წინა წერილებში გამოვთქვი ვარაუდი რაღაც უცნობი მიზეზის ან მიზეზების შესახებ, რომლებმაც განაპირობეს კოვიდ19-ის შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა საქართველოში. მას შემდეგ სტატისტიკა არსებითად არ შეცვლილა და ზოგადი სურათი კვლავინდებურად მეტყველებს ამ ვერსიის სასარგებლოდ. სამწუხაროდ, დღემდე პანდემიაზე მოსაზრებები, მათ შორის ძალიან კვალიფიციური და ავტორიტეტული წყაროებიდან, ჰიპოთეზებს ვერ სცილდება როგორც კლინიკური, ისე ყველა სხვა თვალსაზრისით. ამ კითხვაზე სწორი პასუხი ჩვენთვის ძალიან აქტუალურია სამომავლო პერსპექტივისათვის, რადგან აქაც სპეციალისტების აზრი დიამეტრალურად საპირისპიროა ეპიდემიის ხელახალ შემობრუნების, ანუ მეორე ტალღის შესახებ.
გავბედავ და ვიტყვი, რომ ვემხრობი სწორედ იმ მოსაზრებას, რომ სამომავლოდ მოსალოდნელი გართულებები ნაკლებად იქნება. ამას გვაფიქრებინებს ჩვენში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სურათის შესაძლო მიზეზებზე დაკვირვება.
მაშ ასე, კოვიდ-19 მსუბუქ მიმდინარეობაზე საუბრისას შესაძლებელია განხილულ იქნეს შემდეგი ფაქტორები:
1. ხელისუფლების მოქმედება.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლება რაღაც განსაკუთრებით ეფექტიანად მოქმედებდა ან კიდევ სამედიცინო სფეროში რაიმე მახასიათებელი სხვაზე მაღალი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენთანაც განსაკუთრებით მადლიერი სწორედ სამედიცინო პესონალის მიმართ ვართ თავდადებისათვის.
ისევ ფაქტებს მივუბრუნდეთ. პირველი დაინფიცირებული საქართველოში ოფიციალურად ფიქსირდება 26 თებერვალს. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა თითქმის 1 თვის დაგვიანებით 21 მარტს და ისიც სათანადოდ ვერ იქნა განხორციელებული საპატრიარქოს ჭირვეულობისა და მისი გადაწყვეტილებებისადმი ხელისუფლების მეტად სარისკო ლოიალურობის გამო. მთელი პერიოდის განმავლობაში გვქონდა ძალიან მოუწესრიგებელი სამედიცინო პროტოკოლები, არ ჩატარდა მასობრივი ტესტირება. ამასთან აღმოჩნდა, რომ იმისთვის მზად არ ვიყავით, რისთვისაც დაწესდა საგანგებო მდგომარება, გეგმა B თურმე იმთავითვე ტყული იყო, რადგან სამედიცინო სექტორს 800 ავადმყოფის მკურნალობაზე მეტი რესურსი არ ჰქონიათ. მძიმე ავადმყოფები პრაქტიკულად ვეღარ გადავარჩინეთ. სულ 12 პირი იყო ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე და სიკვდილიანობაც ზუსტად ამდენივეა-12. ინფიცირებულების ძალიან დიდი ნაწილის მკურნალობა დისტანციურადაც შეიძლებოდა. ამასთან, განურჩევლად ყველა გავჭყიპეთ პლაქვენილით, რომელსაც მეტად უარყოფითი თანმდევი ეფექტები აქვს, ძალიან ფრთხილად და განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ის კი არა, ამ პრეპარატის იმთავით პანაცეად გამოცხადებამ, იმავწუთიერად აფთიაქებიდან მისი გაქრობა გამოიწვია და ვინ იცის კიდევ რამდენმა ადამიანმა გაიუარესა ჯანმრთელობა ამ წამლის პროფილაქტიკური მიზნით მიღების გამო.
ასე, რომ ვერ ვიტყვით მთავრობის რაღაც განსაკუთრებულ სიმარჯვეზე ეპიდემიის მართვაში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სხვა ქვეყნების მძიმე მაგალითები გვქონდა, ვიმოქმედეთ დაგვიანებით, ქაოტურად და არცთუ ხარისხიანად. ამ ვითარებაში სოციალური დისტანცირება უფრო საზოგადოების თვითშეგნების დამსახურებაა და ნაკლებად-მთავრობის.
2. ვაქცინური იმუნიტეტი.
ამ შემთხვევაში სახელდებოდა ე.წ. ბცჟ ვაქცინაციის ეფექტი, რომელიც მასობრივად ტარდებოდა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ამ ვაქცინას, საკმაოდ ხანგრძლივი იმუნური მეხსიერება აქვს. რუსეთსა და ჩვენი მეზობლებთან შექმნილმა ვითარებამ ეს არგუმენტი არსებითად მოხსნა. ყოველ შემთხვევაში მას დღეს სერიოზულად არავინ განიხილავს.
3. გადატანილი ეპიდემიისგან შეძენილი იმუნიტეტი.
ეს არგუმენტი მსჯლობისთვის მეტად პერსპექტიულია.
ცხადად დასტურდება მიმდინარე ზამთრის პერიოდში ჯერ-ჯერობით უცნობი იგივე ან მსგავსი ეპიდემია, რომელიც საკმაოდ მძიმედ და გაცილებით უფრო მასობრივად მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ავადმყოფობის ამ ეტაპზე მიმდინარეობის შესახებ რამდენადმე მნიშვნელოვანი რეალური სურათი არ გვაქვს და ალბათ არც გვექნება, მაგრამ მისი არსებობის დამადასტურებელი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები და თითოეული ჩვენთაგანის პირადი დაკვირვება ასეთი დასკვნისათვის ალბათ საკმარისია. გარდა ამისა, არსებობს ორი მყარი გარემოება, რომელიც მის სასარგებლოდ მეტყველებს. ეს არის გარდაცვლილთა რაოდენობა, რომელიც ამჟამინდელ ტალღას არ ჩამოუვარდება და აგრეთვე, ასეთივე ატიპიური პნევმონია, რომელიც ყველა კლინიკურ შემთხვევაში დასტურდებოდა.
იყო თუ არა ეს იგივე ან რომელიმე მსგავსი ვირუსი ამას, რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ორივე შემთხვევაში ვლინდება ვირუსის შემაკავებელი ანტიგენის ფაქტორი, როგორც უშუალოდ კოვიდ 19-ის მიერ გამოწვეული პირდაპირი, ისე ე.წ. კროს-რეაქტიული (ჯვარედინი) იმუნიტეტის სახით. პირველი სადავო არ არის, ხოლო მეორის ალბათობა, როგორც მეცნიერები ამბობენ საკმაოდ მაღალია და მყარია.
უკანასკნელის თაობაზე უკვე არსებობს ამერიკელი და შვეიცარიელი ექსპერტების კვლევა. საქმე ეხება T-უჯრედებს, რომლებიც ყალიბდება მონათესავე და ნაკლებად მავნე კორონავირუსების დროს და წარმატებით უტევენ კოვიდ-19. სახელდება აგრეთვე ჯვარედინი იმუნიტეტის გამომუშავების ქრონოლოგიური ჩარჩოებიც: 2015-2018 წლების სეზონები და 2003 წლის სეზონიც კი. თუ ეს ასეა, მაშინ საკმარისად დასაბუთებულად უნდა ჩავთვალოთ მოსაზრება ჯვარედინი იმუნიტეტით დაცულობის შესახებ.
ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში ჩვენი ეპიდტრიუმვირატის ერთ-ერთმა ქურუმმა მოგვითხრო მისი კლინიკის ერთ ბოქსში მყოფ ცოლ-ქმარზე, რომელთაგან ერთ-ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდა მეუღლის გვერდით მკურნალობის დასრულებამდე. ეს ამბავი სწორედ უკვე გადატანილი შეძენილი იმუნიტეტის არსებობით შეიძლება აიხსნას.
