ანალიტიკაპუბლიკაციები

„გულის ბაყაყი“ თუ „გულის ვარდი“?

მივლინების ბოლო დღე იერუსალიმში

კარანტინი და ჩემი მივლინება მკვდარი ზღვიდან იერუსალიმში ერთდროულად დამთავრდა.

პარასკევია და ქალაქთაშორისო ტრანსპორტი დღეს და ხვალ არ იმუშავებს. ანუ ეს ორი დღე მკვდარ ზღვაზე ვერ წავალ და საკუთარ თავს უნდა ვაჩუქო.

ასეც ვიქცევი.

რატომაც არა?

პარასკევი — მოკლე სამუშაო დღეა და დილიდან მაცხოვრის აღდგომის ტაძრისკენ მიმავალ ქუჩას ფეხით მივუყვები…

უკვე აღარ დავხეტიალობ, გზები ვიცი…

ფიქრებისთვის დრო მრჩება… დრო, რომელიც სამუშაოს ბლომად მიაქვს…

არა, არასდროს მომენატება არც ეს დღეები და არც აქაურობა.

ხომ მოდიან ექსკურსიაზე, მოივლიან და მიდიან.

საკმარისია.

ეს იყო აუცილებლობით გამოწვეული მივლინება. საქართველოდან ჩასული კი არა, ადგილობრივებისთვის არ არის სამუშაო. ორგანიზაცია მოვალეა იძულებით უმუშევრად დარჩენილებს საშუალო ხელფასის სამოცდათხუთმეტი პროცენტი უხადოს, ან დაასაქმოს, ჰოდა ჩემმა დამსაქმებლებმა  ხელფასის მოცემას დასაქმება არჩიეს… უკან დაბრუნების დრო დადგა…

ბავშვობის დროინდელი ხუმრობა მახსენდება: ებრაელი წყალს მიჰქონდა და დამეხმარეთოს ნაცვლად, გზა აქეთ მაქვსო, იძახდა.

იერუსალიმის ცენტრში ვარ. ძველ ქალაქში „სიტუაციის დასაზვერად“ ხალხმრავალ ადგილებში მივდივარ. მთავარ ბაზრობაზე შესვლამდე სხეულის ტემპერატურა უნდა გამიზომონ.

კორეულ-ვიეტნამურ ჭილოფის ქუდს ვიხდი და შუბლს ვაჩენ… ერთი პოლიციელი სიცხეს მიზომავს, მეორე ეძახის, არ გაუშვა ეს დაავადებულიაო… ჩემი გოგონების გასამხიარულებლად შეძენილ ჭილოფის პირამიდა ქუდს ხელში ვატრიალებ და  არა ვარ  კორეელი თვალებზე შემომხედეთ, ნუ გეშინათ-მეთქი — ივრითულად ვეუბნები. გულიანად ვიცინით.

დახლები პროდუქტებს ვერ იტევს. მაგრამ იაფი აქ არაფერი არ არის. ჩემი შვილიშვილებისთვის სულ სხვაგან ამასწინათ თხუთმეტ შეკელად ნაყიდ ზურგჩანთას აქ ორმოცდაათი აწერია… ეს არაფერი. მითხრეს, დოლარის კურსმა დაიწიაო და შესამოწმებლად ქართველი ებრაელების „ჩენჯთან“ მივდივარ… რა საინტერესო რამ არის დაკვირვება: დოლარი სამი და ორმოცდათხუთმეტი შეკელი, — წარბშეუხრელად მეუბნება… მითხრეს კურსმა დაიკლოო… ახსოვს, რომ ოთხიოდე დღის უკან სამი და ოცდათოთხმეტი გადამახდევინა. არა, პირიქით, მოიმატა, მეუბნება, რატომღაც ყველას საქმეში ჩაუხედავები და იოლად მოსატყუებლები ვგონივართ. გამოცდილები არიან. ალბათ ასეა, რაკი სჯერათ… გავიფიქრე და უკნიდან ივრითულად ნათქვამი მესმის: მასკა გაიკეთე რომ გაგიბია ლაზღანდარობა… მორჩილად ვიკეთებ მასკას და წასასვლელად მზადმყოფს მესმის მისი შეკითხვა: როგორია დოლარის კურსი? და ჩემი ქართველი ებრაელის პასუხი: ისე სამი და ორმოცდაცამეტია, მაგრამ დაკლება შეიძლება…. ჩემთვის, ხომ გახსოვთ, სამი და ორმოცდათხუთმეტი იყო.

