ანალიტიკაპუბლიკაციები

,,ვიცოდეთ ჩვენი უფლებები,,

ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების და უკანონო, უსაფუძვლო დაკავებების მოცემულობიდან, საჭიროა ყველა მოქალაქემ იცოდეს, როგორი ფორმით შეიძლება მოგვიხდეს სამართალდამცველთან ურთიერთობა.
პოლიციის კანონის მიხედვით პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებს.
საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას დაუშვებელია წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს.
პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები,
განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, შეზღუდული შესაძლებლობისა,
რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური
კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა.
პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელი ვალდებულია პირს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის, იდენტიფიცირება.
რა შემთხვევებში და როგორი წესით შეუძლია პოლიციელს მოქალაქის გამოკითხვა?
პოლიციელი უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, თუ:
— პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები;
— არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას;
— პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე ან სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების ადგილზე;
— პირს თან აქვს იარაღი, რომლის ტარებაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, და ამ იარაღის ტარების უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია;
— პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე;
— პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს.
პოლიციელი უფლებამოსილია გამოჰკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მას აქვს საპოლიციო ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია. 14 წლამდე ასაკის პირის მიმართ ამ ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით.
პირს უნდა განემარტოს საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი, თუ ეს ხელს არ შეუშლის პოლიციის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებას.
გამოკითხვის შემთხვევაში პირს წინასწარ უნდა განემარტოს, რომ მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
რას ნიშნავს პირის იდენტიფიკაცია და რა ფორმით ახორციელებს მას პოლიცია?
პოლიციას უფლება აქვს მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, თუ პირის ვინაობის დადგენა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით შეუძლებელია ან დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან და პირის იდენტიფიკაცია აუცილებელია სამართალდარღვევათა პრევენციისათვის, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ სამართალდარღვევასთან.
პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებია: ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება; ბ) ფოტოსურათის გადაღება; გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება; დ) სიმაღლის გაზომვა; ე) ხმის ჩაწერა; ვ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.
იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე პირს უნდა მიეცეს საშუალება, გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა.
პოლიციელი ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება ღონისძიების განხორციელების საფუძველი და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება. ოქმს ხელს აწერენ პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი მოქალაქე. მოქალაქის მიერ ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მოქალაქეს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.
როგორი ფორმით და პროცედურით ხდება მოქალაქის პოლიციაში მოწვევა?
პოლიციას უფლება აქვს გასაუბრების მიზნით შეტყობინებით მოიწვიოს პირი პოლიციაში, თუ:
ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს აქვს საჭირო ინფორმაცია, რომელიც პოლიციას თავისი ფუნქციის შესრულებაში დაეხმარება; ბ) ეს აუცილებელია სხვა პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განსახორციელებლად.
შეტყობინებისას პირს უნდა განემარტოს მოწვევის საფუძველი და ის, რომ პოლიციაში გამოცხადება და პოლიციის დატოვება ნებაყოფლობითია.
პირის მოწვევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი სამსახურებრივი მოვალეობების თავისებურებები და პირადი ცხოვრების ინტერესები. ამასთან, არასრულწლოვნის მოწვევა დასაშვებია მხოლოდ მშობელთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.
მოწვეული სრულწლოვანი პირის პოლიციაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს, ხოლო არასრულწლოვნისა – 2 საათს.
მოწვეულ პირთან გასაუბრების შესახებ დგება გასაუბრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ოქმის შემდგენი პოლიციელი და მოწვეული პირი, ხოლო თუ მოწვეული პირი არასრულწლოვანია − აგრეთვე მისი თანმხლები მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი. მოწვეული პირის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში მასში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მოწვეულ პირს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.
შეუძლია თუ არა პოლიციელს, რომ გარეგნულად შეამოწმოს და დაათვალიეროს მოქალაქის ტანსაცმელი, როგორი ფორმით ხდება ასეთი მოქმედება?
პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.
პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ:
— არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
— პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ან ობიექტის უშუალო სიახლოვეს, 20 მეტრის რადიუსში;
— არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იმ ადგილზე, სადაც პირი იმყოფება, იკრიბებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირები, იმალებიან ძებნილები ან შესაძლებელია ჩადენილ იქნეს სამართალდარღვევა.
ზედაპირულ შემოწმებას ახორციელებს იგივე სქესის პოლიციელი. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზედაპირული შემოწმება შეიძლება განახორციელოს ნებისმიერმა პოლიციელმა, ოღონდ განსხვავებული სქესის პოლიციელს ამის უფლება გააჩნია მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით.
პრევენციული უფლებამოსილების ფარგლებში პოლიციელს უფლება აქვს, განახორციელოს ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება, თუ:
— იგი ახორციელებს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელის ზედაპირულ შემოწმებას;
— არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში იმყოფება სამართალდამრღვევი ან უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდული პირი;
— არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში არის ნივთი, რომელიც ამოღებული უნდა იქნეს;
— არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ეს ნივთი ან სატრანსპორტო საშუალება არის იქ, სადაც შესაძლებელია ჩადენილ იქნეს დანაშაული, რომლის თავიდან ასაცილებლადაც აუცილებელია ზედაპირული დათვალიერების განხორციელება.
ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აგრეთვე მისი საბარგულის ვიზუალურ დათვალიერებას. ზედაპირულ დათვალიერებას უნდა დაესწროს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელი ან მისი ოჯახის წევრი.
პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების მომენტიდან 30 წუთს.
პოლიციელი ვალდებულია პირს განუმარტოს ამ ღონისძიების კანონიერების გასაჩივრების უფლება.
პოლიციელი ამ შემთხვევაშიც ადგენს ოქმს, რომელსაც ხელს აწერენ ოქმის შემდგენი პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი. ღონისძიების ადრესატის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში ოქმს ხელს აწერს მისი ოჯახის წევრი, ხოლო ოჯახის წევრის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში − მეზობელი.
ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმზე ხელმომწერ პირს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.
იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ვინაობის დადგენა, პოლიციელი ამ სახის ღონისძიებას აღნიშნულ პირთა მონაწილეობის გარეშე ახორციელებს.
თუ ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, პოლიციელი ატარებს ჩხრეკას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
რა არის სპეციალური საპოლიციო კონტროლი?
პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა.
ამ მიზნით პოლიციის მიერ ხორციელდება შემოწმება წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და განსაზღვრული დროით, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროით.
სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესახებ წერილობით ბრძანებას გამოსცემს მინისტრი, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ზეპირი ფორმით ბრძანებას გამოსცემს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი. ზეპირი ბრძანება 24 საათის განმავლობაში წერილობით უნდა გაფორმდეს.
სპეციალური საპოლიციო კონტროლისას შემოწმება და დათვალიერება იმ წესით, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. ამასთან, სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიციელი აღჭურვილი უნდა იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით.
რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციას დროებით შეზღუდოს პირის და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება?
პოლიცია უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს პირის გადაადგილება:
— თუ პირი თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
— თუ პირმა არ შეასრულა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა — გარკვეული დროით დაეტოვებინა განსაზღვრული ადგილი ან საფრთხის არსებობის გამო არ შესულიყო რომელიმე ტერიტორიაზე;
— დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით.
პოლიცია უფლებამოსილია ასევე დროებით შეზღუდოს ნივთის ფაქტობრივი ფლობა ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თუ იგი პირმა შეიძლება გამოიყენოს საკუთარი ან სხვისი სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფისათვის ან სხვისი ნივთის დაზიანებისათვის.
ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა ხორციელდება მფლობელისათვის მისი ჩამორთმევით, გადატანა-გადაზიდვის ან სხვაგვარი შეზღუდვით.
გადაადგილებისა და ნივთის გადატანა-გადაზიდვის დროებითი შეზღუდვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუკი აღარ არსებობს ამ ღონისძიების განხორციელების საფუძველი.
რა ეთიკურ სტანდარტებს უნდა პასუხობდეს პოლიციელის ქცევა მოქალაქეებთან ურთიერთობისას?
შს მინისტრის მიერ დამტკიცებული ეთიკის კოდექსის თანახმად, პოლიციელი ვალდებულია საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი. მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი და ზრდილობიანი ფორმით. პოლიციელმა უნდა მისცეს მოქალაქეს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება. პოლიციელისგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოქალაქესთან ურთიერთობისას პოლიციელს ეკრძალება: სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილურ ტელეფონზე საუბარი, მანქანიდან საუბარი, მზის სათვალის ტარება და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა.
სად შეიძლება გაასაჩივროს მოქალაქემ პოლიციის ქმედება?
მოქალაქე, რომელიც მიიჩნევს, რომ პოლიციელის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები, შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ეს ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურატურაში ან სასამართლოში.
პოლიციის პრევენციული ღონისძიება ადმინისტრაციული წესით საჩივრდება ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოში, თუკი ამ ორგანოში არსებობს ზემდგომი თანამდებობის პირი.
ხელმძღვანელი თანამდებობის პირის საპოლიციო ღონისძიება საჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.
საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.
მინისტრის სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წესით საჩივრდება სასამართლოში.
პოლიციელის საქმიანობის კანონიერებას და ეთიკის ნორმებთან შესაბამისობას აკონტროლებს სამინისტროს სპეციალური სტრუქტურული დანაყოფი — გენერალური ინსპექცია (ცხელი ხაზის ნომერი — 126).

კანონი პოლიციელებს ავალდებულებს, დაკავების მომენტში განუმარტონ ადამიანს, რისთვის აკავებენ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი: თავისუფლებისა დაუსაფრთხოების უფლება
1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის
შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და
კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად:
ა) უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდების შემდეგ პირის
მართლზომიერი დაპატიმრება;
ბ) პირის მართლზომიერი დაკავება ან დაპატიმრება სასამართლოს
მართლზომიერი ბრძანების შეუსრულებლობისთვის ან კანონით
გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;
გ) პირის მართლზომიერი დაკავება ან დაპატიმრება, განხორციელებული
უფლებამოსილი სასამართლო ხელისუფლების წინაშე წარდგენის მიზნით,
თუ არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის გონივრული ეჭვი ან როდესაც
ეს გონივრულად მიჩნეულია აუცილებლად პირის მიერ დანაშაულის ჩადენის
ან ჩადენის შემდეგ მისი გაქცევისთვის ხელის შესაშლელად;
დ) არასრულწლოვანის დაკავება კანონიერი გადაწყვეტილების საფუძველზე
საგანმანათლებლო ზედამხედველობის მიზნით ან მართლზომიერი დაკავება
უფლებამოსილი სასამართლო ხელისუფლების წინაშე წარდგენის მიზნით;
ე) ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად პირების,
აგრეთვე სულით ავადმყოფების, ალკოჰოლიკების, ნარკომანების ან
მაწანწალების მართლზომიერი დაპატიმრება;
ვ) პირის მართლზომიერი დაკავება ან დაპატიმრება ქვეყანაში მისი
უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად ან იმ პირის მართლზომიერი დაკავება
ან დაპატიმრება, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება ღონისძიებები მისი
დეპორტაციის ან ექსტრადიციის მიზნით.
2. ყველა დაკავებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე სასწრაფოდ უნდა ეცნობოს
მისი დაკავების მიზეზები და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის `გ” ქვეპუნქტის დებულებების შესაბამისად
დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი სასწრაფოდ უნდა წარედგინოს
მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებაზე კანონით
უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება აქვს სასამართლო პროცესის
გონივრულ ვადაში ჩატარებაზე ან პროცესის განმავლობაში გათავისუფლებაზე.
გათავისუფლება შეიძლება განპირობებული იყოს სასამართლო პროცესზე
გამოცხადების გარანტიებით.
4. დაკავებით ან დაპატიმრებით თავისუფლებააღკვეთილ ყველა ადამიანს უფლება
აქვს სასამართლო პროცესზე, რომლითაც სასამართლოს მიერ სწრაფად
გადაწყდება დაპატიმრების მართლზომიერება და გაიცემა ბრძანება
გათავისუფლებაზე, თუ დაპატიმრება არ არის მართლზომიერი.
5. ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის
დებულებათა დარღვევით, აქვს აღსრულებადი უფლება კომპენსაციაზე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 245. ადმინისტრაციული დაკავება
1. ადმინისტრაციული დაკავების დროს დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს:
ა) მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი;
ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე;
გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.
2. არასრულწლოვნის ადმინისტრაციული დაკავების შესახებ აუცილებლად, პირველი
შესაძლებლობისთანავე ეცნობება მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს.
3. დაუშვებელი მტკიცებულებაა ის განცხადება, რომელიც დაკავებულმა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე გააკეთა.
4. დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცველ ორგანოში.
41. ამ კოდექსის 177, 13 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის აღკვეთის ან/და სამართალდამრღვევის გამოვლენის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ პოლიციისთვის მიმართვის შემთხვევაში პოლიცია ახორციელებს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
5. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და საფუძველი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში მიეთითება.
მუხლი 246. ორგანოები (თანამდებობის პირები), რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციული დაკავების უფლება ამ კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), კერძოდ:
ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ამ კოდექსის 45-ე და 451 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის, არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ბ) გასამხედროებული დაცვის უფროს თანამდებობის პირს დასაცავი ობიექტის განლაგების ადგილას – დასაცავი ობიექტის, სხვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში;
გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დასაცავი პირისა და დასაცავი ობიექტის დაცვითი ღონისძიების განხორციელების ადგილას − დასაცავი პირისა და დასაცავი ობიექტის ხელყოფასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, აგრეთვე ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, საგადასახადო ორგანოს – საგადასახადო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში;
ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს − ამ კოდექსით მათი ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში;
ვ) აღსრულების პოლიციელს – ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში;
ზ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს – ამ კოდექსის 45-ე და 451 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 247. ადმინისტრაციული დაკავების ვადა
1. ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს.
2. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი წერილობით ასაბუთებს ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას.
3. თუ დაკავებული პირი ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
4. დაკავებული პირი სასამართლოსთვის წარდგენამდე უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება მოათავსოს დროებითი მოთავსების იზოლატორში

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
მუხლი 171. დაკავების საფუძველი
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ან თუ განიხილება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის საკითხი, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე. ეს განჩინება არ გასაჩივრდება.
2. პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე შესაძლებელია, თუ:
ა) პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;
ბ) პირი დაინახეს დანაშაულის ჩადენის ადგილას და მის მიმართ დაუყოვნებლივ ხორციელდება
სისხლისსამართლებრივი დევნა მისი დაკავების მიზნით;
გ) პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი;
დ) პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა ამოიცნო;
ე) პირი შესაძლოა მიიმალოს;
ვ) პირი ძებნილია;
ზ) ამ შესაძლებლობას ითვალისწინებს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
3. პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და მისი მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა, ალტერნატიული ღონისძიებით, რომელიც პროპორციულია სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და ბრალდებულის პირადი მონაცემებისა.
4. არ შეიძლება დაკავებულ იქნეს ბავშვის უფლებათა კოდექსის 26-ე მუხლის მე-8 ნაწილით
გათვალისწინებული არასრულწლოვანი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა
მუხლი 174. დაკავების წესი
1. თუ არსებობს დაკავების საფუძველი, დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს, განუმარტოს, რა დანაშაულის ჩადენაშია ის ბრალდებული, და აცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული სასამართლოში. დაუშვებელი მტკიცებულებაა ის განცხადება, რომელიც დაკავებულმა ამ ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე გააკეთა.
2. დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.
3. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან/და აპირებს თავიდან მოიშოროს, დააზიანოს ან გაანადგუროს მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე საგანი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, დამკავებელ მოხელეს უფლება აქვს, ჩაატაროს პირადი ჩხრეკა ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
4. დაკავების ადგილას მიყვანისთანავე დაკავებული ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დასადგენად, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ და უნდა შედგეს სათანადო ცნობა.
5. დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა დაკავებულს უნდა გადაეცეს ბრალდების შესახებ დადგენილება. თუ ამ ვადაში დაკავებულს დადგენილება არ გადაეცა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
6. დაკავების ვადა ითვლება ბრალდებულის პატიმრობის ვადაში.
მუხლი 175. დაკავების ოქმი
1. დამკავებელმა მოხელემ დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი. თუ დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე ობიექტური მიზეზით (მიზეზებით) შეუძლებელია, იგი უნდა შედგეს დაკავებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე.
2. დაკავების ოქმში უნდა აღინიშნოს: ვინ, სად, როდის, რა ვითარებაში, ამ კოდექსში მითითებულ რომელ საფუძველზეა დაკავებული, დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში, რომელი დანაშაულის ჩადენაშია იგი ბრალდებული, მისი პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის ზუსტი დრო, ამ კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხა, აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში ის ობიექტური მიზეზი (მიზეზები), რომლის (რომელთა) არსებობის გამოც შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე.
3. დაკავების ოქმს ხელს აწერენ: თანამდებობის პირი, რომელმაც პირი დააკავა, დაკავებული და მისი ადვოკატი (მისი ყოფნის შემთხვევაში). ბრალდებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე ოქმს ხელს აწერს პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირი. დაკავებულს გადაეცემა დაკავების ოქმის ასლი. თუ დაკავებისას ჩატარდა პირის პირადი ჩხრეკა, ამ საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ცალკე ოქმი არ დგება.
4. თუ დაკავებისას პირს არ განემარტა ამ კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და არ გადაეცა დაკავების ოქმი ან თუ დაკავების ოქმი შედგენილია არსებითი დარღვევით, რომელიც აუარესებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, თავისუფლებაშეზღუდული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ალბერტ ჭანია, იურისტი-სამართალმცოდნე

Loading…

მსგავსი პოსტები

მსოფლიო და საქართველო პროპაგანდის მავთულხლართებში

Joni Kvaracxelia

არჩევნების წელი მსოფლიოში. რომელი ქვეყნის შედეგები მოახდენს გავლენას უკრაინაზე

ჩვენს თავს დამტყდარი უბედურების მიზეზების და მისგან გამოსავლის ძიება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი