თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ყარაბაღის ქალაქ შუშაში ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრის შესახებ.
”ეს დეკლარაცია ჩვენს ურთიერთობებს მაღალ დონეზე აწევს. დღეს ჩვენ შევქმენით თვისობრივად ახალი კავშირები. ამ დეკლარაციის ყველა პუნქტი ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის გარანტიაა”, — განაცხადა ალიევმა სამშაბათს შუშაში.
მანამდე მედიის ინფორმაციით დეკლარაცია შესაძლოა ასევე ითვალისწინებდეს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზების შექმნას. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ სამხედრო თანამშრომლობა ხელმოწერილი დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილია.
«დეკლარაციაში ასახულია ის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე, პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები, კულტურა, განათლება, სპორტი, ენერგეტიკული უსაფრთხოება, სამხრეთ გაზის დერეფნის მნიშვნელობა. ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მინდა შევჩერდე ორზე. ეს არის აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობა თავდაცვის ინდუსტრიის და სამხედრო ურთიერთდახმარების სფეროში «, — განაცხადა ალიევმა.