ანალიტიკაპუბლიკაციები

ინკები

გთავაზობთ, ერთი შეხედვით, სვანეთთან სრულიად შეუსაბამო…. მაგრამ მაინც საინტერესო ისტორიებს, რომელზე ე მუშაობისკენ ამ პატარა ტექსტმა მიბიძგა:
1904 წლის გაზეთ «ცნობის ფურცელში» „ვინმე სვანის“ ფსევდონიმით ანონიმი ავტორი წერს: „რაც გინდა ბევრი ეძიოთ, სვანეთის შესახებ საბუთებს ვერ ნახავთ. შეიძლება იყოს კიდეც, მაგრამ სვანეთის არქეოლოგიურ-ისტორიული ავლადიდება ჯერჯერობით გამოურკვეველია“.
წავედით:
წინ… თუ უკან?…
და მაინც: რეალური ისტორიებისაკენ…

იმ საოცარ ქვეყანაში,
რომლის რელიეფი სვანეთისას ძალიან გავდა…
ეს ნამდვილად ასე ყოფილა:
მაღალ მთაში გაშენებულ ამ იმპერიაში არ ჰქონდათ საძოვრები და არ ჰყავდათ შინაური ცხოველები. გამწევ ძალად და სახორცედ მოშენებულ ლამას და ალპაგას იყენებდნენ. ცხენი არ იცოდნენ რა იყო. არც თოფზე დენთსა და ტყვიაზე ჰქონდათ წარმოდგენა… მათი კანონებით ქორწინება სამუდამოდ ითვლებოდა; ქურდობა, ძარცვა და ძალადობა დაუყოვნებლივ საჯაროდ სიკვდილით ისჯებოდა… სახელმწიფოში საპატიმროები არ არსებობდა…
ამ ქვეყანაში მეფობას უძლიერესების გარდა იოლად ვერავინ აღწევდა. არც არჩევნები იყო: თავად უნდა დაემსახურებინა პიროვნულად და: ყოველი ახალი მეფე, თუ იმპერატორი, მემკვიდრეობით მხოლოდ ძალაუფლებას იღებდა და არა სიმდიდრეს. ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე იწყებდნენ ქვეყნის ტერიტორიების გაზრდა-გაფართოებას, ანუ: სხვათა მიწების დაპყრობით და მიერთებით, რაც ქონების შეძენით, ხარკის და სხვა გადასახადების დაკისრებით და საბოლოო ჯამში საკუთარი ხაზინის და ქვეყნის გამდიდრებით გრძელდებოდა. მაგრამ უმთავრესი მაინც ის არის, რომ სიმდიდრის შოვნასთან ერთად, მისი მართვა, გამოყენება და ხარჯვა სათანადო განათლების მიღების შედეგად შეეძლოთ და არა ქაოტურად და საკუთარი ახირების მიხედვით, ხოლო ძლევამოსილს და უკვე გამდიდრებულს იოლად უჯერებდნენ, რომ მზის ღმერთის პირდაპირი შთამომავალია და რომ ქვეყანას ღვთის განგებით მართავს.
იმპერატორს რამდენიმე ათასი კაცისაგან შემდგარი ამალა ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს ტახტრევანით დაატარებდა. ვერავინ ბედავდა მისთვის პირდაპირ თვალებში შეხედვას. ჰარამხანაში ათასობით ქალი ჰყავდა და მაინც მისთვის მეუღლეს — მომავალ დედოფალს, რათა კეთილშობილი და ღირსეული შვილები ჰყოლოდათ, საამისო მკაცრი კრიტერიუმების დაცვით საკუთარი დები ურჩევდნენ. სწორედ დედოფალთან შეძენილ შვილებს ჰქონდათ იპერატორობაზე პრეტენზიების გამოცხადების უფლება.
ისინიც, მხოლოდ ძალაუფლებას მიიღებდნენ მემკვიდრეობით და არა ქონებას ქვეყანაში, რომელიც ასე იმართებოდა:
მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვიანობისა და ნატურალური გადასახადების აკრეფისას სწორად დაანგარიშების, ომის დროს ჯარისკაცების გამოძახების და სხვა საჭიროებისთვის იმპერიაში მცხოვრები ოჯახები დაყოფილი იყო 10 “ოჯახურ კერიად“ და მართავდა ერთ-ერთი რომელიმე ოჯახის უფროსი. ანგარიშს აბარებდა 50 ასეთი „კერიისგან“ შემდგარი ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელიც პრეფექტების წინაშე იყო ანგარიშვალდებული. ესენი მართავდნენ 100, 500, 5 000, 10 000 “ოჯახურ კერიას”.
ერთობ ორიგინალური “კვანძოვანი დამწერლობა” ჰქონდათ: ბაწარზე სხვადასხვა ზომის და ფერების ძაფების შეხამებით კვანძების კომბინაცია — „კიპუ“, რომელსაც სხვადასხვა ისტორიული მოვლენის დასაფიქსირებლად, საკუთარი სახელების, ფონეტიკური ელემენტების გადმოსაცემად, გადასახადების დასაანგარიშებლად იყენებდნენ.