4. თანდაყოლილი (გენეტიკური) იმუნიტეტი
რა თქმა უნდა ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს. ფაქტიურად, თითქმის ყველა ინფექციური ავადმყოფობა ცივილაზაციისათვის ერთგვარი ისტორიული ხარკია ცხოველებთან ურთიერთობის, ხანგრძლივ ისტორიულ პესპექტივაში მათი მოშინაურების გამო. შესაბამისად, ასეთივე ხანგრძლივობისაა ჩვენი რეზისტენტულობა ინფექციების მიმართაც.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის 80 %-ზე მეტმა, 600-მდე ეთნიკურმა ჯგუფმა, რომლებიც იქ დაახლოებით 30 საუკუნე ბინადრობდნენ, შეწყვიტა არსებობა ორიოდე საუკუნის განმავლობაში. ამას მათ გენოციდს ვერანაირად ვერ მივაწერთ. ფიზიკურად არ შეეძლო 90-მილიონიან ევროპას 40-45-მლნ. ადგილობრივი ინდიელის დახოცვა. მით უფრო, რომ ამ პერიოდში საკუთარი ომებიც ჰქონდათ და აღმოსავლეთთან დაპირისპირებაც. ყველაზე სარწმუნო ვერსია სწორედ რომ ინფექციებია, რომლებიც ევროპელებმა იქ ჩაიტანეს, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას მათ მიმართ იმუნიტეტი არ ჰქონდა, რადგან არ მისდევდა მეცხოველეობას. მხოლოდ ძაღლი ჰყავდათ მოშინაურებული. ცნობილია, აგრეთვე ინფექციების მისიონერებისაგან გავრცელების შემთხვევები და ისიც, რომ ვაქციანციასაც კი შედეგი არ მოჰქონდა. არის პირუკუ შემთხვევებიც. კარტროფილის, პომიდვრის და თამბაქოს გარდა ევროპელებმა ამერიკიდან წამოიღეს ინფექციური ავადმყოფობა სიფილისი. მის მიმართ ადგილობრივი ინდიელები რეზისტენტული იყვნენ, ხოლო დანარჩენ სამყარო ეს ავადმყოფობა დღემდე პრობლემურია. ის კი არა არქეოლოგებმა შეისწავლეს ამერიკული ძაღლების ჯიშებიც და აღმოჩნდა, რომ არცერთი დღეს არსებული ჯიში ენდემური არ არის. ამერიკელ ინდიელთა ძაღლებიც ინფექციის მსხვერპლი გახდნენ.
რა შორს წავიდეთ. რუსეთს ძალიან გაუჭირდა ჩვენი შავიზღვისპირეთის კოლონიზაცია სწორედ მალარიისადმი იმუნიტეტის არარსებობის გამო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნდა.
ასე, რომ გენეტიკური იმუნიტეტის არგუმენტი ზოგადად საყურადღებოა. უკვე გამოითქვა კიდევაც მოსაზრება პოპულაციურ გენეტიკაზე დაყრდნობით, მამაკაცური ხაზით გადაცემული Y-ქრომოსომის ქართველებისათვის მახასიათებელი ჰაპლოჯგუფების (G2-ს და J2-ს ერთობლიობა) მოცემული ვირუსისადმი რეზისტენტულობის შესახებ. თუმცა ეს ჰიპოთეზა ალბათ ნაკლებად სარწმუნოა.
საქართველოს მოსახლეობა ეთნიკურად ერთგვაროვანი არ არის. ამასთან დღევანდელი მონაცემებით, იგივე ჰაპლოჯგუფები იგივე პროპორციით, მაგალითად, უდასტურდებათ ოსებს (რანაირად და როგორ ეს სხვა საუბრის თემაა). თუმცა, ძალიან მკვეთრი და თვალშისაცემი განსხვავებაა რუსეთის ფედერაციის სუბიექტი ალანიის მოსახლეობასა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ოსებს შორის. იქ 700 000 მოსახლეა და გაცილებით უარესი მდგომარეობაა არათუ ცხინვალის რეგიონთან, არამედ მთელს საქართველოსთან შედარებით. ოფიციალური მონაცემებით, დღეისთვის გამოვლენილია 2387 შემთხვევა და გარდაცვლილია 22 პირი. ამავე დროს, ვთქვათ, იაპონიაში ძალიან დაბალი მაჩვენებლებია, თუმცა იაპონელები თვისობრივად განსხვავებულ ჰაპლოჯგუფებს წარმოადგენენ. კიდევ უფრო შორსაც შეიძლება წავიდეთ. აშშ-ში დაინფიცირებულთა შორის 3-4-ჯერ მეტი აფროამერიკელია, ვიდრე სხვა. ამავე დროს თავად აფრიკაში დაავადების შეუდარებლად დაბალი მაჩვენებელია.
წარმატებას ვუსურვებ გენეტიკური ვერსიის ავტორებს, მაგრამ მათი არგუმენტები ამ შემთხვევაში არადამაჯერებელია. ამ კონტექსტში ალბათ უფრო საინტერესოა ფსიქოპოპულაციური მეხსიერების არგუმენტი, რომელსაც გენეტიკურიც შეიძლება ვუწოდოთ და რაზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი.
5. სოციო-პოპულაციური იმუნიტეტი.
ეს ფაქტორი აშკარად საყურადღებოა. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, გარკვეულ კანონზომიერებას თვალშისაცემად ვნახავთ მის სასარგებლოდ. ყველაზე მეტად უჭირს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს, უფრო ნაკლებად კი-ნაკლებად განვითარებულებს.
