ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერის, დავით ქაცარავას განაცხადებით, მას სოფ. ბობნევში ადგილობრივები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„წამოვედი ბობნევში, მარტო დათა პაპასთან წამლები უნდა მიმეტანა. ჩემი აქ მოსვლის შესახებ მხოლოდ შსს-ს პრეს-სამსახურმა იცოდა. პოლიციის ეკიპაჟი შემომყვა დათა პაპასთან. მანქანის გაჩერება ვერ მოვასწარი, რომ იქვე მყოფი 4-5 კაციანი ახალგაზრდების ჯგუფი დამხვდა, რომლებიც ეგრევე აგრესიულად მომვარდნენ და დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი.
„გაეთრიე აქედან, რატომ გვირევ აქ სიტუაციას, აქედან წაეთრიე და შემაგინეს. რის შემდეგაც, გამარტყეს. ბუნებრივია, საპასუხო მიიღეს, ჩხუბი გაიმართა. პოლიცია იქვე იმყოფებოდა, ორნი იყვნენ. ერთ-ერთ იყო ასული დათა პაპას ღობესთან სიტუაციას ამოწმებდა, რამდენად უსაფრთხო იყო, მეორე კი იქ იდგა. ჩხუბი რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, ისინი ახლოს ვერ მეკარებოდნენ, მიშენდნენ ქვებს. ერთი უკნიდან მომეპარა ზურგიდან და წამაქცია, რის შემდეგაც მომცვივდნენ და ხელებით და ფეხებით დაიწყეს რტყმა. რამდენიმე დარტყმა თავში მომხვდა, მოვახერხე წამოდგომა და ვიგერიებდი მათ. ისინი არიან მოგზავნილი ტიტუშკები,“-აცხადებს ქაცარავა.
მისი თქმით აღნიშნული თავდასხმა ხელისუფლებისგან იყო მართული, რათა შეეჩერებინათ მისი საქმიანობა.
,,ჩემთვის აშკარაა, რომ ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ეს ადამიანები იქ შემთხვევით არ იყვნენ, ზუსტად იცოდნენ როდის და სად მოვიდოდი. იყვნენ კარგად მომზადებულები, რომლებმაც საპასუხოც მიიღეს. ახლა მე ტვინის შერყევის შეგრძნება მაქვს და მივიდვარ საავადმყოფოში,“-აცხადებს დათო ქაცარავა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება 126-ე მუხლის მიხედვით, რაც ძალადობას გულისხმობს.