ფლობდნენ უზარმაზარ ცოდნას მეცნიერების სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით მათემატიკასა და ასტრონომიაში. თესდნენ და იღებდნენ მოსავალს. საკუთარი მზისა და მთვარის კალენდარი ჰქონდათ, იცოდნენ „ბუნიობის“ (როცა დღე და ღამე თანაბრდება) შესახებ. იმპერიაში არავინ შიმშილობდა. საწყობები სურსათ-სანოვაგე, სამუშაო თუ საბრძოლო იარაღები უხვად იყო. ყოველ მოქალაქეს კონკრეტული საქმე ევალა… ხელოსნები გასაოცარი სილამაზის ნივთებს ამზადებდნენ. მათ შორის განსაკუთრებულად გამორჩეული „სადღესასწაულოდ“ საიმპერატორო კარისა და დიდებულებისათვის მისართმევი საჩუქარი იყო. მეურნეობებში მოწეულ ჭარბ მოსავალს უზარმაზარ საწყობებში აბინავებდნენ და „სასურსათო ულუფა“ ქვრივებზე, ობლებზე, ქრონიკულად დაავდაებულებსა და შრომის უნარის არმქონეებზე ყოველდღიურად გაიცემოდა. მოსახლეობას არ ეშინოდა მოუსავლიანობის, ან სტიქიური უბედურების, რადგან ამ დროს, დახმარებას ყველა იღებდა. მთიან ადგილებში მიწათმოქმედების გამართვის გაძნელების გამო ციცაბო ფერდობების ტერასებზე გასაოცარად მოწყობილი საირიგაციო სისტემის წყალობით მოჰყავდათ სიმინდი, პომიდორი, არაქისი, წიწაკა, ნესვი, ანანასი, კაკაო, კოკა, ბამბა, კარტოფილი…
აქვე უნდა გაგახსენოთ, რომ პირველად დედამიწაზე სწორედ მათ მოაშენეს 200–მდე სახეობის კარტოფილი. დღემდე მოაღწია კარტოფილის შენახვის პროცესმაც: ღამე ამოღებულ კარტოფილს 3 – 4-ჯერ რეცხავდნენ და მზეზე აშრობდნენ.
ქვეყანის შიგნით წესრიგის დასაცავად და მართვის გასაიოლებლად დიდებულების — ყოველმხრივ უზრუნველყოფილი — ქრთამისკენ რომ არ გაქცეოდათ თვალი — მოქალაქეებისგან შემდგარი განსაკუთრებული დავალებების შემსრულებელი -“ტოკოი-რიკოკს” — „ყველაფერის დამნახავებისგან“ შემდგარი რაზმი ყავდა. ქვეყანაში წყალი ჭირდა და მაინც უნიკალურ სისუფთავეს იცავდნენ. სიზარმაცესა და დროსტარებაში დიდი დროის დაკარგვის უფლება არავის ჰქონდა. ორივე დასჯადი იყო.
მოხუცები სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდნენ. 50 წელს მიღწეული მშრომელი კაცი თავისუფლდებოდა შრომითი ბეგარისა და გადასახადებისგან. ეს ყველაფერი სრულდებოდა თუ არა, სრულიად საიდუმლოდ ამოწმებდნენ იმის მიხედვით, თუ ვის რა დარგი ჰქონდა დავალებული. მათ შორის მოხელეთა საქმიანობაც. მიღებული ინფორმაცია სათანადო „ჩასკი“ – „მორბენალ კურიერებს“ დედაქალაქში საჭირო ხალხთან შესანიშნავად მოწყობილი გზებით ძალიან სწრაფად ჩაჰქონდათ და არც დასჯას აგვიანდებოდა, თუ ეს საჭირო იქნებოდა:
სახლის კარებზე ჩამოფარებული ჭილოფი აწეული უნდა ყოფილიყო, რათა „ინსპექტორს“ დაენახა, თუ როგორ ამზადებდა დიასახლისი საჭმელს, როგორ რეცხავდა სარეცხს და ა. შ. და თუ ინსპექტორი ჩათვლიდა, რომ დიასახლისი საოჯახო საქმეებს თავს ვერ ართმევდა, სასჯელი სასტიკი იყო: აიძულებდნენ ეჭამა ჭუჭყი, რომელსაც მისი სახლიდან გამოხვეტდნენ, ხოლო მის ქმარს აიძულებდნენ დაელია ოჯახის წევრების ფეხის ნაბანი წყალი.
მათზე საუბრისას ევროპელი სიეზა დე ლეონი ამბობს, რომ მათ მიერ გაკეთებული გზები საინჟინრო ხელოვნების სასწაული იყო. გზების ისტემა ორი უმთავრესი მაგისტრალისაგან შედგებოდა. ერთი — 3, 250 მილის „სამეფო გზა“ სიგრძეზე მიუყვებოდა მთელს ქვეყანას — ზღვის დონიდან მაღლა მთებში გადიოდა. მეორე – სანაპირო 2, 520 მილი გზა ოკეანის სანაპიროს მიუყვებოდა. ფართო მაგისტრალებზე ერთმანეთისგან დაცილებული ტამბო — სასტუმრო – სადგურები იყო ჩამწკრივებული, სადაც „ჩასკებს“ — „მორბენალ კურიერებს“ სხვებთან ერთად შესვენება და რაც მთავარია, „ჩაკარგვა“ -შეუმჩნევლად დარჩენა — შეეძლოთ.