როგორც ჩანს, მასობრივი და ხანგრძლივი სოციალური სტრესი, ცხოვრების ექსტრემალური პირობები იწვევს გამძლეობით ეფექტს — სხვადასხვა საზოგადოებაში ამა თუ იმ დოზით სოციო-პოპულაციური იმუნიტეტის არსებობას.
ერთ-ერთ ავტორიტეტულ სატელევიზიო გადაცემაში მოწვეულმა ცნობილმა კარდიოლოგმა დაადასტურა, რომ 40-60 %-ით მოიკლო მიმართვიანობამ მისი პროფილით, ინფარქტებსა და ინსულტებზე. წამყვანის შეკითხვაზე მან ეს საკმაოდ არადამაჯერებლად ახსნა-არ მოგვმართავენო. როგორ შეიძლება დავიჯეროთ მიუმართავობა ასეთ მძიმე შემთხვევებში? მაშინ რასთან გვაქვს საქმე?
ეს შეიძლება აიხსნას მხოლოდ ერთით — ექსტრემალური სიტუაცია იწვევს ადამიანისა და მთლიანად საზოგადოების სასიცოცხლო ძალების მაღალ მობილიზაციას და შესაბამისად, ასეთივე მაღალ წინააღმდეგობისუნარიანობას, ხოლო ხანგრძლივი დროის ექსტრემალური ვითარება იწვევს მის გაცილებით უფრო მაღალ ხარისხს. ასეთი ეფექტი პირადად მაქვს შემჩნეული აფხაზეთის ომის დროს და არა მარტო მე.
საქართველოს მოსახლეობა თითქმის 30 წელია ცხოვრობს განსაკუთრებით ექსტრემალურ, თვითგადარჩენისა და არსებობისათვის, სიცოცხლისათვის მეტად ძნელად დასაძლევი საფრთხეების ვითარებაში: პერმანენტული ომები და მათ შედეგად უდიდესი ფიზიკური მსხვერპლი, მრავალრიცხოვანი ომგამოვლილი და დახეიბრებული ადამიანები, დევნილები, მტრის გამუდმებული დივერსიები, ბლოკადები, ტოტალური სიღარიბე, უმუშევრობა და ემიგრაცია, თუნდაც სწრაფი რეფორმები, მნიშვნელოვანი სტრესული ფაქტორებია და მუდმივ მობილიზაციაში ამყოფებს ჩვენს სასიცოცხლო ძალებსა და შესაბამისად, წინააღმდეგობის უნარს.
აქვე გასათვალისწინებელია ამ ფაქტორის ისტორიული განგრძობადობაც — გამუდმებული ბრძოლა თვითგადარჩენისათვის, რომელიც არ შეიძლება არ ასახულიყო თაობების ფსიქოპოპულაციურ მეხსიერებაში და გამოიწვევა მაშინათვე, როდესაც არსებობს სიცოცხლის მოსპობის გლობალური საფრთხის სათანადო აღქმა.
ერთი სიტყვით, საქმე გვაქვს საზოგადოების თვითგადარჩენის ისტორიულ და პერიოდულად განახლებად როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ თვითგადაჩენის რეაქციათან სიცოცხლისადმი გლობალური საფრთხის მიმართ, რომელიც გაცილებით ძლიერია კლინიკურ იმუნიტეტზე და რომლის ხარისხიც ისტორიული მეხსიერებისა და პერიოდულად განახლებადი ფსიქოსოციალური მობილიზაციის პროპორციულია.
თუმცა ამ ვითარებას პურუკუ არასასურველ მოვლენები უნდა მოსდევდეს ზამბარის ცნობილი პრინციპით. საფრთხის გადავლისა და მოდუნების პერიოდი ძველ წყლულებს აახლებს ჩვეულებრივზე მეტად. ამიტომ ნამდვილად სჯობს ვიცხოვროთ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში, სადაც ამ მონაცემებით გაცილებით წარმატებულად დავხვდებით ნებისმიერ გლობალურ გამოწვევას.
ამის მაგალითიც გვაქვს. ,,დიდ შვიდეულში“ განცალკევებით დგას ერთი ქვეყანა, რომელსაც ძალიან დაბალი პანდემიური მონაცემების აქვს. ეს ქვეყანა არის იაპონია. სტატისტიკურად 130-მილიონიან, განსახლების სიმჭიდროვით განსაკუთრებით ურბანიზირებულ, ხანდაზმულთა ძალიან დიდი რაოდენობის სახელმწიფოში (სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საშუალოდ 85 წელია) სულ 16-ათასი ინფიცირებულია და 1 მლნ. მოსახლეზე — 6 გარდაცვლილი. ამის მიზეზად სოციალური დისტანცირების გატარებულ ზომებთან ერთად ასახელებენ განვითარებულობას, სამედიცინო სისტემის მაღალ დონეს, იაპონელების განსაკუთრებულ მოწესრიგებულობასა და პასუხისმგებლობას. მაგრამ არის კიდევ რაღაც, რაც მათ სხვებისაგან გამოარჩევს. ვფიქრობ, ეს სწორედ სოციო-პოპულაციური, ან კიდევ ეთნოპოპულაციური იმუნიტეტია.
იაპუნური საზოგადოება მუდმივად იმყოფება ძალიან საშიში სტიქიური საფრთხეების ქვეშ (მიწისძვრა, ცუნამი, წყალდიდობა და სხვ.). არაფერი რომ არ ვთქვათ ეპიდემიებზე. ყველამ ვიცით, სულ ახალახან რა უბედურება დაატყდა ამ ქვეყანას ,,ფუკუშიმას“ ბირთვული კატასტროფის დროს და როგორ დაძლია ის უდრტვინველად, საკუთარი ძალებით. ამ კონტექსტში, მას საკმარისი და სამწუხარო ისტორიული მეხსიერებაც აქვს და საფრთხის ადეკვატურად აღქმის მყარად ჩამოყალიბებული უნარები. ჩემი აზრით, სწორედ საფრთხისადმი ბუნებრივი ფსიქო-სოციალური იმუნიტეტი, ძვალსა და რბილში გამჯდარი მოუდუნებლობა და სიმშვიდე განაპირობებს იაპონელების გამორჩეულობას ამ პანდემის დროსაც და ყოველმხრივ კარგი მაგალითია ჩვენნაირი ქვეყნისათვის.
6. ხანდაზმულები.
უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ კორონავისუსის საგანგებო სამიზნე ასაკოვანი ადამიანებია, რომლებიც თავიანთი ფიზიოლოგიური მდგომარეობით ავადმყოფობის ფატალური განვითარებისათვის განსაკუთრებით საშიშ კატეგორიას წამოადგენენ. მთელს მსოფლიოში მათი რაოდენობა როგორც დაინფიცირებულებში, ისე გარდაცვლილებში თვისობრივად მაღალია.
ამ შემთხვევაში ჩვენში მნიშვნელოვანი განსხვავებებია რიგი მიზეზების გამო. გაეროს განვითარების პროგრამის 2019 წლის მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის რეიტინგ-ლისტში 98-ე ადგილზე ვართ, სადღაც პალაუსა და ტრინიდადსა და ტობაგოს შორის. იგივე ლიდერ იაპონიასთან შედარებით განსხვავება 11 წელია, შვეიცარიასთან-10, იტალიასთან და ესპანეთთან-9,9, ისრაელთან-9,2, შვეციასთან-9,1, საფრაგეთთან-8,9, კანადასთან-8,5, საბერძნეთთან-8,3, გერმანიასთან და ბრიტანეთთან-7,6, აშშ-5,3. ამასთან, იმათი ხანდაზმულები გაცილებითა აქტიურ ცხოვრება ეწევიან და მათთან შედარებით ჩვენი ხანდაზმულები ფაქტიურად მუდმივ სოციალურ იზოლაციაში არიან, ჩვენების აქტივობა საკუთარ ოჯახს ნაკლება სცილდება.
მაშასადამე, ხანდაზმულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების წესიც უნდა იყოს ჩვენი განსხვავებულობისა და თავდაპირველ კითხვაზე პასუხის ერთ-ერთი არგუმენტი.
ასე და ამგვარად, გამოიკვეთა რამდენიმე გარემოება, რომელიც განაპირობებს საქართველოში კორონავირუსის ეპიდემის თავისებურებას, მის შედარებით მსუბუქ მიმდინარეობას: გადატანილი ეპიდემიისგან შეძენილი იმუნიტეტი, ზოგადი სოციო-პოპულაციური იმუნიტეტი, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ასაკოვან ადამიანთა ცხოვრების წესი. უახლოეს მომავალში ამ ფაქტორებში რაიმე არსებითი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. კაცობრიობამაც საკმარისი გამოცდილება მიიღო და ალბათ მალე სამკურნალო საშუალებებსაც შექმნის. აქედან გამომდინარე, არასასურველი პროგნოზი ნაკლებად სავარაუდოა. უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება შიშის გარეშე, ოპტიმიზმით, ოღონდ ერთი აუცილებელი პირობით — უკიდურესობაში არ გადავვარდეთ და ქართველებისათვის ეგზომ ჩვეული გულარხეინობა არ მოგვეკიდოს.
მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება
Loading…