგნები აქ ბლომადაა.

ესეც კისერში ამომივიდა… ბოლო არაფერს უჩანს…

ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, „შეტევებს“: „აღარაფერი მინდა“ ვეღარ ვუმკლავდები, ძალიან მიჭირს… ვეღარ გავძლებ… ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ვერ ვუძლება და რა ვქნა? ყოველდღე ვიღაცა მიდის ამქვეყნიდან… იქნებ მეც წავსულიყავი? – სად მიყავთ, ასაფლავებენ თუ არა, ისიც არ ვიცი… რა კარგი იქნებოდა, საკუთარი სხეულიდან ამოხტომა და ჰაერში გაბნევა შეიძლებოდეს… ყველაფერი დამშვიდდებოდა… აუ…

რა დროს ეს ფიქრებია. უარესი გავიარე: ჯერ საშინელების შეგრძნება ჩემიანებისგან და მშობლიური ადგილებიდან მოწყვეტის გამი შიშის, ზიზღის, შეგუების, გულგრილობის და ახლა უკვე მეტი აღარ შემიძლია. აღარაფერი  მინდა… ცხოვრება არ ღირს… ამ საშინელებას დასასრული არ ექნება…“ – სწორედ ამ აზრზე ვარ შეჩერებული და ზუსტად ისეთ ხასიათზე ვდგავარ, ძალიან იშვიათად რომ მეწვევა, მაგრამ ერთხელ, იქნება შეიძლება სულ ერთია რა გზით… მართლა ამქვეყნიდან ჩემი წასვლით დასრულდეს, მაგრამ უნდა მოვშორდე ამ დაუსრულებელ საშინელებას… არა, არა, გაქცევაზე საუბარი არ არის… ამის გამკეთებელი და კანონის წინააღმდეგ წამსვლელი არა ვარ… არა ვარ… მაგრამ პირადი კანონებიც აზრს კარგავს… ფიქრებიდან გამოვყავარ სადარაჯო კოშკურიდან გამოუსვლელად ძახილს – მოგაკითხესო… ჩემი გვარის გაგონებას ყურადღებას არ ვაქცევ. ვერ ვაცნობიერებ ამ დროს, აქ, მე როგორ შეიძლება ვინმემ მიკითხოს… და უცებ მახსენდება, რომ ახალაია მხოლოდ მე ვარ და ადგილიდან მოწყვეტით ვდგები, ალბათ, გვარი შეეშალათ, გამორიცხულია… გარეთ გახურებული ომია… დედაჩემი აქ მომსვლელი არ არის და არც ვინმე მყავს ისეთი, ამის შესაძლებლობა ჰქონდეს.

– Ахалая, тебя спрашивают! – მესმის კიდევ ერთხელ უფრო ხმამაღლა და გაბრაზებული ყვირილი. სრული გაურკვევლობის გრძნობა გასასვლელისკენ მიმერეკება.

გარეთ ყინავს, სულ ერთია როგორი ამინდია… შიგნით – ცივა.

ვტოვებ ყაზარმას…

შესასვლელთან შავ პალტოში და ყურებიან ბოხოხში ვიღაცა დგას და მიღიმის… ვერ ვცნობ. დიდი ხის ჩემოდნები ჯერაც ხელში უჭირავს… ისევ ფართოდ მიღიმის… მიუხედავად ყინვისა, ქუდი ხელში მიჭირავს… ახალგაზრდა ვარ, გაღიმებას ვერიდები, სულ მახსოვს, რომ მზაკვარმა ცინგამ არც ერთი კბილი არ შემარჩინა… ნაცნობი სახე მიიღიმის… თმები ყალყზე ამდის… მოჩვენების დასაფრთხობად მინდა ხელი ავიქნიო და სიზმრიდან გამოვიდე… არა,  ეს მოჩვენება ვიღაცას მაგონებს… ვინ  უნდა იყოს, გონს ვერ მოვდივარ…

– შოთა ვარ ბიჭო, შოთა ბასიალაია, რა გჭირს, ვერ მიცანი? – სანამ სიტყვას დაამთავრებს, შუბლში ვიკრავ ხელებს და ვხვდები: აქ, შორეულ ციმბირში სოხუმელმა კაცმა ჩამომაკითხა მაშინ, როცა ჩემზე, როგორც „ხალხის მტერზე ლაპარაკიც კი კატეგორიულად იკრძალება… ის კი დგას და… კი არ იღიმება, უკვე იცინის… ეს უბრალო სტუმრობა კი არა, გადარჩენაა.

