განცხადებებისკანდალი

«ეს არის ლაჩრობა და მშიშრობა»-რატომ დატოვა მანუჩარ პირველმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია?

ჟურნალისტი და ჟურნლისტური ეთიკის ქარტიის წევრი, მანუჩარ პირველი ამავე ქარტიას პროტესტის ნიშნად ტოვებს. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს ის ქარტიას ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, გავრცელებული განცხადების გამო  ტოვებს.

«ამ განცხადების საფუძველზე ვტოვებ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას.
ორგანიზაციას, რომელსაც ვერ გაურკვევია განსხვავება აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებასა და – სიძულვილის და შეურაცხყოფის ენას შორის. განსაკუთრებით, ქარტიას ჩემი ხელმოწერის გარეშე, ქარტიის სახელით არ ჰქონდა უფლება გაეკეთებინა ისეთი ტიპის განცხადება, რომელშიც მოხვდა ისეთი წინადადება, რომელსაც კატეგორიულად ვემიჯნები, – რადგან, არ მიმაჩნია რომ „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე“, რადგან მიმაჩნია რომ სიძულვილის ენის „გამოხატვის თავისუფლებით“ ინდულგენციით ქვეყნის ფსიქიური აშლილობა მიდის ქაოსისკენ და ქუჩურ არეულობისაკენ. დიახ, პარლამენტი უნდა დაჯდეს და ერთხელ და სამუდამოდ მიიღოს „კანონი ძალადობის ენის შესახებ“. დაუძახო ქალ პრეზიდენტს “ყლე” – არაა სიტყვის თავისუფლება! და ამაზე რომ ნორმალური რეაგირება არ შეგიძლია, ეს არის ლაჩრობა და მშიშრობა. და ამის ფაქტი სახეზეა – ქარტია ერთ წრეზე ტრიალებს და დღემდე ვერ ჩამოყალიბდა მისი გადაწყვეტილებები ანგარიშგასაწევ ან პატივსაცემ ფაქტორად»- წერს მანუჩარ პირველი.

შეგახსენებთ განცხადებას, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაავრცელა:

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას წერილით მომართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელიც ითხოვს, ქარტიამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ტელეკომპანია „მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიერ, 2020 წლის 11 დეკემბერს, Facebook-ის პირად გვერდზე, პრეზიდენტის მიმართ გამოქვეყნებულ “შეურაცხმყოფელ და ყოვლად მიუღებელ” პოსტთან დაკავშირებით.

ქარტიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან წერილი 16 დეკემბერს მიიღო. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ იმსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაზე და აცხადებს: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის მედიის თვითრეგულირების ორგანო, რომელიც დადგენილი სტანდარტებით აფასებს მედიაპროდუქტის ეთიკურობას. სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედიაპროდუქტს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ქარტიის საბჭო ვერ შეაფასებს ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი მფლობელისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში დაცული იყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლების ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ადგენს “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Handyside v. the United Kingdom (1976) ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ არსებით საფუძველს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობას. [ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის] მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იგი გამოიყენება არა მარტო “ინფორმაციისა” და “მოსაზრებების” მიმართ, რომლებსაც ბევრი იზიარებს, ან გულგრილად ეკიდება, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის ნაწილისთვის”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, რადგან ასეთი განცხადებები საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულობას”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

«საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება…»-ნათია თურნავა

roma sajaia

“ასე მოხდა, თუ ასე არის, მე ვარ ყველაზე ევროპელი პრეზიდენტი, რაც საქართველოს ჰყოლია”-სალომე ზურაბიშვილი

«კრემლია ოკუპანტი…რუსეთს ნუ ვამბობთ…დუმილს უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ლაყე კვერცხების სროლას»-ფარულავა პოზნერის ვიზიტზე

roma sajaia

დატოვე კომენტარი