მომავალ ჩასკი — კურიერებს კონკურსის წესით ახალგაზრდებს შორის მონაცმებეის მიხედვით არჩევდნენ, ხოლო შემდეგ ასწავლიდნენ მთის გაიშვიათებულ ატმოსფეროში სირბილს, ვრცელი ტექსტის ზეპირად დამახსოვრებას… ძირითადი გამოცდის ჩაბარებამდე 6 დღის განმვლობაში მხოლოდ მცენარეულ საკვებს და წყალზე ყავდათ, შემდეგ მათგან სულ რამდენიმე წუთში ოთხნახევარი მილის გარებენას ითხოვდნენ. გამოცდებში ასევე შედიოდა მოფარიკავეების წინაშე, რომლებიც დაჭრით „ემუქრებოდნენ“ — მათი გაუნძრევლად დგომა და სხვადასხვა სისასტიკისთვის გაძლება, როგორიცაა: ბასრი მახვილის ჩხვლეტით ჭრილობების მიყენება, ახლადაყრილი ულვაშების დაგლეჯა, ხელებსა და ფეხებზე წკეპლით ცემა და სხვა. ამით უნდა დაემტკიცებინათ, რომ ნებისმიერ ტკივილს აიტანდნენ და საიდუმლოს არ გასცემდნენ, მათ გადასაცემი ტექსტი ზეპირად იცოდნენ. თუ რომელიმე უყოყმანოდ ვერ აიტანდა ყოველივეს და მის გამძლეობაში ოდნავ მაინც ეჭვს შეიტანდნენ, გამოცდა ჩაუბარებლად ჩაითვლებოდა, რაც ღირსების საკითხი იყო და არცერთი მონაწილე ამას ცოცხალი თავით არ დაუშვებდა. — წერდა ცნობილი ესპანელი ქრონოლოგი — მეისტორიე გარსილასო დე ლა ვეგა.
… ყოველი მათგანი მოვალეობის შესრულების დროს მორიგ სასტუმრო — სადგურთან მიახლოებისთანავე საგანგებო საყვირით „საიდუმლო ნიშანს — სიგნალს აძლევდა“ უკვე მომლოდინე დასვენებულ სხვა კურიერს, რომელსაც ასევე საიდუმლოდ ხვდებოდა და ინფორმაციას ზეპირად გადასცემდა. ის მომდევნო სადგურამდე მიიტანდა „ზეპირ ინფორმაციას“ და ასე შემდეგ…
კურიერული ამ სისტემით ინფორმაცია დანიშნულ ადგილამდე დღეში 250 მილის სიჩქარით აღწევდა…
და რა გასაკვირია, ზღვაზე დილას დაჭერილ ნედლ თევზს, ან საიდუმლო ონფორმაციას იმავე დღეს თუ მიაწვდიდნენ იმპერატორის სამზარეულოს.
ქვეყნის მმართველი დაპყრობილ ხალხებს ადგილებზე უტოვებდა მათ მმართველებს და არ უკრძალავდა ადგილობრივი ღმერთების თაყვანისცემას და თავიანთ ენებზე ლაპარაკს, მაგრამ მოითხოვდა ოფიციალური ენის ცოდნასაც. დაპყრობილი პროვინციების მმართველების შვილებს დედაქალაქში იწვევდა ადგილობრივი დიდებულების შვილებთან ერთად სასწავლებლად და ერთგულ ახალგაზრდებად აღზრდილს საკუთარ სამსახურში ჩასაყენებლად მზადმყოფს აბრუნებდნენ შინ.
ასწავლიდნენ: მზის თაყვანისცემას, გეომეტრიას, მართვას, ფილოსოფიას, ლოგიკას, მჭერმეტყველებას, ისტორიას, სამხედრო სტრატეგიას, ასტრონომიას, ხელოვნების დღემდე ცნობილ ყველა დარგს და ოქრომჭედლობას… დიდ დროს უთმობდნენ სპორტულ თამაშებს…
16 წლისანი სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარი გამძლეობის, სიძლიერის, ცოდნის, მოხერხებულობის, სამხედრო საქმის, ფარიკაობის და სხვა ცოდნის დემონსტრირებას ახდენდნენ.
გამოცდები ე.წ. „სამხედრო თამაშობები“ ღია ცის ქვეშ ტარდებოდა და დაახლოებით ერთი თვე გრძელდებოდა. მსურველებს თავისუფლად შეეძლოთ მასზე დასწრება. ამასთან, ხშირი იყო ახალგაზრდების დასახიჩრება და სიკვდილიც კიო, ამტკიცებენ მეცნიერები.
გამოცდების წარმატებით დამთავრებად ითვლებოდა „რაინდად კურთხევა“, რასაც ხან წინ უძღოდა, ხანაც მოსდევდა უმთავრესი რამ: იმპერატორის წინ დაჩოქილ ახალგაზრდას მბრძანებელი ოქროს ნემსით ყურის ბიბილოებს უხვრეტდა და საზეიმოდ გადაეცემოდათ „ოქროს დისკები“ (საყურეები), როგორც კასტის ნიშანი და კურსდამთავრებულები უმაღლესი კლასისი წარმომადგენელთა შორის საკუთარ ადგილს იკავებდნენ. (და არა პოტენციური უძლურების აღიარება-გამოხატვის ნიშნად — საყურის ტარებას).
პრივილეგირებულები ყურის ბიბილოზე ატარებდნენ დიდ, ბრტყელ ვერცხლის ან ოქროს რგოლს, რომელთა წონაც ჭიმავდა ყურებს, რის გამოც ესპანელებმა, რომლებმაც მოგვიენებით მიაგნეს მათ:
“დიდყურიანები” შეარქვეს.
სახელმწიფოს ყავდა საგანგებოდ შერჩეული ე.წ. „აგენტი — შუამავლები“, რომლებიც ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულს ჩხრეკდნენ და ყოველთვის იცოდნენ, სად რა ხდებოდა და კიდევ რა იყო მოსალოდნელი. მათი მოვალეობა იყო აგრეთვე სილამაზით, ნიჭით და წარმომავლობით გამორჩეული ქალიშვილების აღრიცხა.
საბოლოოდ მათ ათკაციან ჯგუფებად მონასტრებში აგზავნიდნენ, სადაც ხანდაზმული “მამაკონები” ქანცის გაწყვეტამდე ავარჯიშებდნენ და ასწავლიდნენ: ქსოვას, ქსოვილის შეღებვას, განსაკუთრებული კერძების და ჩიჩას (იქნებ „ჭაჭა“?) (ალკოჰოლური სასმელი) მომზადებას და რელიგიური რიტუალების ჩატარებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საფეიქრო საქმეს, რადგან სწორედ ისინი ამზადებდნენ ნატიფ და ნაზ ქსოვილებს ალპაკის და ვიკუნიას მატყლისაგან. უმაღლესი კასტის წარმომადგენლებისთვის ტანსაცმელს მისგან კერავდნენ.
სამწლიანი სწავლების შემდეგ, გოგონები ჩამოჰყავდათ დედაქალაქში, სადაც იმპერატორი თვითონ ირჩევდა მათ თავისთვის და სხვა დიდებულებისათვის. ვინც შერჩევის გარეშე დარჩებოდა, მონასტრებში ქურუმებად ანაწილებდნენ: აქ ისინი გამორჩეულად — ქალბატონებივით ცხოვრობდნენ და საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდნენ.
მალარიის ქინაქინით მკურნალობა მათგან ისესხა კაცობრიობამ.
ქირურგიაში მათ მიღწევებს მედიცინ წარმოუდგენელად მიიჩნევს: 1975 წელს პარიზში ჩატარდა პლასტიკური ქირურგიის მუშაკთა საერთაშორისო კონგრესი, რომელზეც პერუელმა მეცნიერმა ე. აპინიმ შეისწავლა ლიმას და კუსკოს ანთროპოლოგიის მუზეუმების 150 ნაოპერაციევი თავის ქალა და წარადგინა იმის დამამტკიცებელი მასალები, რომ უხსოვარ დროს ქირურგებს შეეძლოთ ორგანული მასალისგან ან ოქროსგან დამზადებული ფირფიტებით დაზიანებული თავის ქალის ნაწილების შეცვლა შეეძლოთ. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 70 პროცენტი იყო. ანესთეზიისათვის კოკაინის ფოთლებს იყენებდნენ.
კანონების თანახმად, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი მამაკაცი საჭიროების შემთხვევაში არმიის წევრი ხდებოდა. შეეძლოთ სოფლის რიგითი მკვიდრი ან ფერმერი ჯარისკაცად ექციათ და გამოეყენებინათ. თითქმის ყველა მამაკაცს ომში მონაწილეობა ერთხელ მაინც ჰქონდა მიღებული. ძლევამოსილი არმიის მაღალი რანგის ოფიცრები ყოველგვარი გადასახადებისგან თავისუფლდებოდნენ და მმართველი კლასის უმაღლეს რანგში იყვნენ აყვანილებ.
მათ მიერ შექნილი არქიტექტურული ქმნილებები დღემდე სილამაზით გამოირჩევა. მეტიც, მათ მიერ აშენებული შენობების საძირკვლებზე ესპანელებმა უამრავ შენობა ააშენეს, რადგან მიწისძვრისადმი ბევრად უფრო მყარი აღმოჩნდა.
უმთავრეს ზეიმს“კოპაკ რაიმი” (დიდი ზეიმი) ერქვა. მაცოცხლებელი წყარო, ხალხსა და ხელისუფლებას შორის კავშირის განმტკიცების, ტახტისადმი ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის თავისებური ჯილდო სადღესასწაულო დღეები ჰქონდათ, როგორც დაგროვილი ემოციებისაგან მასების გათავისუფლების თავისებური საშუალება. იმპერატორის განკარგულებით წინასწარ მზადდებოდა საკეთესო კერძები და, სასმელები. იმართებოდა რელიგიური რიტუალები, მსხვერპლშეწირვა, მამლების ჩხუბი, მუსიკალური წარმოდგენები და ცეკვები. წმინდად ითვლებოდა საერთო ზეიმის ნაწილი ყმაწვილების მამაკაცებად მონათვლის ცერემონიალი რომელზეც უცხოები 6 მილის სიახლოვეს არ დაიშვებოდნენ. საინტერესოა, რომ ცეკვებს რიტუალის დანიშნულება ჰქონდა და მონოტონური, ჰიპნოზური სიმღერების თანხლებით სრულდებოდა.

