ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში სამართალდამცავები იმყოფებიან. მოხუცი ცოლ — ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მერის წარმომადგენელი სოფელ ნაწრეტში, როინ ადიკაშვილი ამბობს, რომ ცოლ — ქმარი, სავარაუდოდ, გაზის ნაწვით გაიგუდა.
«დღეს დილით გავიგე მომხდარის შესახებ. როგორც ვიცი, საცხოვრებელ სახლში იმ მომენტში მათ გარდა არავინ იმყოფებოდა. ისე კი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობდა ეს ცოლ -ქმარი. დასკვნებისგან, რა თქმა უნდა, თავს შევიკავებ, თუმცა ადგილზე მისვლის შემდეგ რა ინფორმაციაც მექნება, უფრო დეტალეურად მოგახსენებთ» — აღნიშნა როინ ადიკაშვილმა.
რადიო «მოზაიკა» შავშვების ადმინისტრაციული ერთეულის კიდევ ერთ წარმომადგენელს ესაუბრა. მანანა თვაურის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი სკოლაში მუშაობდა, პედაგოგები იყვნენ და ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას ისინი გარდაცვლილები დახვდა.
«დეტალებს ალბათ ექსპერტიზა დაადგენს, როგორც ვიცი გაზით გაიგუდნენ, ქმარი როგორც მახსოვს 80-წლამდე იყო, ცოლიც დაახლოებით ამ ასაკის. პედაგოგები იყვნენ, სკოლაში მუშაობდნენ. სოფელ ნაწრეტში გარდაცვლილები საკუთარი საცხოვრებელ სახლში ნახეს», — ამბობს მანანა თვაური.