«ვარკეთილში ავარიული სადარბაზოს მაცხოვრებლებს მაშველები ეხმარებიან
ვარკეთილში 322 კორპუსში საინჟინრო ჯგუფმა სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა, რის შემდეგაც მოქალაქეებს პირადი ნივთების გამოტანის უფლება მიეცათ.
მეხანძრე-მაშველები უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით მოქალაქეებს კორპუსში აცილებენ და ნივთების გამოტანაში ეხმარებიან. პერიმეტრზე უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-დან ავარიული კორპუსის შესახებ შეტყობინება გუშინ შემოვიდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ჩამოშლილი იყო საყრდენი კედლის გარე ფასადის ნალესი და დაბზარული იყო კედლები. სადარბაზოდან დროულად განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.»-აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.