მოკლედ, როგორც დედაჩემი იტყოდა, რაღა ბევრი გავაგრძელო, სწორად მიხვდით, ისინი ინკები იყვნენ და თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე 1438-1527 წლებში ცხოვრობდნენ კეჩუას ენა დღემდე შემორჩა და მასზე ანდების მთებში, თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 10 მილიონი მოქალაქე ლაპარაკობს, ხოლო მათი დიდებული წინაპრებისთვის მთელი იმპერიის პირისაგან მიწისა აღსაგველად: ფრანსისკო პისარო — ბოროტმოქმედი და ყაჩაღი, უიღბლო მეღორე საკმარისი აღმოჩნდა.

მეორე ნაწილის დასასრული

ქეთევან ჩემია — მესტია, კალა

მსგავსი პოსტები

აქამდე უცნობი დეტალები. ოპერაცია ,,კოდორი-2001’’. ოპერაციის მონაწილეთა სიცოცხლე საფრთხეშია!

Joni Kvaracxelia

«ამ ორ ფიგურას შორის აქვს არჩევანი ქართველ ამომრჩეველს» — თეიმურაზ ზაქრაძე

Joni Kvaracxelia

«სოხუმის უნივერსიტეტში ძუკუ ლოლუას აბრა მოუხსნიათ» — მალხაზ პატარაია

Joni Kvaracxelia

1 კომენტარი

დატოვე კომენტარი