იზოლირებული წერილები (შვედეთის ,,ლიბერალური“ ალტერნატივა) III ნაწილი

0
184
Sweden flag and Stockholm old town Gamla Stan in background

გაგიკვირდებათ ალბათ, კორონავირუსის მიმართ შვედურ სტრატეგიასთან დამკვიდრებული სიტყვა რატომ მაქვს ბრჭყალებში ასე უმოწყალოდ ჩასმული. ეს სასვენი ნიშანი ნამდვილად არ გამომიყენებია ირონიის ან ცნებისადმი პრეტენზიის გამოსახატავად. უბრალოდ, მის გარეშე ტერმინოლოგიურად ზუსტად ვერ ასახავს მოვლენის არსს,რადგან ამ კონტექსტში თავად სიტყვაა ზედმეტი. საქმე ის გახლავთ, რომ ევროპაში მეორე სახელმწიფოც არის, რომელიც იმავე გზას დაადგა, რაც შვედეთი. თავად ალტერნატივის უპირატესობის მამტკიცებლები მას საგანგებოდ არ ახსენებენ და ალბათ გასაგებია რატომაც. ეს ქვეყანა არის ბელარუსი, რომლის მმართველობის რეჟიმი კონსოლიდირებული ავტორიტარიზმია და მის მიმართ ძალიან ძნელია სიტყვა ,,ლიბერალურის“ რაიმე აზრით მისადაგება.
თუმცა, როგორც იტყვიან, ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია და მოვლენას თავისი ზუსტი სახელი კეთილსინდისიერად შევარქვათ: შვედურ-ბელარუსული ალტერნატივა. თითქოს უცნაურად გამოგვივიდა, მაგრამ ფაქტები ჯიუტია. ევროპაში არის ორი გამოკვეთილი ქვეყანა, რომელმაც პანდემიისადმის მსუბუქი მიდგომები არჩია.
ყველა შვედეთზე ლაპარაკობს და ამიტომ სწორედ მის მაგალითზე უფრო ღირს დისკუსია, რამდენად უკეთესია თუ უარესია არჩეული სტრატეგია. თუმცა, ბელარუსიც არ დავივიწყოთ, ტერმინოლოგიურადაც არ ვაწყენინოთ.
მაშ ასე, შვედურ-ბელარუსული მოდელის შვედური სახეობა შემდეგი ძირითადი ნიშნებით ხასიათდება:
არ გამოცხადებულა საგანგებო მდგომარეობა, მხოლოდ ნაწილობრივ არის დაკეტილი საზღვრები (ევროკავშირის ქვეყნების შვეიცარიის, ბრიტანეთის, ისლანდიისა და ნორვეგიის მოქალაქეების გამოკლებით);
მუშაობს საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლები, ტრანსპორტი; სავაჭრო ობიექტების უმეტესი ნაწილი ღიაა, მათ შორის რესტორნები და ბარები;
გადაადგილების უფლება შეზღუდული არ არის; სოციალური დისტანცირებზე, ონლაინ მუშაობაზე, ავადმყოფების და მოხუცების სახლში დარჩენაზე გაცემულია მხოლოდ რეკომენდაციები;
არ არის აღიარებული ასიმპტომური პაციენტები;
არ ცხადდება კარანტინი. ეს პრაქტიკულადაც შეუძლებელია. კონსტიტუციით შვიდობიანობის დროს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აკრძალულია, ხოლო გეოგრაფიულ კარანტინზე კანონიც კი არ აქვთ.
