განცხადებები

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

შესაფებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2019 წლის 12 მარტიდან დაიწყება.

გთავაზობთ გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებას:

«რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2019 წლის 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად უნდა გაიარონ.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება. პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ — რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.

ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) განთავსდება საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, ხშირად დასმული კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ა. შ. ასევე გამოიცა ცნობარის ბეჭდური ვერსიაც („ცნობარი აბიტურიენტისათვის“).

მნიშვნელოვანი სიახლე:
ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერგადალახვის) ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.

2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება. წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. რეგისტრირებულ კანდიდატებს ტესტის ტიპის შეცვლა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.»-აღნიშნულია შეფასებისა და ეროვნული  გამოცდების ცენტრის განცხადებაში

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«აქ არის შექმნილი საოკუპაციო ხაზი ჩნოვნიკების მიერ…»-ანა დოლიძე გუმათში ჩავიდა (ვიდეო)

roma sajaia

»ვუსამძიმრებ ქართულ ოცნებას, რომ ზარდიაშვილის ტიპის ყოფილი ზონდერები, თუ ყოფილები არსებობენ»-ეკა ბესელია

Coca-Cola არ გამორიცხავს რუსეთის ბაზრიდან სრულ გასვლას

დატოვე კომენტარი