სოხუმის საავადმყოფოების ექიმები დემოგრაფიული საფრთხის შესახებ ალაპარაკდნენ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს შობადობამ მკვეთრი ნიშნულით იკლო და ეს ტენდენცია სამწუხაროდ მზარდია. 2017 წელს წინა წლებთან შედარებით 25%-ით ნაკლები შობადობა დაფიქსირდა. მოსახლეობა კატასტროფის მიზეზად მოხშირებულ ავტოავარიებს ასახელებს, მათი თქმით მოუწესრიგებელი გზები ხშირად იწვევს ავტოავარიებით სიცოცხლის მოსპობას. ამ ყველაფერს ემატება მომრავლებული ნარკომომხმარებლები, შიდსით დაავადებულთა რეკორდული რაოდენობა და აბორტების გახშირებული შემთხვევები. შობადობის კლებაზე საუბრის პარალელურად, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე მოსახლეობის რაოდენობა იზრდება.
თუ 1989 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ცხოვრობდა 93,267 აფხაზი (მოსახლეობის 18%), ეთნოწმენდის შემდეგ, დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების 2003 წლის სტატისტიკური მონაცემებით, “რესპუბლიკაში” ეთნიკური აფხაზია 94,606 (მოსახლეობის 44%), ხოლო 2011 წლის ე. წ. აღწერით აფხაზი არის 122,069 (51%). 2016 წელს აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობა არის 243,564, ეთნიკურად აფხაზი – 124,455 (51%). აფხაზების რაოდენობა მომატებულია 31,188 ადამიანით (33%). აფხაზებისაგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონში პრობლემაა როგორც შობადობის შემცირება, ასევე ის, რომ ე. წ. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 26%-ით შემცირებულია ეთნიკური ოსების რაოდენობა იმ პერიოდთან შედარებით, სანამ “დამოუკიდებლობას” გამოაცხადებდნენ. 1989 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა 65,232 ოსი. ქართველების გამოძევების შემდეგ ოსების რაოდენობაც იკლებს და კლების ტენდენციაა 2015 წლამდე. მხოლოდ 2015 წელს ჩნდება “რესპუბლიკის” სტატისტიკაში ცოტა უფრო მეტი ოსი – დე ფაქტო სტატისტიკით თუ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხინვალის რეგიონში 46,000 ოსი ცხოვრობდა, 2015 წელს ცხოვრობს 48,146 ოსი. თუმცა, ოსების ეს რაოდენობა მაინც ბევრად ნაკლებია, ვიდრე 1990-1992 წლების კონფლიქტამდე იყო.