ერთი სიტყვით, აქცენტი გაკეთებულია არა აკრძალვებზე, არამედ მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე, ნებაყოფილობითობაზე და გეზი აღებულ იქნა მასობრივი (,,ჯოგური“) იმუნიტეტის გამომუშავების სტრატეგიაზე. თავდაპირველად დაინფიცირებული ექიმებიც კი აგრძელებდნენ მუშაობას, თუმცა, ამჟამად ასე არ არის.
საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის არარსებობის მიუხედავად, გარკვეული აკრძალვები მაინც არის. მაგალითად, 50 ზე-მეტი ადამიანის შეკრებაზე. გაუქმებულია ერთიანი ეროვნული გამოცდები, დახურულია გიმნაზიები და უმაღლესი სასწავლებლები. მოგვიანებით, მაგრამ აკრძალეს მოხუცთა თავშესაფრებში ვიზიტები. იმთავითვე ტარდება შეზღუდული მიზნობრივი ტესტირება.
ამავე დროს, სამედიცინო სექტორი მოყვანილია სრულ მზადყოფნაში და 3-ჯერ გაზრდილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა. გამოცხადდა, რომ მთავრობა ბიზნესისთვის დასახმარებლად 300 მილიარდი შვედური კრონის (31 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობის დახმარების პაკეტს ამზადებს. პირს, რომელსაც მუშაობისას კონტაქტი აქვს ადამიანებთან, მისი ან ოჯახის წევრის დაავადების შემთხვევაში ეძლევა შვებულება ხელფასის 80 %-ის შენარჩუნებით, სხვა სოლიდური ეკონომიკური და საციალური ზომებიც გათვალისწინებულია.
ქვეყნის სახელმწიფო ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი ამას ცოტათი განსხვავებულ გზას უწოდებს და ეყრდნობა, მის თქმით, მოხალისეობრივ ღონისძიებებზე დამყარებული კანონს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეს აქვს პასუხისმგებლობა არ გაავრცელოს ვირუსი. გათვალისწინებულია, აგრეთვე, შვედეთის კიდევ ერთი თავისებურება-მოსახლეობის ნახევარი ისედაც მარტო, ე.წ. თვითიზოლაციაში ცხოვრობს.
ახლა ციფრები და სტატისტიკა. შედარება ამ შემთხვევაში ყველაზე საუკეთესო არგუმენტია.
შვედეთის მოსახლეობა შეადგენს 10, 3 მლნ. ადამიანს. მოსახლეობის სიმჭიდროვე არის 23 კაცი 1 კვადრატულ კოლომეტრზე.
დღეის (04.05.2020) მდგომარეობით შვედეთს აქვს კოვიდ 19-ის 22,317 აღრიცხული შემთხვევა, აქედან 2679 პირი არის გარდაცვლილი(1 მლნ. მოსახლეობაზე საშუალოდ 265), 1005-გამოჯანმრთელებული. ეს უკანასკნელი ციფრი რამდენიმე დღეა არ შეცვლილა.

