ანალიტიკაპუბლიკაციები

დღეს წმ. ქეთევან დედოფლის ხსენების დღეა. გილოცავთ ქრისტიანნო

წმინდაო დედოფალო, ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის
ამინ!
ქეთევან დედოფალმა დიდ შაჰ-აბასს არ შეუსრულა არცერთი სურვილი და 1624 წელს 12 სექტემბერს ეწამა — ახალი სტილით 26 სექტემბერს და დღეს ის ჩვენთვის არაერთ წმინდანთა შორის უწმინდესია!
დღეს წმიდა ქეთევან დედოფლის ხსნების დღეა
ქეთევან დედოფალი კახეთის მეფის ალექსანდრეს უფროსი ვაჟის დავითის მეუღლე იყო. მეუღლე ადრე გარდაიცვალა. ქეთევან დედოფალს დაობლებული შვილები — თეიმურაზი და ელენე ხელთ შერჩა.
მეტად რთული დრო იდგა. როგორც ყოველთვის და იქნებ გაცილებით მეტადაც გაუჭირდა საქართველოს, ვიდრე სხვა დროს, რადგან მაშინ მის მეზობლად ზეობდა შაჰ-აბას მრისხანე, მბრძანებელი გამჭრიახი გონებით, მზაკვრობით და დაუნდობლობით გამოირჩეული, მისი მბრძანებლობის დროს გაფართოვდა და აღზევდა მაჰმადიანური სამყარო.
იმავე ბედს გაიზიარებდა საქართველოც და მათი ნაწილი გახდებოდა, რომ არა ქეთევან დედოფლის წარმოუდგენელი თავდადება და თავგანწირვა ქრისტიანობისა და მამულისთვის.
საქართველოს არცერთ კუთხეს არასდროს დაკლებია განსაცდელი, მაგრამ მეთექვსმეტე საუკუნის დასასრული კახეთისთვის უმძიმესი გამოცდა გამოდგა:
დაქვრივებული ქეთევანის მაზლი კონსტანტინე შაჰ-აბასთან იზრდებოდა. შაჰის წაქეზებით კახეთში ჩამოსულმა მირზად წოდებულმა, მან დახოცა მხცოვანი მამა და ძმა, ხელში ჩიგდო სამეფო ტახტი, შემდეგ მაჰმადიანური წესის თანახმად რძლის — ქეთევან დედოფლის ცოლობა და მისი გამაჰმადიანება მოისურვა.
ქეთევან დედოფალმა თავი მოუყარა დიდებულებს, გააცნო საქმის ვითარება და გვერდში დგომის ფიცი ჩამოართვა. პირობა შესრულდა — შეთქმულებმა კონსტანტინე სიცოცხლეს გამოასალმეს.
მოვლენები საქართველოში იმდენად სწრაფად და მოულოდნელად განვითარდა, რომ შაჰ-აბასს შეეშინდა, რომ კახეთი ისედაც განდგომილ ქართლს შეეკვროდა და მის წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ. მზაკვრული გეგმის ნაწილი განახორციელა და თეიმურაზ მეფე (პირველი)კახეთის მეფედ მიავლინა. მცირე ხნით სიმშვიდემ დაისადგურა ქვეყანაში.
და აი1614 წელს შაჰ-აბასმა ერთგულების დასადასტურებლად თეიმურაზ მეფეს მის კარზე მძევლების გაგზავნა მოსთხოვა და ქეთევან დედოფალი შვილიშვილებთან ერთად შაჰს ეახლნენ.
ამასობაში შაჰ-აბასმა კახეთი ააოხრა…
იმ პერიოდიდან დაიწყო ქეთევან დედოფლის ათწლიანი წარმოუდგენელი სატანჯველი, და მისთვის გამოტანილი უსასტიკესი განაჩენის აღსრულებით — წამებით მოკვდინებით დასრულდა.
შაჰ-აბასის უმთავრესი სურვილი იყო: ქეთევან დედოფალს დაეთმო ქრისტიანობა და მაჰმადიანი გამხდარიყო! დედოფალს წარედგინა პირობა: შაჰის რიგით, ვინ იცის, მერამდენე ცოლი გამხდარიყო, მიეღო მაჰმადიანობა და უარეყო ყველაფერი, რაც ქართული და ქრისტიანულ-მართლმადიდებლურს წარმოადგენდა.
მორჩილების სანაცვლოდ ფუფუნებასა და განცხრომაში ცხოვრების პირობა მიიღო… ათას ძვირფას საჩუქრებს, ოქროს და ვერცხლს, ძვირფას ქვებს, დედოფლის შესაფერის ცხოვრებას პირდებოდა შაჰ-აბასი სასახლეში, სადაც მას ერთ-ერთ ცოლად ქეთევანის შვილი ელენე — უკვე ოცი წლის წინ ჰყავდა ჰარემში. ქეთევან შაჰ-აბასის პირობებზე უარის შემთხვევაში, მუქარა შეიცავდა მისი ორივე შვილიშვილის დასაჭურისებას.
უარის პირველივე თქმისთანავე ხელიდან გამოგლიჯეს შვილიშვლები… მოკლე ხანში შაჰ-აბასის ბრძანებით ნაწამები ალექსანდრე გარდაიცვალა, ლევანი — ჭკუიდან შეიშალა… ვინ იცის, ქეთევან დედოფლისთვის უფრო დიდი სასჯელი რა იყო, მისი შვილიშვილების უღმერთოდ გაწირვა, თუ ფიზიკური და სულიერი ის ტკივილები, რისი გადატანაც მოწამეობრივ სიკვდილამდე მოუხდა…
— ქეთევან დედოფალი ამ საზარელი ამბის შეტყობიდან „რკინად იქცაო“, ამტკიცებენ მეისტორიენი, რომლებიც ბლომად არიან ისევე, როგორც ქეთევან წამების მოწმეები.
ლამის ნახევარი მსოფლიოს მპყრობელ შაჰ-აბას არცერთი სურვილი არ შეუსრულა მომცრო ქვეყნის საქართველოს ნაწილის კახეთის დედოფალმა ქეთევანმა არც მანამდე, არც შემდეგ თავს დატეხილ არცერთ უბედურებას არ შეეპუა, მწამებლის წინაშე არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხია, არც გამაჰმადიანდა, არც მისი ჰარემის წევრი გახდა, რითაც გააოცა და კიდევ უფრო განარისხა სისხლს მოწყურებული და სხვისი ტანჯვის ცქერით გაუმაძღარი შაჰი,
ქეთევან დედოფალი — საქართველოსგან მოწყვეტილი, სამშობლოს შორიახლოს შინაპატიმრობაში მყოფი, მუდმივად ქვაზე დაწოლილი ლოცვასა და მარხვაში დაილია. ფიზიკურად გატეხილი, მომდევნო არაადამიანური წამების მუქარამ და შემდგომ მისმა ასრულებამაც მისი სულიერი მხნეობა ვერ გატეხა — ბოლომდე ჯვარცმულ უფალს ავედრებდა საკუთარ ასევე ჯვარცმულ სამშობლო — საქართველოს.
მიმბაძველების ბლომად გაუჩნდა.
ეს უკვე მეტისმეტი იყო შაჰისთვის.
თვითმხილველები აღწერენ ქეთევან დედოფლის, როგორც ქრისტესთვის თავდადებულის, დაახლოებით ქრისტეს წამების მსგავსი ინსცენირებით წარმართული სიკვდილის დასჯის ერთიმეორეზე ამაზრზენ სურათებს, რომელიც დაახლოებით ასეთია:
ქეთევან დედოფალმა წამებამდე ჯალათების მიერ ტანზე განძარცვულმა ასე მიმართაო მათ, ამტკიცებენ მეისტორიენი:
„რამეთუ, შობილნი ხართ თქუჱნცა დედათანი, მომაცილეთ განშიშვლებაჲ სააუგო“. თქვენც ხომ დედების ნაშობი ხართ, სიშიშვლის სირცხვილი ამარიდეთ, მადლი ქენით შიშველი სხეული დამიფარეთო“. — უკანასკნელი ეს სურვილიც არ აუსრულეს დედოფალს, რომლის დასჯა სხვებისთვის სამაგალითო უნდა გამხდარიყო და: „გადაუგრიხეს ღარიბთა და უქონელთათვის გაწვდილი და ღვთის სადიდებლად აღპყრობილი მაჯები. ჯალათებმა მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგამდე, ფრჩილები დააძვრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე მიაჭედეს და ასევე ლურსმნებიანი ფიცარი დააჭედეს ზედ, გავარვარებული ბარი ჩასცეს და შუბლი გაუპეს, თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყო, ბოლოს მშვილდის საბელში გააყოფინეს თავი, რათა ჩამოხრჩობილის ინსპირირება მოეხდინათ… „შვილდის საბელით დახრჩობა“… საბოლოო „ხსნად მოუვლინეს“,
და…
ყველაფერ ამას ხალხს აყურებინეს, რათა კარგად დაენახათ, ურჩებს თუ როგორ უსწორდებოდნენ შაჰის კარზე.
ყველას, მათ შორის ადგილობრივებსაც დედოფალი ასეთი სატანჯველისთვის ენანებოდათ, თანაგრძნობით თავს იქნევდნენ, მაგრამ არავის არაფრის გაკეთება არ შეეძლო.
საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ 12 სექტემბერი (ახალი სტილით 26 სექტემბერი) დადგინდა დღე, როცა იგი ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს.
ქეთევანის წამებას ამაოდ არ ჩაუვლია:
შედეგად საქართველოს მოსახლეობის გამოფხიზლება და თავისუფლებისთვის თავდადების სულისკვეთების გაუგონარი გამოვლენა მოჰყვა… და ჯერ იყო 1625 წელს ჯერ მარტყოფის ბრძოლა, სადაც ირანის ლაშქარი შაჰ-აბასის საყვარელ მხედართმთავართან, ყარჩიხა-ხანთან ერთად სრულიად განადგურდა; შემდეგ, იმავე წლის შემოდგომის პირზე მარაბდის ბრძოლა, სადაც სეფიანთა ირანის ჯარი იმდენად დაზარალდა, რომ ფაქტობრივად ბრძოლისუნარიონობა დაკარგა.
ქეთევანის მოწამეობამ ჩაშალა შაჰ-აბასის გეგმა „გურჯისტანის“ მთელი მოსახლეობის სრულად გამაჰმადიანების შესახებ.
ქეთევან დედოფლის ცხოვრებისა და წამების ისტორიის გაგების მცდელობამ ბევრი ისეთი რამ გამაცნო, რაზეც ადრე წარმოდგენა არ მქონდა, მათ შორის შაჰ-აბას პირველის ისტორია; („მოტყუებული ვარსკვლავების“ შესახებ, სამწუხაროდ, წარმოდგენაც არ მქონდა); ხელახლა წაკითხული თეიმურაზ მეფის „წამება წმინდა ქეთევანისა“ — სრულ სხვაგვარად აღვიქვი. თურმე აქამდე გარკვეული არ ვყოფილვარ, რა იყო და სად არის ამჟამად ყოფილი სპარსეთი, ოსმალეთი, არაბეთი… რას წარმოადგენდა ჰარამხანა, როგორ შეიქმნა დასაჭურისების ინსტიტუტი; სად და როგორ ხდებოდა ადამიანებით ვაჭრობა; ვინ იყვნენ „მსოფლიო სევდით“ შეპყრობილები, მათ შორის შაჰ-აბასი და კიდევ ძალიან ბევრი სხვა.
რეალობასთან შედარებით, ეს ყველაფერი, რასაკვირველია უმცირესი მწარე ისტორიაა, რომლის შესახებ ძალიან ცოტა ვიცი, არადა, მოვალე ვარ მეტი ვიცოდე. თუნდაც იმდენი, რამდენიც იმისთვის მეყოფა, რომ
წმინდა ქეთევან დეოფალს — ჩემს მფარველ ანგელოზს კიდევ ბევრჯერ სათხოვარი შევკადრო და უფალთან შუამდგომლობა ვთხოვო.
ქალის გამძლიეობის გამო მძვინვარებდა შაჰ-აბასი, ხარობდა უფალიო, წერენ მეისტორიენი.
დასჯისას 1624 წლის სექტემბერში სავარაუდოდ 59 წლის უნდა ყოფილიყო ქეთევან დედოფალი. შაჰ-აბას პირველი 53 წლის იყო.
წმინდაო ქეთევან,
კიდევ ერთხელ მინდა შეგთხოვო და სათხოვარის შესრულებისთვის, ყველას ნაცვლად მადლობაც გულით შემოგკადრო:
საკუთარ ბინებს შეფარებულები ვხვდებით, როგორი დაცულები და ბედნიერები ვყოფილვართ. დამშვიდებულები დაგვაბრუნე ყოველდღიურ ცხოვრებაში და დაგვაფასებინე სიკეთე, რომლის ღირსიც უფალმა გაგვხადა.
წმინდაო ქეთევან დედოფალო
გამძლეობისთვის, , რწმენის სიძლიერისთვის,
სამშობლო საქართველოს ერთგულებისთვის
მფარველობისთვის:
მადლობა!
მადლობა!
მადლობა!
ამინ!
წმინდა ქეთევან დედოფლის მადლი გფარავდეთ!

ქეთევან ჩემია
25 სექტემბერი
მესტია, კალა

Loading…

მსგავსი პოსტები

საბჭოური მართლმადიდებლური ეკლესია

კრემლის თამაშები თვითგამორკვევით

Joni Kvaracxelia

კომენდანტის საათის გამოცდილება

დატოვე კომენტარი