საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ეროვნული დროშის დღე მიულოცა:
„დროშა ინახავს ჩვენს დიდ ისტორიას და საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას მიმართავს ერთი მიზნისაკენ – დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება. იგი ყველა ჩვენგანის ერთიანობის სიმბოლოა – ჩვენ ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი.
ამ მომავლისთვის მრავალმა ქართველმა ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო. დღეს, პატივს მივაგებთ რა ჩვენს დროშას, კიდევ ერთხელ ვიხრით ქედს მათი მარადიული ხსოვნის წინაშე.
განსაკუთრებით ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს იცავენ მშვიდობასა და ერთიანობას; მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკუთარი ყოველდღიური შრომით ემსახურება საქართველოს გაძლიერებას.
მშვიდობას, ერთიანობასა და კვლავაც წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!“ – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.