Loading…

ყველა წამყვან ქვეყანას პიკი უკვე გადავლილი აქვს, შვედეთს ჯერ არა. ამ ვითარებაში მას უკვე 12 %-იანი გარდაცვალების მაჩვენებელი აქვს. ამ მონაცემით ის ეწევა იტალიას, რომელმაც პირველი დარტყმა მიიღო ევროპაში, ჰქონდა დაგვიანებული რეაქცია და რომლის იგივე მონაცემი არის 13,7%. აშშ-ში მხოლოდ 5,7 %-ია, ხოლო მსოფლიოში 7 %. არაფერს ვამბობ, მაგალითად, ახალ ზელანდიაზე, რომელმაც მკაცრი ზომებს მიმართა და გარდაცვალების მაჩვენებელი 1,2 %-ია.
შედარება უფრო ზუსტი იქნება, თუ ვნახავთ იგივე მონაცემებს შვედეთის მეზობელი სკადინავიურ ქვეყნებისა, რომლებმაც მკაცრი კურსი აირჩიეს:
ფინეთი – 5,254 აღრიცხული შემთხვევა, 230 გარდაცვლილი (1 მლნ. მოსახლეზე საშუალოდ 42), 3,000 გამოჯანმრთელებული, გარდაცვალების %-4,4;
ნორვეგია 7,833 აღრიცხული შემთხვევა, 211 გარდაცვლილი (1 მლნ. მოსახლეზე საშუალოდ 39), 32 გამოჯანმრთელებული, გარდაცვალების %-2,7;
დანია- 9,523 აღრიცხული შემთხვევა, 484 გარდაცვლილი (1 მლნ. მოსახლეზე საშუალოდ 84), 6,987 გამოჯანმრთელებული, გარდაცვალების %-5.
როგორც ვხედავთ, სხვაობა ძალიან აშკარაა. სამივე სკანდინავიურ ქვეყანას ჯამში შვედეთზე თითქმის 70 %-ით მეტი მოსახლეობა ჰყავს (16,8 მლნ.) და 3-ჯერ ნაკლები გარდაცვლილი. ასეთივეა გარდაცვალების საერთო პროცენტი, ხოლო 1 მლნ. მოსახლეზე სკანდინავიურ ქვეყნებს ჯამურად 5-ჯერ ნაკლები მაჩვენებელი აქვთ.
არის კიდევ ერთი მონაცემი, რომელშიც შვედეთს უაღრესად მძიმე სტატისტიკა აქვს. ეს გახლავთ დასრულებული შემთხვევებში გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შეფარდება. აქ შვედეთი ძალიან გამოკვეთილი სამწუხარო ლიდერია. პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანა სადაც გარდაცვლილები სჭარბობდეს გამოჯანმრთელებულებს. შვედეთს თითქმოს 2,5-ჯერ მეტი გარდაცვლილი ჰყავს ვიდრე გამოჯანმრთელებული (დამთავრებული შემთხვევების 73%-გარდაცვლილი, 27%-გამოჯანმრთელებული). მსოფლიოში დღეისთვის ამ მხრივ თითქმის 5-ჯერ მეტი გამოჯანმრთელებულია, ვიდრე გარდაცვლილი (დამთავრებული შემთხვევების 17%- გარდაცვლილი, 83%-გამოჯანმრთელებული).ეს მონაცემები მნიშვნელოვანი კიდევ ერთი მახასიათებლით. ასეთი განსხვავები გვაფიქრებინებს, რომ შვედეთში ავადმყოფობა გაცილებით, ტრაგიკულად უფრო მძიმედ მიდის, ვიდრე სხვაგან.
ამგვარად, მკაცრი ზომებით შვედეთს შეეძლო დღევანდელზე მინიმუმ 5-ჯერ ნაკლები მსხვერპლი ჰყოლოდა. გარდაცვლილთა 90% 60 წლის ასაკს ზევითაა. შვედეთის მთავრობამ, უპირველეს ყოვლისა ჩინეთის და აგრეთვე, სხვა ქვეყნების მაგალითზე, ასევე უკვე არსებული ავტორიტეტული ეპიდემიოლოგიური და სამედიცინო დასკვნებით იცოდა, რომ კოვიდ-19 სწორედ ხანდაზმულებისათვის წარმოადგენდა სასიკვდილო საფრთხეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ რომ, ის ითვალისწინებდა ამ შედეგის დადგომის შესაძლებლობას და მის გარდაუვალობას. ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შვედეთი ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა როგორც ევროპასა და მსოფლიოში, მას მომავალში ძალიან გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ გაატარა პროპორციული ზომები, სათანადოდ გაუფრთხილდა თავისი მოსახლეობის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას , განსაკუთრებით ასაკოვანი მოქალაქეების მიმართ. მას ძალიან გაუძნელდება იმის უარყოფა, რომ განზრახ რისკის ქვეშ დააყენა და დაარღვია საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის უფლება, ასევე განსაკუთრებით ასაკოვანთა მიმართ.
