კომოდოს ვარანები – ქვეწარმავალთა ოჯახის ხვლიკები, რომლებიც დიდი ტანითა და გაუმაძღრობით გამოირჩევიან. მათი სიგრძე 4 მ აღწევს, ხოლო წონა 100 კგ. აქვთ გრძელი, გაორკაპებული ენა. ისინი მილიონობით წლებია არსებობენ და არ იცვლებიან. ეს ხვლიკები ინდონეზიის კუნძულ კომოდოზე დღესაც ბინადრობენ და ერთ მიდგომაზე ძროხას მთლიანად მიირთმევენ. რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, კომოდოს ვარანები პირუტყვის კიდურს, თავის ბარძაყის ძვლიანად და ჩლიქიანად ადვილად ყლაპავენ. რაც უფრო ასაკოვანია ვარანი, მით მეტად მიდრეკილია ის კანიბალიზმისკენ.
დიდი ხნის წინ ერთ მოგზაურ ქალს ელექტრა ეკო ვაშაყმაძე-ჩეხოვას ეს ხვლიკები საქართველოში გემით შემოუყვანია. მიზანი?.. იმხანად ივერიაში ძროხები ისე მომრავლებულან, რომ ქართველებს მათი სულადობის შემცირება გიგანტური ხვლიკების ღორმუცელობის ხარჯზე გადაუწყვეტიათ…
გავიდა დრო, ვარანებმა ჭაობების ოკუპაცია მოახდინეს და გაბატონდნენ. დღეს ივერიაში ყველა იძულებულია კომოდოელი ხვლიკების დიქტატს დაემორჩილოს. ივერიის ძირძველ მიწაზე ძროხა აღარ დარჩა, ამიტომ ვარანები ციყვებზე გადავიდნენ.
ცნობილია, გარდაქმნები ჯერ რევოლუციონერი შემოქმედის თავში მწიფდება, შემდეგ კი მისი იდეები თანდათან მასებს იპყრობს. ასე ხდება ერების წინსვლა. ასე უნდა იყოს ივერიაშიც, მაგრამ… ოხ, ეს გამავერანებელი ვარანები!
როგორც ვთქვი, გიგანტებმა თბილი ჭაობები დაიპყრეს. ჭაობების სისტემა კი მეტად მყარია. ჭაობის მდგრადობის ძირითად გარანტს სნობისებრთა ჯგუფის ხვლიკები წარმოადგენენ. ქვეწარმავალთა ეს ადგილობრივი ჯიში ვარანებს უკვე საუკუნეებია ემსახურება. კომფორტის გამო ისინი ვარანის გავას ამჯობინებენ – იქ თბილა და ნასუფრალიც მეტია… როგორც ჟან ნუგიე ბუფონი ხშირად იმეორებს ხოლმე: ,,არიელ ვარანთა და ივერიელ სნობთა სიმბიოზს ვერაფერი დაარღვევს, ისინი ხომ ოსვენციმელი ციყვის გასაჭირსა და ტკივილს ვერასდროს გაიზიარებენო – დიახ, ასე ამბობდა ჟან ნუგიე…
სნობუშკები ვარანების ელიტური წრის შეუვალობას დიდი ხანია შეურიგდნენ, სამაგიეროდ კი, მლიქვნელობაში დახელოვნდნენ. ისინი კომოდოს ვარანების დიქტატს უხმოდ აღიარებენ. მიუხედავად ათასგვარი შეურაცხყოფისა, სწორედ ჭაობის სელებრითი სნობები კვებავებ ვარანების პატივმოყვარეობას სოციალურად წონადი ლაიქებითა და ინგლისურნარევი კომენტარებით… რიგითი ციყვებიც ხედავენ, რომ სნობუშკები ხმას არ ძრავენ და ფიქრობენ, ალბათ, ასეა საჭიროო და კრავებივით დუმან…
მოკლედ, ჭაობში სრული ინერტულობა სუფევს. მასში ქარიშხლის დატრიალება ისევე რთულია, როგორც მკვდრის გაცოცხლება. ვარანები კი დღითიდღე სულ უფრო და უფრო გაუმაძღრები ხდებიან და მწარდებიან…
თან გამოუვალი მეორეხარისხოვანების განცდა და დამთრგუნველი შეგრძნება იმისა, რომ გარშემო მხოლოდ მახინჯი ვარანები და მლიქვნელი სნობუშკები დახოხავენ… არც ციყვები კმარა გასაძღომად. ვარანებმა მშვენივრად უწყიან, რომ სანაგვეზე ცხოვრობენ, სადაც არასოდეს მოხდება რაიმე სასიკეთო. ჭაობში შეიძლება აიშენო ფეშენებელური სორო, ასობით სნობუშკა გიძვრებოდეს გავაში, მაგრამ ამისგან ქაჯობის განცდა არსად გაქრება. შენ მხოლოდ და მხოლოდ ჭაობის ვიწრო წრეში ახერხებ ბატონის უპირატესობით ტკბობას. შენი მეორეხარისხოვანება კი მარადიულია… საკუთარი თავის განდიდება და უცხოსადმი აგრესიაც ამ ჩიხის შედეგია. შენ მაინც ვერ გადარჩები, ეგებ შვილები მაინც გაუშვა ევროპაში და ასწავლო ინგლისური…
არავის მოსდის აზრად, რომ ეს ჭაობი ამოაშროს და ცხოვრებისთვის მიმზიდველი გახადოს. არა! უფერულობა და საშუალოობა… ერთი სიტყვით – კოლექტივი, ანუ ჩვენ!
ზურაბ ოდილავაძე