«ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე სოსო გოგაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა:
«იმედია ამ «ეფესბეს» (დიდი ალბათობით) ღიად მოქმედი აგენტის, გოგაშვილის ნასაუბრებზე ბევრს გაეხსნება ტვინი და ახლა მაინც მიხვდებიან როგორ და რა მეთოდით ხდება, რუსეთის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის (მისი საინფორმაციო/პროპაგანდისტული ნაწილის) წარმოება.
2012 წელს მოყვნენ რომ ცოცხით ერთი კაცი თუ რამდენიმე ციხეში გააუპატიურეს, 26 ათასი ვაჟკაცის გაუპატიურებაც დაამატეს, 9 თვის ბავშვიც ქვევრში დავახრჩეთ, სანდრა ორგანოებით ვაჭრობდა, სვანეთი დავბომბეთ და ოჯახები ამოვბუგეთ, მილიარდები მოვიპარეთ და რუსეთთან ომი მიშამ დაიწყო, მრავალი ასეთი წარმოუდგენელი ბინძური ცილისწამება შემოუგდეს ხალხს და ბევრმა გადაყლაპა და დაიჯერა.
2020-ში გარეჯს ყიდდნენო და ჩვენ დავიცავითო.
ახლა თურმე მიშა და ვანო ყოფილან მათ მიერ ციხიდან გაშვებული (რა ექნათ საწყალ კანონმორჩილებს, ვერ მოახერხეს დაჭერილი საშიში ტერორისტის ვერგამოშვება) და მერე უკან ქვეყანაში მათ მიერვე შემოშვებული, ჩატაევის უფროსები.
პრინციპი ნათელია, ტყუილი უნდა იყოს მაქსიმალურად შემაშფოთებელი, თუმცა რაც არ უნდა აბსურდული და სრულიად დაუსაბუთებელი იყოს, ხალხის ის ნაწილი მაინც აკენკავს და «დაიჯერებს» ვისაც მოთხოვნილებაც კი აქვს ასეთი ბოდვების დაჯერებაზე, ოღონდ ეს მათ აზროვნების სტილში ან პოლიტიკურ პოზიციაში ჯდებოდეს.
აი თქვა ამან და ახლა უნდა დაიჯეროს ქოცურმა თუ მოქოცო საზოგადოებამ აბა რას იზამს?
რატომაც არა, თუ ადრე რაც მობოდეს და ის დაიჯერეს, ახლა რა მოხდა ესეც რომ დაიჯერონ, მით უფრო რომ ასეთი ძლიერ «კომპეტენტური» სპეციალისტი საუბრობს, რომელსაც სათვალავი აერია იმდენი რუსი თუ სხვა ჯაშუში ყავს გაუვნებელყოფილი მისი სუსში «ძლიერ ნაყოფიერი» მოღვაწეობის განმავლობაში.
როდემდე უნდა იტანდეს ამას საზოგადოების ფსიქიურად და მორალურად ნორმალური ნაწილი და ამის უფლებას აძლევდეს მტერს არ ვიცი.
ეს მტერი რუსეთი ამ მეთოდებით, ხომ ამერიკასა და ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი აზანზარებს და აბრკოლებს და ცხადია, ჩვენთან, ამდენი მოპარპაშე ღია და ფარულად მათზე მომუშავე, აგენტურის პირობებში, რას შეძლებს ხომ ნათელია.
მაინც არაა უსაშველოდ საქმე, თუ ჯანმრთელი საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ დარჩება პასიური და ამ ბინძურ ომს თავის გონებას და აქტიურ სამოქალაქო პოზიციას დაუპირისპირებს.
იმედი მაქვს ასე მოხდება და როგორც გონიერი და პატრიოტული საზოგადოება, შევძლებთ ამ დაბრკოლების გადალახვასაც.»-წერს ბარამიძე.