ხომ წვრილმანია, მაგრამ ძალიან სახასიათო. იცის, ვისი მოტყუება არც უნდა სცადოს, იცის, ვაჭრობასაც არ დაუწყებს, ადგება და სხვასთან წავა. აქ კლიენტის დაკარგვა — სიკვდილის ტოლფასია. მის შოვნაზე მნიშვნელოვანი — შენარჩუნებაა. გარისკვად არ უღირთ.

აქ ასეთი ცხოვრება შენც აუცილებლად რაღაცას გასწავლის.

ყოველშემთხვევაში ვაჭრობის ელემენტებს მაინც, თუ სურვილი გაქვს, თუ არა და რაც არ გინდა, ღმერთმა ნუ მოგცეს… ხომ გახსოვთ… ვცდილობ რამე გაკვეთილი მივიღო… როგორ გამომივა — იქ საქართველოში შევამოწმებ.

სანამ ტაძრამდე მივალ ხარბად ვათვალიერებ ყველაფერს და ვამოწმებ საკუთარ თავში, რის გამო შეიძლება მომენატროს აქაურობა?

მიუხედავად ყველაფრისა — არაფრის გამო… და გზას განვაგრძობ.

აქ სურნელოვან ზეთებს ვხედავ. სხვაგან „უკვდავების წყაროს“ ფასად რომ არის, თურმე სულაც არ არის ძვირიანი. ან იქნებ, უფრო მდარე ხარისხისაა? რას გაიგებ? — მე ვერაფერს.

უკვე ნაყიდი მაქვს უკვდავების ფასად და… ჰოდა, აგერ გვერდზე კიდევ უფრო ნაკლები ღირს. აი, ამიტომ ჩამოვალ კიდევ. კარგია, ვიცი სადაც არის, მოვალ ავიღებ. სულ ერთია მაინც უნდა მომატყუონ და ბარემ, ნაკლებ ფასად…

გზას განვაგრძობ. ქალაქი გუგუნებს… გუგუნი ჩემი სასტუმროს ფანჯრებიდან უნდა გაგიგონო.  დღედაღამე ყურთასმენა არ არის. მაგრამ, აი, საოცრებავ, თუ ტელეფონზე არ ვლაპარაკობ სულაც ხელს არ მიშლის. ის თავისთვისაა, მე ჩემთვის… ჰმ… რა მშვიდი ნერვები მაქვს… მომწონს. პრინციპში რაც აქაურობამ კარგად მასწავლა, ძალიან შემაყვარა და დამაფასებინა ჩემი თავი. ხომ გახსოვთ „თავს არავის დავაჩაგრინებ“… ეს „თავს“ განყენებული რამეა. დიახ. დანახვა უნდა იმ „თავს“. ჩემი დიდად გამორჩეული არ არის, მაგრამ ჩემია და პირველ რიგში უნდა ვნახო, ფაქტია. ცოტა გვიანია, მაგრამ ეს არაფერი…

ფილოსოფოსობის გუნებაზე დადგები აბა რა: „მიშ მიქახე სო მითოხე“ — ასე ვიტყვით მეგრულად

როცა გვინდა ვთქვათ: „სადაურსა სად წაიყვანო“.

მზიანი დღეა. ზურგი ამეწვა. მაინც სიამოვნებით მივიწევ წინ. ტაძრისკენ იმდენი გზა მიდის, ყველა რომ ვისწავლო, ჩემი ორიენტაციის პატრონს კიდევ ორი თვე არ მეყოფა… ამას კარგად ვათვალიერებ და ვფიქრობ, არ უნდა დამავიწყდეს…

ტაძრის წინ სიცარიელეა. სრულიად უკაცრიელია ადგილი, რომლის სანახავად მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ყველა რელიგიის წარმომადგენელი მოისწრაფვის და ტევა არასდროს იყო… პირველად რომ მოვედი, უცხო სამყაროში ვიგრძენი თავი… ჭრელ-ჭრელი ჩასაცმელის დანახვისა და ასევე ჭრელი საუბრის მოსმენისგან, მახსოვს თავბრუ დამეხვა… ახლა ვხედავ, ტაძარის შესასვლელს ერთადერთი ახალგაზრდა კაცი პირჯვრის წერით უახლოვდება. რომ დაბრუნდა, ქართველი ხარმეთქი, — ვკითხე. ოდნავ შეყოყმანდა. ქართველი ვარ, — სუფთა ქართულად მითხრა, არა, ისე ოსი ვარ. ასე მე მეგრელი ვარ… ვხუმრობ და ვიცინით: დედა სიხარულიძე მყავს, 20 წელია აქ ვცხვორობთ. – მიყვება და ვტოვებთ იქაურობას.

