“მთავარი არხის დირექტორის თანამდებობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ვასრულებ (არც ციხიდან ვასრულებდი, ცხადია). დირექტორის მოვალეობას შესანიშნავად გაუმკლავდა გიორგი გაბუნია და ის უკვე ოფიციალურად დაინიშნა არხის დირექტორად. ძალიან დიდი მადლობა არხის ყველა დამფუძნებელს ერთსულოვანი გადაწყვეტილებისთვის.
რაც შეეხება ჩემს 12%იან წილს მთავარში, იგი არაა თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიკავებ. ამიტომაც კანონის მოთხოვნა დავიცავი და წილი ჩემს სოფოს გადავუფორმე.
წარმატებები მთავარს, დანარჩენზე – შემდეგ კვირაში”
ამის შესახებ სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ დაწერა.
წილების გასხვისებაზე გადაწყვეტილებების საჯარო რეესტრში ასახვის შემდეგ, “მთავარი არხის” მფლობელები იქნებიან (ახლანდელი მფლობელები):
- სოფო ლილუაშვილი – 12%;
- გიორგი რურუა – 2,5%;
- “საქართველოს უნივერსიტეტი” – 2%;
- ნიკოლოზ სისაური – 3%;
- BGIM (ზაზა ოქუაშვილი) – 39,6%;
- ბაკურ ჯახაია (უკრაინა) – 37%;
- “ომეგა მოტორს ჯგუფი” – 0,2%;
- “ომეგა მოტორს თბილისი” – 0,2%;
- თეიმურაზ ვასილიძე – 1%;
- მარი ანნა რურუა – 2,5%.
შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხი” 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს. ის ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა. არხის დაფუძნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დასრულდა რამდენიმეწლიანი სასამართლო პროცესები და “რუსთავი 2” საბოლოოდ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.
