პუბლიკაციები

ილია სოხუმში: ,,სინათლე დასავლეთიდან მოდის, საქართველოსათვის მაინც-მეთქი!“

1903 წელს, გაგრაში რეალური სასწავლებელის დაარსებასთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძე საგანგებოდ იქნა მიწვეული პრინც ალექსანდრე ოლდენბურგელის მიერ. ილიას ახლდნენ ბათუმის გუბერნატორი — ნიკოლოზ ერისთავი, თბილისის თავადაზნაურობის მარშალი — ალექსანდრე ორბელიანი და სიღნაღის თავადაზნაურობის მარშალი — დიმიტრი ჩოლოყაშვილი. სტუმრების პატივსაცემად სოხუმში სადილი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სოხუმის საზოგადოების წარმომადგენლები, აფხაზეთში საგასტროლოდ ჩასული ქართული თეატრის მსახიობები და ძუკუ ლოლუას მომღერალთა გუნდი.
თედო სახოკიას მოგონებებიდან:
სოხუმის მკვიდრი ქართველობა განსაკუთრებით იჩაგრებოდა ცარიზმის აღვირახსნილი რეჟიმისაგან. ადმინისტრაციაში დიდი ადგილები სულ შავრაზმელებს ეჭირათ. შავრაზმელი იყო სასულიერო უწყების უფროსიც (ეპისკოპოსი), სასწავლებლებში უფროსებად, მასწავლებლებად შავრაზმელები იყვნენ.
ასეთ ატმოსფეროში მყოფი ქართველობა სიხარულით აღივსებოდა ხოლმე, როცა ვინმე მოწინავე ქართველი შემთხვევით გზად გამოივლიდა სოხუმში. თავი მოჰქონდათ: აი, რა კაცები ჰყავს ჩვენს სამშობლოსაო!.. გულში ათასნაირი იმედი ესახებოდათ.მთელი ეპოქა იყო აქაურების ცხოვრებაში, როცა აქ განსვენებული პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი გამოივლიდა თავისი ნათესავების -გოგრიჩიძეების სანახავად!.. ერთხელ ქართველი სტუდენტობა მოიყვანა აქ ოდესის უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ პეტრიაშვილმა. ერთხელ ნიკო ნიკოლაძეც იყო. აკაკი ისე გარდაიცვალა, სოხუმი არ უნახავს. ილია ჭავჭავაძემ კი მხოლოდ 1903 წელს ინახულა სოხუმი და სოხუმის ქართველობა.
1903 წელს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებას, ერთ-ერთ თავის სხდომაზე, სხვათა შორის, ლაპარაკი ჰქონდა იმ “ამაგზე”, რომელიც პრინცმა პეტრე ოლდენბურგელმა დასდო აფხაზეთს: გაგრის კურორტის დაარსებით, იქავე რეალური სასწავლებლის გახსნით და, საერთოდ, აფხაზეთის ამ კუთხის გამოცოცხლებით.მადლობის გამოსაცხადებლად არჩეული იყო დეპუტაცია, რომელშიაც შედიოდნენ: ილია ჭავჭავაძე, ალ. ორბელიანი (სიძე პოეტ ვახტანგ ორბელიანისა, ტფ. სამაზრო მარშალი თავადაზნაურთა) და სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი დიმიტრი ჩოლოყაშვილი.დეპუტაციამ თავისი დავალება შეასრულა, გაგრა საფუძვლიანად დაათვალიერა და იქიდან სოხუმში შემოიარა, ახლა ამ ქალაქის დასათვალიერებლად.
ელვის სისწრაფით მოედო მთელ ქალაქს ილია ჭავჭავაძის მოსვლა. ასეთი ადამიანების სტუმრობით სოხუმელები მაინცდამაინც განებივრებული არ ვიყავით. წარმოგიდგენიათ, რარიგ უნდა გაგვხარებოდა მთელი საქართველოს სიამაყის ილია ჭავჭავაძის მოსვლა!…რომ ყველას შესძლებოდა ილია ჭავჭავაძის ნახვა, მისგან ცოცხალი სიტყვის გაგონება, გადაწყდა, სადილი გამართულიყო ძმათა შარვაშიძეთა სასახლის ვრცელ ეზოში ასწლოვანი მუხებისა და ცაცხვების ქვეშ და ამ სადილზე მოეწვიათ გაგრიდან დაბრუნებული სტუმრები.სადილში მონაწილეთა სულზე ხუთ-ხუთი მანეთი უნდა გაეღოთ. თითქმის ყველა ისწრაფოდა ამ სადილზე დასასწრებად. ასზე მეტმა ქალმა და კაცმა მოიყარა თავი. ყველას მოუხაროდა, როგორც დიდ და ბრწყინვალე დღესასწაულზე. ცდილობდნენ, ერთიმეორეს არ ჩამორჩენოდნენ ამ ზეიმში, რომელიც სუფრის დასასრულს მართლა რომ ეროვნულ დღესასწაულად იქცა…
საათის ოთხზე მობრძანდნენ სტუმრები, რომელთაც სუფრის თავში დააჭერინეს ადგილი. ილიას გვერდით მოუსვეს მოხუცებული გრიგოლ შერვაშიძის მეუღლე აღათი დადიანის ასული. ძვირფასი სტუმარი, რომ ყველასათვის დასანახი ყოფილიყო, მოსუფრალნი ორ რკალად შემოურიგდნენ სუფრას. თამადად არჩეულ იქნა აქაური მოქალაქე თეიმურაზ გაბუნია, ცნობილი თავისი ჭკუითა და სიდარბაისლით.
თამადამ პირველად ადღეგრძელა ილია ჭავჭავაძე, მიულოცა საქართველოს საუკეთესო შვილს მობრძანება სოხუმში. მადლობა მოახსენა, რომ თავის აქ მობრძანებით ვაჟკაცობის სული შთაბერა;გაძლევთ პირობას, თანახმად თქვენის მოძღვრებისა, ჩვენი ქვეყნისათვის ჩვენც ვიშრომებთ, ჩვენც შევიტანთ ჩვენს წვლილს საერთო სალაროში, მხოლოდ ერთსა გთხოვთ, ჩვენო ძვირფასო ბატონო: თქვენ და თქვენისთანები ნუ დაგვივიწყებთ ხოლმე, ათასში ერთხელ დაგვხედეთ, გაგვამხნევეთო.თამადის შემდეგ მერგო ბედნიერება ილიას სადღეგრძელო დამელია. დიდის მოკრძალებით გავიზიარე ის საერთო აღტაცება, რომელსაც ცათაფრენაშემდგარი ხალხი განიცდიდა მის დანახვაზე. მე ვთქვი: ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერება სოხუმელთა ცხოვრებაში. თქვენმა აქ მობრძანებამ ყოველი ტანჯვა დაავიწყა აქაურებს; დღევანდელი დღე დაუვიწყარი იქნება სოხუმელთათვის.ნება გვიბოძეთ მრავალჟამიერი სიცოცხლე გისურვოთ და განუზომელი მადლობა მოგახსენოთ აქ მობრძანებისათვის, ჩვენის ნახვისა და ნუგეშისათვის.
სამადლობელო სიტყვის სათქმელად ილია ზეზე წამოდგა. მთელი საზოგადოებაც ფეხზე მდგარი მოემზადა მის მოსასმენად. ასე დაიწყო:
“ბატონებო, დიდის პატივისცემით მოგესალმებით! ბედნიერი გახლავართ, რომ ვხედავ ჩვენს საერთო მშვენიერ სამშობლოს, კალმით დახატულს კუთხეს და მის მოსახლე მშვენიერსავე ხალხს…მადლობელი გახლავართ თქვენი დახვედრისათვის, ჩემის პატივისცემისა და დღეგრძელობისათვის!
თქვენ რომ გიყურებთ, გულს იმედი და სასოება ჩამესახა, რომ ჩვენი ქვეყანა წინ მიდის, მტერს ისე ადვილად არ დავეჩაგვრინებით. რომაელთა ერთი თქმა მაგონდება: სინათლე აღმოსავლეთით გვევლინებაო. თქვენ რომ გიცქერთ, ეს თქმა ასე უნდა შევცვალო: სინათლე დასავლეთიდან მოდის, საქართველოსათვის მაინც-მეთქი! თქვენც მიხვედრილი ბრძანდებით, რომ დღევანდელ ცხოვრებაში სუფრის თავში ის ერი ზის, ვინც ირჯება, ვინც ცდილობს ქონება შეიძინოს, ეკონომიურად წელში გამაგრდეს. ვინც ამას არა ფიქრობს, ვინც სხვას შეჰყურებს, აცა, რამე გაჰვარდეს ხელიდან და მე ავიღოვო, ის ხალხი ტყუილად ნუ ელის შორი მანძილი გაიაროს ცხოვრებაში, ტყუილად იმედი ნუ აქვს ცხოვრებისა ჭიდილში ფონს გავიდეს; ასეთი ერი, ვიმეორებ, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას საკაცობრიო ცხოვრების სუფრაზე ადგილი არ ექნება, გემრიელი ლუკმა ცხვირზეით აცდება, ნასუფრალი თუ ხვდა, ღმერთს მადლი შესწიროს! ყველასაგან გათელილი, ყველასაგან ყბადაღებული ისაა, ვისაც თავის მარჯვენის იმედი არა აქვს, ვინც თავის ძალღონით არ ჰლამის ლელოს გატანას ცხოვრების მოედანზე.
თქვენი მოძმენი, აღმოსავლეთ საქართველოს ქართველები, იმითა ვართ შესაბრალისნი, რომ მეტად ტაადით მივდივართ ეკონომიურ მოღონიერებისაკენ. იქ ყველანი ჩვენა გვჩაგრავენ, თავზე გვასხდებიან. აქ, თქვენ რომ გიყურებთ, გული მინათლდება, სასოებით მევსება: მთელი ქალაქი თქვენს ხელშია; აქაურობის ბატონ-პატრონი თქვენა ხართ, გეტყობათ, დღესა და ღამეს ასწორებთ, ცდილობთ უკვე შეძენილს კიდევ მიუმატოთ, თქვენი ქონება ერთი-ორად აქციოთ, ფხიზლობთ, ყური მახვილად გიჭირავთ, საიდან როგორ უკეთესად და სარფიანად მოაგვაროთ თქვენი საქმე, ამისათვის თქვენთვის გამჩენს შნო მოუცია და ამ შნოთი შნოიანად სარგებლობთ კიდეცა. მერწმუნეთ, თუ ქონებრივად ღონიერები იქნებით, ყოველივე სიკეთე ამქვეყნიური თავისით მოგადგებათ კარზე. თუ ეკონომიურად წელში გავიმართებით, ჩვენი სამშობლო, მამა-პაპათაგან ნაანდერძევი, შეგვრჩება, ვერავინ წაგვართმევს. თუ ვაჭრობას, თანამედროვე ცხოვრების ამ მთავარ ძარღვს, ვუერთგულეთ, ბურთი და მოედანი ჩვენია, ლელოს გატანაში ვერავინ შეგვეცილება. რომ მოგახსენეთ: საქართველოს სინათლე დასავლეთიდან მოდის-მეთქი, იმიტომ მოგახსენეთ, რომ დასავლეთ საქართველოს ქართველობამ აღმოსავლეთ საქართველოს მოძმეებს მაგალითი უნდა უჩვენოს სიფხიზლისა, ცხოვრებაში ბრძოლის უნარის გამოჩენისა, უნდა ასწავლოთ, რომ იმათაც ამავე გზით იარონ, იმათაც თქვენ მოგბაძონ, ერთობლივის ძალით მამა-პაპათაგან ნაანდერძევი ტურფა და მდიდარი ქვეყანა შევირჩინოთ, სხვას მისი დაპატრონების მადა არ გავუღვიძოთ, მოსეულ ათასგვარ მტერსა და დუშმანს კრიჭაში ჩავუდგეთ, გავუმკლავდეთ, ხმალამოღებული დავუხვდეთ, ჩვენზე არ გავაცინოთ.
მაშ, გაგიმარჯოსთ, ბატონებო, ჩვენის ქვეყნის ეკონომიურად აღორძინების პირველო მერცხლებო! გაუმარჯოს თქვენს გამჭრიახობას, სიმკვირცხლეს: ჩვენი ხალხის, ამერ-იმერეთის, მთლად ჩვენი ქვეყნის სანუგეშოდ და წარსამატებლად!”
ყოველი სიტყვა ძვირფასი სტუმრისა ელექტრონის დენისებრ უვლიდა სხეულში სმენად გადაქცეულ მაყურებელს; ყველანი ხარბად პირში შეჰყურებდნენ და ცდილობდნენ ერთი სიტყვაც არ გამოჰპარვოდათ. მათ ბედნიერებას საზღვარი არა ჰქონდა: მთელი საქართველოს სათაყვანო ადამიანს, მთელი ქართველობისათვის მზრუნველს ილია ჭავჭავაძეს თავიანთს შორის ხედავდნენ! ყველას განუმტკიცებდა რწმენას, რომ ობლად არ იყვნენ შთენილნი, ჰყავდათ პატრონი, პატრონი ძლიერი, შემმართებელი, რომლის წინაშე ჩვენი დაუძინებელლი მტერიც კი ქედს იხრიდა.კარგა შებინდებულზე ყველანი მხიარულნი და ბედნიერნი დაიშალნენ. მერე დიდხანს და დიდხანს ჰქონდათ სოხუმელებს ეს სადილი სალაპარაკოდ და სასიამოვნო მოსაგონებლად.
ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

რითი აშინებენ ტრამპისტები ამერიკას და მსოფლიოს?

იყავი ხროვის სათავეში …

Joni Kvaracxelia

რას წერდა ზვიად გამსახურდია ეკლესიაში მიმდინარე მაშინდელ მოვლენებზე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი