აი უკვე 73 წელია საქართველო, როგორც საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკა და შემდგომ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო მთელ მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვებას.
ფაშისტურ გერმანიასთან ბრძოლაში საქართველომ გაიღო ძალიან დიდი მსხვერპლი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლის გაღება ჩვენს მამებს, ბაბუებს და დიდ პაპებს მოუწიათ. 700 ათასზე მეტი წასული მებრძოლიდან შინ ნახევარზე ნაკლები დაბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრონტიდან არ დაბრუნებულა 50 %–ზე მეტი. ეგ ქართული გენოფონდის სერიოზული შერყევა იყო.
ჩვენ, ჩვენი წინაპრების შთამომავლები ვალდებული ვართ ქედი მოვიხაროთ მათ წინაშე და ვიხრით კიდეც ქედს! ჩვენ ვადიდებთ მათ, ვინც ვერ დაბრუნდა შინ და არანაკლებ დიდებას ვეუბნებით მათ, ვინც შეძლო, დაბრუნებულებს თავისი ახლობლები გულში ჩაეხუტებინათ!
დიახ! დიადი ხალხი ხართ მე–2 მსოფლიო ომში მონაწილე ქართველებო! ქართული მებრძოლი სული, რომელიც ბუდობდა ჩვენს წინაპრებში, თქვენ უხვად გერგოთ მემკვიდრეობით და არ შედრკით მომხვდურის წინაშე!
მას მერე, 1945 წლიდან მოყოლებული ჯერ საბჭოთა კავშირი, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვებას! თარიღად მიჩნეულია 9 მაისი!
რატომ 9 მაისი?
9 მაისი იყო საბჭოთა კავშირის მეთაურის იოსებ სატალინის ახირება, ვინაიდან კაპიტულაციის აქტს (საომარი მოქმედების შეწყვეტა და თავის აღიარება დამარცხებულად) ხელი მოეწერა 1945 წლის 7 მაისს და ძალაში შევიდა 1945 წლის 8 მაისს! ამ აქტს ხელს აწერდა ოთხი მხარე: გერმანია, როგორც კაპიტულანტი ქვეყანა; აშშ; ინგლისი და საბჭოთა კავშირის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენელი გენერალ–მაიორი ივანე სუსლოპაროვი. აქტს ასევე მოაწერა საფრანგეთის ეროვნული დაცვის შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ფრანსუა სევეზმა, როგორც მოწმემ.
ის ფაქტი, რომ კაპიტულაციის აქტს იბარებდა საბჭოთა კავშირის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენელი, იურიდიულ ძალას აძლევს იმ გარემოებას, რომ მსოფლიომ ფაშიზმზე გამარჯვება აღნიშნოს არა 9 მაისს, როგორც ეს საბჭოთა კავშირს სურდა, არამედ 8 მაისს, როგორც ეს მთელ მსოფლიოში ხდება.
ახლა კი მინდა ავხსნა, თუ რატომ გადავწყვიტე დამეყენებინა ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ 9 მაისი. ეჭვიც არ მებადება, რომ დაიბადება კითხვა: რა არსებითი მნიშვნელობა აქვს ამას ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმისათვის და რა მიზანს ემსახურება ეგ პუბლიკაცია საერთოდ?
საქმე იმაშია, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფაშიზმზე გამარჯვების სწორ და ლეგიტიმურ თარიღად მიმაჩნია 8(!) მაისი და არა 9 მაისი, რომელსაც კრემლში მჯდარი ურჩხულთა ურდო ყოველ წელს ცდილობს თავს მოგვახვიოს! ცდილობს და გამოსდის კიდეც! ამით მის მენტალურ ორბიტაზე გვამყოფებს ქართველებს: ამ ომში მებრძოლებს (ეფერება მათ, ქათინაურებსაც არ იშურებს მათთვის) და მათ შთამომავლებს.