სანთლების საყიდლად ვუახლოვდები ერთ ჯიხურს, სულ რამდენიმეა ღია. თხუთმეტ შეკელს მიფასებს და მინდა შევევაჭრო… ქალბატონო მიბრძანდით აქიდან… უცერემონიოდ ტელეფონში საუბრის შეუწყვეტლად ღიმილით ივრითულად მეუბნება… მეც ღიმილით ვტოვებ შეუვალ გამყიდველს. გიორგის ვემშვიდობები და იქვე  უკვე სხვამაღაზიისკენ მივდივარ… აი ბატონო.

აფასებს ოც შეკელს და ვყიდულობ ათად.

ასე შეკაცო!

საქართველოში რომ დავბრუნდები, ამით მაინც გავახარებ ჩემიანებს.

უკან დაბრუნება ფეხით აღარ მინდა.

აი, მოდის უმშვენიერესი ტრანსპორტი — ტრამვაი!

სრული კომფორტით ექვს შეკელად ჩემი სასტუმროსკენ მივდივარ.

საფიქრალად დრო იცოცხლეთ, ბევრი მაქვს:

აქ ყოფნამ ბევრი რამ ცოცხლად დამანახა. განსაკუთრებით საკუთარი თავი და ჩვენი თანამემამულეები, რომელთა ნახვის და გაცნობის სურვილი, მიუხედავად ყველაფრისა, ვერა და ვერ ჩავიცხრე. აქაც განვაგრძობ, რადგან საგანგებოდ ვწერ მათზე — ღირს.

აქ გაცნობილები უკვე ნაცნობების „სულიერი ნათესავები“ არიან და იმდენად სახასიათო, დუმილი შეუძლებელია.

აი, ასე:

„შენს შვილს ამდენი წელი უმუშავია პოლიციაში და ვიცეპოლკოვნიკობის მეტს რატომ ვერ ეღირსა?“. მეუბნება ერთი, რომელსაც შვილი ასევე ორგანოებში ყავს, მაგრამ წოდებების შესახებ მგონი წარმოდგენა არ აქვს. ისე, ჩემი შვილი 38 წლისაა და გენერლობამდე სულ ერთი ნაბიჯი — პოლკოვნიკობა აკლია. ეს ისე, ხუმრობით… მაგრამ სერიოზულად — უფალმა მოასწროს. — ამას კიდეც რომ ვუთხრა, რომ წლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს გაზეთში მიმუშავია და ვიცი, რომ წოდებას კამფეტივით არ არიგებენ, ხანგრძლივი შრომით დამსახურება სჭირდება. აბა, როგორ ვუთხრა ეს, ვერ ვეტყვი, იმიტომაც, რომ ისევე არ დაიჯერებს, როგორც სხვა ჩემი არცერთი სიტყვა არ სჯერა.

რა საინტერესოა, რატომ? რა მეტყობა ასეთი? ამას მოგვიანებით აუცილებლად გავარკვევ. მაგრამ იქამდე დრო მჭირდება.

დრო ჩვენი დამაქცევარი და ამავე დროს — ამშენებელი.

სამწუხაროდ, ეს ჩვენი თანამემამულე ქალი ისეთ დაავადებულს უვლის, რომელსაც მუდმივდა ნაშატირის სპირტის სუნი უდის, რაც დადასტურებულია, მუდმივად მისი შესუნთქვა კიბოს უჯრედების უპირველეს გამომწვევად ითვლება. რომც ვუთხრა, არაფერი შეიცვლება. მზადაა შვილებისთვის თავი გაწიროს. ალბათ, სწორია. „მე რა გამგე ვარ ამისა“… მიტრიალებს თავში.