შოთა ბასიალაიამ ბაბუშარიდან დარჩენილი მთელი ჩემი ცხოვრება ჩამომიტანა… იმ დღიდან არა თუ დეპრესია, სევდაც გადამავიწყდა. თითქოს ხელახლა დავიბადე. სწავლაც განვაგრძე, ტყეში სამუშაოდაც სიხარულით დავდიოდი…

კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში აღმოსავლეთ ვორკუტის ოლქის პეჩორის ქალაქი კოტლასში იხდიდა სასჯელს ირაკლი ახალაია ბრალდებით: „ლავრენტი ბერიას წიგნზე გამოთქმული „არაკეთილსაიმედო მოსაზრებისთვის“. საქმე იმაშია, რომ გაბედულ ირაკლი ახალაიას  სადღაც თამამად უთქვამს, რომ ბერიას წიგნში სტალინის როლია წარმოჩენილი, დანარჩენი რევოლუციონებისა კი დაკნინებულიო. არ აპატიეს… პატიმარობის მეოთხე წელს 1944 წელს მიაკითხა შოთა ბიძიამ. ორი წლის შემდეგ მამა გაათავისუფლეს და ჩამოვიდა. 1982 წლამდე იცხოვრა… მაგრამ სრულიად უსამართლოდ დასჯილს გულისტკივილი ბოლომდე არ მოშუშებია.

1952 წელს ქუთაისის პარტიის საოლქო კომიტეტი შეიქმნა და დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონი დაექვემდებარა. თავმჯდომარედ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ყოფილი პირველ მდივნი გვარად გელაძე დაინიშნა. დაწინაურებულმა ზუგდიდში, დადიანების ნამოსახლარიდან საფრანგეთიდან საგანგებოდ ჩამოტანილი, ამ მიწის პირობებისთვის გათვალისწინებული მარადმწვანე ძვირფასი უნიკალური ხეები ამოათხრევინა და ქუთაისში გადაატანინა.

მაშინ მწარედ ხუმრობდნენ, თურმე: გელაძემ მეგრული ხეებიც კი გადაასახლაო

1953 წლის მარტის ამნისტია რომ გამოვიდა, ქუთათურებს იმ პალმებისთვის წაუწერიათ: ,,ამნისტია თქვენ როდის გეღირსებათ?

ვასო ახალაია – ფილოლოგი, ირაკლი ახალაიას უახლოესი ნათესავი და მეგობარი წერს: „ირაკლი ახალაია სწორედ გელაძის მიერ იყო  „მეგრელთა საქმის“ მონაწილედ შერაცხული და იძულებული გახდა აფხაზეთიდან კი არა საქართველოდან გადახვეწილიყო. მარტის პირველ დღეებში შუა აზიისაკენ უნდა გამგზავრებულიყო. თვითმფრინავის ბილეთიც სოხუმი-მოსკოვი-ტაშკენტი ნაყიდი ჰქონდა. ,,უარესი გადამხდომია და გადავრჩი, ცოცხალი ჩამოვედი… ციმბირში კი არ მივდივარ. დრო გაივლის და ჩამოვალ… ეს უბედურება დიდხანს არ გაგრძელდება“… და გულწრფელი იყო, როგორც ყოველთვის. აშკარად არ ეშინოდა,  რაც ნორმალური ადამიანისათვის წარმოუდგენელია… მის გარდა იმჟამინდელი „რკინის ჯოხის“ სისტემის ან შეცვლას, ან დამარცხებას ვერავინ იფიქრებდა.

