«ტაბულას» რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
«ერთიანობისკენ მოგვიწოდებენ ივანიშვილის ოპოზიციას.
უცნაურია, რომ ძალიან აგრესიულია ეს მოწოდებები ერთიანობისკენ.
განსაკუთრებით აგრესიულები ისინი არიან, ვისაც ეს ერთიანობა სააკაშვილის გარშემო ერთიანობად წარმოუდგენია.
ერთიანობა კარგია.
ოღონდ ეს ერთიანობა სააკაშვილის და ენმ-ის გარშემო არ გამოვა.
ზოგადად, პიროვნების და პარტიის გარშემო არ გამოვა.
ერთიანობა გამოვა იდეების გარშემო.
——————
აი გთავაზობთ იდეებს, რის გარშემოც შეგვიძლია გავერთიანდეთ:
1) საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი!
2) საქართველოს უნდა მართავდეს მცირე მთავრობა და ლიმიტირებულად ერეოდეს ეკონომიკაში.
3) საქართველო უნდა იყოს სეკულარული სახელმწიფო — ეკლესია არ ერევა ქვეყნის მართვაში, სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში.
4) ივანიშვილი უნდა დამარცხდეს არჩევნების გზით და საუბარიც კი ნებისმიერ სხვა სცენარზე, რომელიც არეულობას და ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას გულისხმობს — უნდა გამოირიცხოს.
5) ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, გამარჯვებულმა ძალამ უნდა მიიღოს ეროვნული თანხმობის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც:
ა) გამარჯვებული ძალა უარს იტყვის ყოველგვარ რევანშზე. არ დაიწყებს ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენელთა სამართლებრივ დევნას, თუნდაც გამართლებული იყოს. არც იმ ბიზნესების დევნას, ვინც ქართული ოცნების ხელისუფლებას ეხმარებოდა.
ბ) გამარჯვებული ძალა უარს იტყვის სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენელთა სამართლებრივ დევნაზე და მისცემს ყველას საშუალებას დაბრუნდეს ქვეყანაში და თანასწორ პირობებში აკეთოს ის, რაც აინტერესებს — მათ შორის პოლიტიკა.
უხარისხო ქართული სასამართლოს პირობებში, ეს სამართლებრივი პროცესები უფრო მეტ ზიანს მოუტანს საქართველოს ვიდრე სიკეთეს.
ამასთან, მნიშვნელოვანია მანკიერი წრის გაწყვეტა და იმ ტრადიციის დამკვიდრება, რომ არჩევნების წაგება ამ ქვეყანაში დევნას, ქვეყნიდან დედაბუდიანად გადახვეწას და რეპრესიებს არ ნიშნავს.
—————————
კიდევ რამე თუ გამახსენდა, მივაწერ.
მაგრამ ერთი, რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ერთიანობა თუ გამოვა — გამოვა ამ ძირითადი იდეების გარშემო, და არა რომელიმე პარტიის, ან პიროვნების ირგვლივ.»