„კორონა არა ჩემი ფეხები. იტალიაში ჩემი ბევრი ნაცნობი მუშაობს მოხუცებთან. არცერთს არ მოკვდომია. იგონებენ რაღაცას“. ამას საკუთარ აზრში ეჭვი არ ეპარება.

საუბარში ასევე ვამბობ, რომ ივრითს ვსწავლობ. ყველა ერთად ვერ მალავს გაოცებას: „რად გინდა? რაში გჭირდება?“ — რა ვიცი, რა ვუპასუხო, ის ხომ არა, რომ ამ გზით სკლეროზს ვებრძვი, სხვა შემთხვევაში, ჩემს ასაკში უცხო ენის შესწავლა, აბა, რად მინდა, მაგრამ პასუხის მოფიქრებას ვერ ვასწრებ, მეორე მასწავლის: „ინგლისური მაინც ისწავლე“.

ენიც ბორძიკით ვპასუხობ: „ვსწავლობ… ნასწავლი მაქვს… ცოტას ვლაპარაკობ“…

აბა, რა… ასე დაგიჯერეთ! — ტუჩების აბზუებით უსიტყვოს მპასუხობენ. — ისე, რომ დამიჯერო, კი უნდა მკითხო ინგლისურად რამე…

უცნაური ვარ თავადაც, აბა:

რაში მჭირდება ვინმეს რამეს დაჯერება.

განსაკუთრებით იმაში, რომ ჩემს დამსაქმებლებს გულსწრფელად ვუყვარვართ და მთელი გულით პატივს მცემენ, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ და ზოგადად საუბრის ის თემაა, რომელიც არასდროს მომობეზედება და რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ და ვერც ვერასდროს გადავიხდი როგორც ამაგს…

და მაინც არ მინდა არ მომწონს არ უნდა იყოს ასეთი დამოკიდებულება. ვერ ვხვდები, ეს ჩემი ახირებაა თუ. რა ბედნიერი ვიქნებოდი ასე რომ იყოს:

იერუსალიმის ქუჩაზე ცივ წყაროს ვაწყდებით და ზედ ივრითულ ენაზე წარწერას ვკითხულობ. გაოცებულები მეკითხებიან: ეს კითხვა როდის ისწავლე? — ხომ გითხარით, ვსწავლობ-მეთქი. — ისე მიყურებენ, ვგრძნობ, ვხვდები, არ სჯერათ ისევე, როგორც არცერთი სხვა  ჩემი ნათქვამი. „არა, კორონა არის, როგორ არ არის, მაგრამ რატომ არის?“ — კითხულობს სხვა.

სხვათაშორის ვამბობ, რომ არ მინახავს და მაინტერესებს ებრაული ქორწილი, გასვენება, საფლავები… მოკლედ რიტუალები.

„იერუსალიმში სანახავების მეტი რა არის?“ — გაოცებულია ჩემი სურვილით.

ერთთან ისე შემთხვევით ვთქვი, რომ ვწერ.

მისი პასუხი: „უნდა ვნახო ერთი რეებს ბოდავ“. — არა, კარგად არ მიცნობს, მაგრამ ეტყობა ისეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ. საწყენია, მაგრამ ასეთს მხედავს და აზრს როგორ შევუცვლი? — ცხადია ვერანაირად.

ხანდახან მგონია, რომ სადიზმის სენი მჭირს და ჩემს ირგვლის ყველას „სულიერი მონაცემების“ გადამოწმება მინდა… რას ვიქექები?

სწორია ეს ხალხი.

„ფეისბუქზე“ დამეგობრებულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, ვუთხარი სად შეიძლება ნახოს რას „ვბოდავ“ — ჩემი გვერდისთვის თვალიც არ აქვს შევლებული, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ერთ დღეს მირეკავს. აბა, რაზე უნდა ვალაპარაკო და მე ვწუწუნებ, რომ ძალიან დაკავებული ვარ, ვერ ვიცლი და სოციალურ ქსელებში ერთ ქალს ვერ ვპოულობ, ზუგდიდელია, იქნებ დამეხმარო, მიპოვო. გთხოვ, მისწერე,  რომ დამიკავშირდესმეთქი. ვიცი, დრო თავზესაყრელი აქვს და მინდა შევამოწმო, რამდენად დამითმობს რამდენიმე წამს და სათხოვარს ზოგადად თუ ამისრულებს… თითქმის ვიცნობ, მაგრამ მთლად ასეთს არ მოველოდი:

„რა ვიცი, ვწერო და ფეისში ქალი ვერ გიპოვია? არაფერსაც არ მოგიძებნი, თავი დამანებე. რა ვიცი მე, რაში გჭირდება“… ენა მთლიანად ვერ გადავყლაპე, ვხვდები, რომ საქმე ჩემს „წერაშია“ და არა დახმარების სურვილში და მგონია მისთვის სასიამოვნო პასუხი გავეცი: მოგატყუე, გეხუმრე, არაფერს არ ვწერ. ნასიამოვნებია, რომ „გამომიჭირა“ და ისეთი კატეგორიული ტონით, ჯერ კიდევ უჭკუო პატარას რომ ეტყვიან მაფრთხილებს მე, ვინც მასთან დამეგობრებაზე ოცნებობს, ამაში დარწმუნებულია: „არ მიყვარს მე ტყუილები“… ანუ, თუ ჩემთან მეგობრობა გინდა, ეს იცოდე, შე მატყუარა. „ამის მეტს აღარ მოგატყუებ“… თითქმის ჩურჩულით ვაძლევ პირობას.

კიდევ ასი წელი რომ ვიცხოვროთ ჩემს ნაწერებს ისინი არ წაიკითხავენ, სახელი და გვარებიც რომ დავამატო, სამწუხაროდ, არც არავისას. ეს კიდევ ერთი თვისებაა, რომელსაც ვერანაირი ახსნა ვერ მოვუძებნე.

იქნებ, შემდეგ, როცა ყველაფერს ჩამოვაყალიბებ, დამეხმარონ სპეციალისტები და ზოგადი ფსიქოლოგიური ანალიზი მაინც მომცენ, რაც ძალიან, ძალიან მაინტერესებს.

ასეთი რამეც? ერთ ჩვენებურს, მოკლედ პროფესიას არ დავასახელებ. ისე პროფესიონალი კი არის, გადასარევად თამაშობს. ანუ უნიჭო მსახიობია, რაკი ჩანს, რომ თამაშობს. როლი გათავისებული მინახავს. მაგრამ ჩემიანია, მიყვარს ისეთი, როგორიც არის, მაგრამ მან არც ის იცის როგირია თავად და არც ის რომ გულწრფელად მიყვარს და მინდა ვასიამოვნო, როგორც შემიძლია. ინტერვიუს გასაკეთებლად შეკითხვები გადავუგზავნე… არ დაუტოვებია ვისაც იცნობდა და არ იცნობდა რომ არ ეკითხა, ვისთვის და რისთვის მინდა, სად დავბეჭდავ და ა.შ. არადა, ნათქვამი მქონდა სადაც უნდა გამომექვეყნებინა და იმედი მქონდა, პორტალს ნახავდა. თქვენც არ მომიკვდეთ! პორტალს თავი დაანებეთ, ჩემს მიერ გაიზარებულებიც არ უნახავს ჩემს გვერდზე. არ შერცხვა და საერთო ნაცნობები დაკითხა, ვის და რას წარმოვადგენ… რა ვქნა?

რავ ვთქვა? –

ვამბობ:

ვარ ჟურნალისტი, ანუ ვწერ… ვიბეჭდები. ნაწერები როგორია? რა ვიცი, წერით თავს ვირჩენ წლების განმავლობაში. არც დამკვეთები მემდურიან და არც მკითხველები. პროფესია პარტიულობას მიკრძალავს და არც არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი, არც იმის მეშინია, არაფერი დამაბრალონ. რაც თავი მახსოვს, თავს არავის დავაჩაგვრინებ! მითუმეტეს, დასამალი არაფერი მაქვს, არც მქონია ისე ვცხოვრობ საკმაოდ ხანგრძლივი დროა, ღვთის წყალობით.

არც ჩემს გულსწრფელობაში ვინმეს დაჯერებას არ ვცდილობ. გონიერი ადამიანები თავადაც კარგად ხვდებიან ვინ გულწრფელია და ვინ არა.

არჩევანი ყოველთვის ადამიანზეა.

და ეს უფლის საჩუქარია — ეს ბედნიერებაა.

როგორ მინდა ყველა ღვთის ამ საჩუქარს ფლობდეს.

ჩემი მეგობრები სწორედ ასეთები არიან.

თავად ჩემგანვე მეკუთვნის რამდენიმე „შესამკობელი სიტყვა“. რატომ არ შეიძლება ჩემი ნდობა, რა მაქვს ისეთი, რის გამოც ჩვენი თანამემამულეების უსაშველო ეჭვს იწვევს ჩემში? მიღირს ამაზე დაფიქრება ისევე, როგორც ზოგადად ყოველ ადამიანს საკუთარ ბუნებაზე.

დიახ, რა დასამალია, ვწერ ჩვენი  თანამემემულეების ხასიათის გამოვლენაზე აქ — უცხოეთში — ისრაელში. გონიერ ადამიანებს რამდენიმე დისერტაციის დასაწერად ეყოფა, გაოცებაზე რომ არაფერი ვთქვათ. მხოლოდ ის მაფიქრებს,  ვინც ბედისწერისგან აქ ამ წმინდა მიწაზე შეგვყარა უფალმა რატომ ვგავართ ყველა ერთმანეთს. ასეთები ვიყავით, თუ შემდეგ ცხოვრებამ გაგვხადა ასეთი.

სხვებზე დაკვირვებამ მასწავლა, თუნდაც ძალიან საწყენი იყოს, არასდროს ვუპასუხებ ასევე საწყენით და სხვებს მინდა ერთი შეკითხვით მივმართო:

საკუთარი თანამემამულის დანახვა უცხოეთში ხომ ძალიან სასიამოვნოა… ბოდიში, უნდა იყოს:

მაშინ,

შენიანისთვის სიყვარულის გამოსახატად „ჩემი გულის ბაყაყი ხარ“, თქმა უფრო სასიამოვნოა რატომ არის, ვიდრე: „ჩემი გულის ვარდი ხარ?“

აქაურობის სურათებს განსაკუთრებულად არ ვიღებ. ისეთი სურათები არსებობს, ჩემი გადაღებული მასთან რა მოსატანია.

ისე დაიჯერეთ, ეს ვინმე მაჯაჰედი კი არა მე ვარ — მაცხვორის აღდგომის ტაძრის უკაცრიელ შესასვლელში. მასკით კი არა უმასკოდ არ ვუქნივარ ღმერთს… მაინც მომწონს.

ქეთევან ჩემია, ისრაელი

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

არტემი ტროიცკი: როგორ ვესტუმრე საქართველოს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

,,ქურდები“ და ბანდიტები

ბარდაკი

1 კომენტარი

მზია კვირიკაშვილი 24.05.2020 at 00:29

სასიამოვნოდ წერთ, ქეთი, ძალიან მარტივად, ნებისმიერი დონის მკითხველისთვის ადვილად მისაწვდომად, მაგრამ ნასიამოვნები დავრჩი მეთქი ამ ისტორიით, ამას ვერ დავწერ, საოცარი სევდა შემომაწვა! თქვენისთანა სულის ადამიანი დამენანა იმ გარემოსთვის, რომელშიც აღმოჩენილხარ. როგორ ჰგვანან სხვა ქვეყნებში ჩასული ადამიანები ყველგან ერთიმეორეს, ეროვნების მიუხედავად, რა თქმა უნდა, გამონაკლისების გამორიცხვით. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ თვით ქვეყნები, მიუხედავად ერთნაირი წყობისა, განსხვავდებიან ერთი მეორისგან. მე ინგლისში ვარ თითქმის 20 წელია, არასდროს არ მიგრძვნია რომ მე ჩამოსული ადამიანი ვარ, არც ჩემს მიმართ და არც სხვა ეროვნებების მიმართ. მე სიყვარულით ვიცხოვრე ამ ქვეყანაში. ამას ყოველთვის სიამოვნებით აღვნიშნავ. მადლობა, ქეთი, რომ გაგვაცანით ისრაელის გარემო. მიკვირს, რომ ქვეყანაში სადაც თავი მოაქვთ იმით, რომ ქრისტე იქ მოღვაწეობდა და იქვე ეწამა, ქვეყანას, რომელიც უზარმაზარ შემოსავალს იღებს ქრისტეს სახელით, თვით ქრისტე არ სწამს.

Reply

დატოვე კომენტარი