ხალხი რეპრესიების ახალი ტალღის აგორებას მოელოდა.

ირაკლის სიკვდილამდე არ დავიწყებია ახლობლის მელიტონ ახალაიას მიერ მისადმი  იმხნად გამოჩენილი ყურადღება. მელიტონი ბაბუშარაში შეძლებულ ჭკვიან ადამიანად ითვლებოდა. ირაკლის ამბავი რომ შეუტყვია, მისულა დიდი თანხა მიუტანია და უთქვამს, თუ წახვალ, თან  წაიღე, მაგრამ  უკეთესი იქნებ, თუ უკეთესი დროის დადგომამდე ჩემთან სახლში დარჩე,  გპირდები, ვერავინ გაიგებსო. ირაკლი დათანხმებია და თვითმფრინავის ბილეთი უკან ჩაუბარებია. ბედნიერი იყო იმ მხრივაც, რომ ჭკვიანი ადამიანებს სჯეროდათ მისი….

და უცებ… სტალინის ავადმყოფობის ბიულეტენი გამოქვეყნდა, ხოლო ხუთ მარტს მისი გარდაცვალება ეუწყა ქვეყანას.

გლოვამ მოიცვა საბჭოეთი. ყველა ტიროდა.

რეპრესირებულებიც.

ირაკლი ახალაიას არ უტირია…

სულ რამდენიმე დღეში გამოვლინდა გელაძის, რუხაძის და სხვათა ვერაგობა… გაათავისუფლს ე.წ. ,,მეგრელთა საქმის“ აბსურდული ბრალდებით დაპატიმრებულები. ირაკლი ახალაია იმავე დღეებში გამოიძახეს თბილისში უმაღლესი სკოლების სამინისტროში და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის გამოსაშვებ გამოცდებზე სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეობა შესთავაზეს…

მისი ახალიადამიანური და  სისხლსავსე  მეცნიერული ცხოვრება დაიწყო…

ირაკლი ცნობილი მეცნიერი იყო.  მისი ზოგიერთი გამონათქვამს აქტუალობა არც ახლა დაუკარგავს:

„თუ ადამიანს თავისიანები და-ძმა, ახლობლები არ უყვარს და პატივს არ სცემს – ვერც სხვებს შეიყვარებს, რადგან არ იცის რა არის ახლობლის სიყვარული. თუ ადამიანს მშობლიური სოფელი, ან ქალაქი არ უყვარს და არ ზრუნავს იქ მცხოვრებლებზე, ზოგადად ვერც ქვეყანას შეიყვარებს, რადგან არ არის პატრიოტი. ასეთებს ღვთისმოსაობას ვერ მოთხოვ, რადგან არ სწამთ უფლის. ღმერთმა დაგიცვათ იყოთ ასეთები და ასეთებისგანაც უფალმა დაგიფაროთ“.

 

ირაკლი ახალაიას შესახებ ჩემს ხელთ არსებული მასალები ამის თქმის გაბედულებას მაძლევს:

ირაკლი ახალაია რომ ცოცხალი ყოფილიყო სულ სხვაგვარად წარიმართებოდა აფხაზეთის ბედი. დრო ვერაფერს დააკლებს  მარადიული პატრუქის შუქით მოსილ მის ხსოვნას.

რაც უნდა მოხდეს და როგორც უნდა განსაზღვრონ ადამიანებმა მოვლენები, დრო ყველაფერს კორექტირებას უკეთებს. დრო და ჟამი ნებისმიერი მოვლენის ყველაზე სამართლიანი შემფასებელია. შეაფასებს ირაკლი ახალაიას ღვაწლსაც, თუმცა – დროსაც დრო უნდა, დრო ბატონებო – ჩვენი დამაქცევარი და ამშენებელი – დრო!

ქეთევან ჩემია, ისრაელი

paqtebi.ge

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