მის მენტალურ ორბიტაზე ჩვენი ყოფნა მათთვის ძაან მნიშვნელოვანია და ამიტომაც არც მოფერებას იშურებს ვეტერანებისადმი და არც ქათინაურებს, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს არ დარიდებია ამ ომში ყველაზე დიდი მსხვერპლის, ყველაზე ძვირი ფასის გამღები ხალხის დახვრეტა 1956 წელს, ნიჩბებით დაჩეხვა 1989 წელს, სამაჩაბლოს და აფხაზეთის წაგლეჯვა და მასში მცხოვრები ხალხის ეთნიკური ნიშნით ამოხოცვა და საკუთარი კერებიდან გაგდება!
მერე რა, ეგ რომ ჩაიდინა? ის ხომ ჩვენი „ერთმორწმუნე უფროსი ძმაა“! ამბობენ მავანნი და ამას შთააგონებენ სხვებს: დებს, ძმებს, შვილებს, ახლობლებს, მეგობრებს, მრევლს და სხვა.
ეს ბედკრული 9 მაისი რუსეთის მენტალურ ორბიტაზე სერიოზულ მიმკრავ ფაქტორად მუშაობს!
უნდა გავთავისუფლდეთ ამისაგან! მითუმეტეს, რომ კაცობრიობას ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად გააჩნია ნამდვილი, იურიდიულ ძალად მყოფი, ლეგიტიმური თარიღი 1945 წლის 8 მაისი!!!!!!
ამასთან თუკი ჩვენ რეალურად და არა მხოლოდ დეკლარაციის დონეზე ვიზიარებთ ევროპულ, მსოფლიო ფასეულობებს, მაშინ ამასაც აქვს დიდი მნიშვნელობა: 8 მაისის აღნიშვნა ამ ფასეულობების გაზიარებაა და 9 მაისი კი რუსეთის მენტალურ ორბიტაზე დარჩენა. ეგ ორი ფასეულობა ერთმანეთთან არათავსებადია!
ჩვენ გვაქვს შემდეგი არჩევანი: ან ვიზიარებთ დასავლურ ფასეულობებს, ან ვრჩებით რუსულ ორბიტაზე და ჩვენი მამების თავისუფლებისათვის ბრძოლაზე უარს ვამბობთ! პირადად მე ჩემს მეგობრებთან, ახლობლებთან, ამხანაგებთან და ნაცნობებთან მზად ვარ გავაგრძელო ბრძოლა თავისუფლებისათვის და ამიტომაც ჩემთვის 8 მაისი უფრო მიღებულია!
მოვუწოდებ საქართველოს, მასში მცხოვრებ მოქალაქეებს, საქართველოს ხელისუფლებას, რომ ფაშიზმზე გამარჯვების თარიღად შემოვიღოთ 8 მაისი!
P.S. ყველაფერ ამასთან მინდა დავამატო ის, რომ თუმცა მსოფლიო კი ზეიმობს ფაშიზმზე გამარჯვებას, ის ბოლომდე არ არის დამარცხებული!
ფაშისტური ფასეულობების მატარებელი გახდა რუსეთი, რომელიც ფაშისტური მეთოდებით მოქმედებს მის ირგვლივ მყოფ ყოფილ „უმცროს ძმებთან“: კლავს, ასახლებს ეთნიკური ნიშნით ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეებს და ითვისებს მშვიდობიანი ერების ტერიტორიებს, რისი ნათელი მაგალითია საქართველო, ჩეჩნეთი, უკრაინა, მოლდოვა.
გავიხსენოთ, მარტო საქართველოს ტერიტორიაზეა 300 ათასზე მეტი დევნილი!
ასე, რომ რუსეთს არც 9 მაისს აქვს მორალური უფლება იზეიმოს ფაშიზმზე გამარჯვება, ვინაიდან თვითონ წარმოადგენს ფაშიზმს!
ალექსანდრე ბიგვავა,