რაც შეეხება შვედურ-ბელარუსული ალტერნატივის მეორე განშტოებას-ბელარუსს, ამ ქვეყანაში პანდემია არაფრად ჩათვალეს, ფეხბურთის ჩემპიონატიც გააგრძელეს, საჩვენებლი შაბათობაც ჩაატარეს და ახლა 9 მაისის ჩვეულებრივად აღნიშვნას აპირებენ. აქ ალბათ სერიოზული მსჯელობა ძალიან ძნელია. საერთო ევროპული ფონიდან და თავად სახელმწიფოში არსებული რეჟიმიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად უნდა ვიფიქროთ ის, რომ ამ არსებითად დახურული ქვეყანის ავტორიტარულმა ხელისუფლებამ მსოფლიოს აშკარად შემცირებული მონაცემები წარუდგინა. ის რეალურ სურათს მალავს ზუსტად ისევე, როგორც ჩინეთი და რუსეთი. ყოველ შემთხვევაში, საიმედო წყაროების არქონა და გადამოწმების შეუძლებლობა პირველ რიგში სწორედ ამას გვაფიქრებინებს და არა მგონია, ახლა და როდესმე ბელარუსი რაიმე პოზიტიურ მაგალითად გამოგვადგეს.
ზემოთქმულთან დაკავშირებით სრულებით არ მიმაჩნია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რიგი მნიშვნელოვანი აკრძალვებით უკეთესი შედეგი მიიღო, ვიდრე უკვე არსებულის შესრულების უზრუნველყოფით მიიღებდა. მაგრამ ეს უკვე შეზღუდვის პროპორციულობის გაგების მეორე მხარეა -გადაჭარბებული სიმკაცრის საკითხი და ცალკე საუბრის საგანია. ამასთან, შვედეთისაგან განსხვავებით ჩვენში მიზნობრივი ტესტირება სულ ახალახან დაიწყეს.
და ბოლოს, არსებობს თუ არა თანხვედრა შვედეთსა და ბელარუსს შორის მოტივების თვალსაზრისითაც. ჩემი აზრით, არსებობს. საზოგადოებრივ ცხოვრებაში უკიდურესობები ხშირად თანხვერილია როგორც ფორმით ისე შინაარსით. ფორმით უკვე ვიცით. ხოლო რაც შეეხება შინაარსს, ანას წინათ წავიკითხე ერთ-ერთ პუბლიკაცია, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს გასაღებს ან დილემიდან და ეხება ამერიკელი ისტორიის პროფესორის პიტერ ბოლდუინის (Peter Baldwin) კითხვას, რატომ არის ასწლეულის ყველაზე საშინელ პანდემიასთან შვედეთის დამოკიდებულება ასეთი მსუბუქი სხვა ადრეულისგან (ქოლერა, შავი ჭირი, შიდსი) განსხვავებით? უკანასკნელი გასული საუკუნის 80-იანი წლებში მოხდა და შვედეთი იყო მათ შორის, ვინც ყველაზე მკაცრად მოქმედებდა. რატომ აღმოჩნდა ის ბელარუსის და კიდევ სხვა რამდენიმე ქვეყნის უცნაურ კამპანიაში?
ამ კითხვებზე შვედური გამოცემა Svenska Dagbladet-ის ავტორი გორან ერიქსონი (Göran Eriksson) გვთავაზობს მეტად საინტერესო მოსაზრებას, რომ შვედეთის მთავრობის პოზიცია შვედური განსაკუთრებულობის იდეის რეანიმაციის ცდუნებით არის განპირობებული. ულოფ პალმეს დროს შვედეთმა მიაღწია არნახულ ეკონომიკურ ზრდას. ის გახდა დიდი ევროპული სახელმწიფო, მსოფლიოში უმდიდრესი ქვეყანა და საყოველთაო კეთილდღეობის მაგალითი. მას ჰქონდა განსაკუთრებული საგარეო პოლიტიკაც. შვედეთი იმ დროიდან მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო, გახდა არნახულად განთქმული. მასზე ყველა საუბრობდა, კამათობდა, ნაწილი მკაცრად აკრიტიკებდა, მეორე ნაწილი აღფრთოვანებულ შეფასებებს უძღვნიდა. იმ პერიოდს თავად ქვეყანაში ,,ოქროს ხანას“ უწოდებენ. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს სტატუსი გაფერმკრთალდა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა შვედეთმა ადრინდელი სტატუსი ვერ დაიბრუნა. სამაგიეროდ ეს შეძლო კორონავირუსმა. დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ისევ შვედეთის განსაკუთრებულ სტრატეგიაზე, ის ძალიან საინტერესო გახდა, მასზე ისევ ყველა საუბრობს და კამათობს. ქვეყანას ისევ მიეცა ,,ფლაგმან სახელმწიფოდ“ გახდომის შანსი. აქედან გამომდინარე, მისი მიდგომა პანდემიისადმი სწორედ ძველი დიდების აღდგენის სურვილით, განსაკუთრებულობის შეგრძნებით არის განპირობებული.
შვედეთ-ბელარუსის უცნაური ტანდემის ყველაზე გონივრული შინაარსობრივი ახსნა ალბათ სწორედ ეს არის – თვითდამკვიდრება.

მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება

II ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ…

paqtebi.ge

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