პუბლიკაციები

ექიმი

პალატაში პაციენტი კვნესის.
ვერ სუნთქავს.
ბევრია ასე.
მე დავდივარ ავადმყოფებს შორის და აბებთან ერთად შვებასაც ვარიგებ.
გუშინ ჩემმა სამი წლის შვილმა დამირეკა,მომენატრეო.
მეც მენატრება,მაგრამ…
წუხელ ჩემი შვილის კბილა ბიჭი შემოიყვანეს,მაღალი სიცხითა და მშრალი ხველებით.
დღესაც აქვს სიცხე.ხშირი სუნთქვაც,მოუსვენრობს.
ანალიზის პასუხს ველოდებით.
უცებ ატირდა.
ახლოს მივედი.
გაჩუმდა და გამიცინა.
ვერ მოვითმინე,პირბადე მოვიხსენი და ხელზე ვაკოცე.
არ შეიძლება,მოერიდეთო,შეიცხადა მედდამ.
არაფერი მითქვამს,ოთახიდან გავედი.
პასუხი მოვიდა.
ვირუსი აქვს პატარას.
არ უნდა გეკოცნათო,შემახსენა მედდამ.
ისევ არაფერი მითქვამს.
პალატაში მარტო ის არის.
ისევ მაღალი სიცხე აქვს და ისევ გახშირებულად სუნთქავს.
მივედი,პირბადე მოვიხსენი და გავუღიმე.
პატარას გაცინების თავი არ აქვს,შფოთავს.
უცებ ჩემი შვილი გამახსენდა.
მენატრებიო,სულ ამას მიმეორებს ტელეფონში.
ღმერთო,როგორი უმწეოა,დავხედე პატარა პაციენტს.
გამიცინა.
-თქვენ ფრთები გაქვთ,ექიმო?
-არა,რატომ?!-დავიბენი.
-ანგელოზებს ფრთები აქვთ!
-მე ხომ ანგელოზი არ ვარ…-კიდევ უფრო დავიბენი.
-კი,ხართ…მე მაქვს ანგელოზების წიგნი.იქ ერთი ანგელოზია და ის ხართ თქვენ.
ისევ გამიცინა.
ისევ ვერ მოვითმინე და შუბლზე ვაკოცე.
არავის დავუნახივარ.
ვიცი,რომ საფრთხეში ვიგდებ თავს,მაგრამ ჩემი შვილივით მიცინის,ჩემი მონატრებული ბიჭივით მეტიტინება და…
საღამომდე კიდევ სამი პაციენტი დაგვემატა.
ჰაერი შიათ.
ოხრავენ და კვნესიან.
სახლიდან დამირეკეს.
-მა,შუბლზე რომ მკოცნი,ძალიან მომენატრა.-სლუკუნებს ჩემი შვილი.
ვერაფერს ვეუბნები.
უჩვეულოდ მცივა.
მაჟრჟოლებს…
-სიცხე გაქვთ,ექიმო!-ფერი შეეცვალა მედდას.
სუნთქვაც მიჭირს.
პერანგის ღილებს ამაოდ ვიხსნი.
ვშფოთავ…
თქვენი ანალიზის პასუხი მოვიდაო,მითხრეს სამორიგეოში.
ვირუსი აღმომაჩნდა.
პალატაში ვწევარ და ახლა სხვა მაძლევს ერთდროულად აბებსა და შვებას.
-ჩვენი პატარა პაციენტი როგორ არის?-ვეკითხები მედდას.
-კარგად არის ექიმო,აღარ აქვს ვირუსი.
-კარგია.
-ხომ გაფრთხილებდით,ნუ აკოცებთ -მეთქი…
არაფერი მითქვამს.
ტელეფონს გავხედე.
-მა,შუბლზე რომ მკოცნი,ძალიან მომენატრა…-საცაა დარეკავს ჩემი ბიჭი.
ნეტავ,იმ პატარა პაციენტსაც კოცნის მამა შუბლზე?
კი,კოცნის…როცა ვაკოცე გაიტრუნა.ზუსტად ისე გაიტრუნა,როგორც ჩემი მატრაკვეცა ბიჭი იტრუნება ხოლმე…

ოთო დანელია

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

არ დადგა დრო მოვითხოვოთ ჩვენი ფუნდამენტური უფლებების აღსრულება?!

საქართველო ოფიციალურად გამათხოვრდა

იყავი ხროვის სათავეში …

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი