ანალიტიკაპუბლიკაციები

ევროპა და ჩვენ

დღევანდელი საქართველო ორ პოლუსს შორის არის გახლეჩილი – მოწინავე ევროპა და ჩამორჩენილი, მაგრამ მდაბიოთა სულისკვეთებასთან ჰარმონიაში მყოფი პატრიარქალური – კოლონიურ-ფეოდალური და სუფრული ივერია.
ფეოდალიზმი კი, პირველ ყოვლისა, ელიტარიზმია, რომელმაც ჩვენში შიდაჯგუფობრივი ფავორიტიზმის მახინჯი სახე მიიღო. კერძოდ, ეს გახლავთ მემკვიდრეობით ან ნეპოტიზმითა და ,,იდაყვებით“ მიტაცებული ადგილი სახაზინო სუფრასთან.
საქართველოში, გარდა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სიკეთისა, სხვა არც არსებობს. დიდი ილუზიაა მივიჩნიოთ, თითქოს, რომელიმე ხელოვანი თუ სხვა ,,ავტორიტეტი“ დამოუკიდებელია – ის, ამა თუ იმ გზით, ხაზინის ფულით იკვებება. ამიტომ ელიტას სტაბილურობა სწყურია და ღრმა (რევოლუციური) გარდაქმნები არ აწყობს.
თანამედროვე ქართული ელიტა ერთ შეუვალ სექტად არის შეკრული და მის პოლიტიკურ კუთვნილებას უკვე მნიშვნელობა აღარც აქვს. კლანი – ზეპოლიტიკურია და ერთი მიზანი აერთიანებს – ნებისმიერი ხერხით კონკურენციის ჩაკვლა და კეთილდღეობის შენარჩუნება – ,,მხოლოდ ჩვენ ვიყოთ კარგად!“
ევროპა კი არის კონგლომერაცია – ე.ი. ხალხთა და კულტურათა ისეთი შეკავშირება, როდესაც ისინი ინარჩუნებენ თავიანთ თვისებებს. მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლის, შეჯიბრისა და კონკურენციის გზით ჩამოყალიბდა ევროპული იდეა – გაერთიანება ფასეულობების გარშემო, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ამგვარი ნარევისა და უკომპრომისო კონკურენციის მკვეთრი, მაგრამ თვალსაჩინო მაგალითია ფეხბურთი. ევროპის ეროვნული ნაკრებების არა მხოლოდ ნაციონალური, არამედ, რასობრივი მრავალფეროვნებაც კი!
გერმანელმა ისტორიკოსმა თეოდორ ჰოისმა (1884-1963, შტუტგარტი) ევროპული ფასეულობების ერთობა ასე ჩამოაყალიბა: თანამედროვე ევროპა სამ ბორცვზე დგას: აკროპოლისი – ანუ თავისუფლებაზე, ფილოსოფიასა და დემოკრატიაზე; რომის კაპიტოლიუმის ბორცვი – ე.ი. რომის სამართალსა და საზოგადოებრივ მოწყობაზე; გოლგოთა – ქრისტიანობაზე.
…პირველად 1829 წელს ტემზაზე გამართული ერთი სპორტული შეჯიბრება დღესაც ათი ათასობით გულშემატკივარს იხმობს, ხოლო ტელეტრანსლაციას მილიონობით ევროპელი ადევნებს თვალს. ეს არის სანიჩბოსნო რეგატა ოქსფორდისა და კემბრიჯის საუნივერსიტეტო კლუბებს შორის. სწორედ ის გახლავთ ევროპული ცხოვრების წესის სიმბოლო – ღირსეული და პატიოსანი შეჯიბრი, რომლის მიზანია, კონკურენციის გზით შედეგის გაუმჯობესება – ე.ი. პროგრესი!
ქართველები მცირერიცხოვანი ერი ვართ და ელიტარიზმის ფუფუნება არ გვაქვს. ახალი სისხლისა და კონკურენციის გარეშე, წინ ვერ წავალთ. მხოლოდ უკომპრომისო ბრძოლამ და იდეების ჭიდილმა შექმნა დღევანდელი ევროპა. ასეთია ჭეშმარიტი პროგრესის ერთადერთი გზა!
გერმანელი ლუდს ანიჭებს უპირატესობას, ფრანგი თუ იტალიელი – ღვინოს, ხოლო ბრიტანელი – ვისკის. ამ განსხვავების ფესვები საუკუნეებს ითვლის – ევროპა ტრადიციებსა და დროთა უწყვეტ კავშირზე დგას. მაგრამ, იმავდროულად, ევროპა არის, როგორ აღვნიშნე, ერთი იდეა – ფასეულობათა ტრანსნაციონალური ერთობა.
ბოლოს! პერიკლემ თავის ცნობილ სიტყვაში პელოპონესის ომში დაცემული გმირი მეომრების დაკრძალვაზე (431-430 ძვ.წ.) წარმოსთქვა: ,,ჩვენ გვიყვარს სილამაზე, რომელიც მდგომარეობს უბრალოებაში და სიბრძნე განაზებულობის გარეშე». ქართველები კი მშვენიერებას სიყალბეში ვეძებთ, ხოლო სიბრძნეს – ბუნდოვანებაში – ანუ შენიღბულ სიცრუეში…

ზურა ოდილავაძე

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

იზოლირებული წერილები (რა იყო ეს ?!) — I ნაწილი

roma sajaia

ბელადის აპარტეიდი

Joni Kvaracxelia

საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშო ზღვარს მიუახლოვდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი